ასოცირების შეთანხმება

ბარამიძე: ასოცირების შეთანხმებაზე პრემიერის ხელმოწერით კონსტიტუცია ირღვევა

pirveliradio.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის გიორგი ბარამიძის განცხადებით, თუ ასოცირების შეთანხმებას ხელს "არაუფლებამოსილი პირი - პრემიერმინისტრი მოაწერს", შესაძლოა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, დოკუმენტზე ხელმოწერა არალეგიტიმურად გამოცხადდეს, ხოლო ხელშეკრულება - ბათილად.

"კონსტიტუციის დარღვევა ხდება, უკეთეს შემთხვევაში, უვიცობის ან შიდა ინტრიგებისა და დაპირისპირების გამო, მაგრამ უბედურება ისაა, რომ შესაძლოა (შეიძლება ივანიშვილი ამას ამიტომაც აკეთებს), რაღაც დროის შემდეგ, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა არალეგიტიმურად გამოაცხადონ, ხოლო ხელშეკრულება - ბათილად", - აცხადებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი.

გიორგი ბარამიძე იმედოვნებს, რომ "ისინი, ვინც მთავრობაში ამ საფრთხეს აცნობიერებენ, მიიღებენ ყველა ზომას (თუ მათ ამის თავი აქვთ), რათა საფრთხე თავიდან ააცილონ ქვეყანას".

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის თქმით, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი მოაწერს ხელს.

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპუისთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას ხელს 27 ივნისს მოაწერს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის განმარტებით, კანონმდებლობით, სპეციალური უფლებამოსილების მინიჭების გარეშე საერთაშორისო ხელშეკრულებების ხელმოწერა პრემიერმინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეუძლიათ. რაც შეეხება ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის საკითხს, ვახტანგ ხმალაძის თქმით, ხელისუფლება თვითონ წყვეტს, პრემიერი რას მოაწერს ხელს, რას - პრეზიდენტი, რას - საგარეო საქმეთა მინისტრი, ან სხვა მინისტრი, ვისაც ხელმოწერის უფლება ეძლევა. 

კომენტარები