ნადირაშვილი: მუზაევს გია ლორთქიფანიძის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებენ

news.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეს, ჩეჩნეთიდან ლტოლვილ საიხან მუზაევს ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ჩვენებების მიცემას აიძულებენ. ნადირაშვილმა მუზაევი დეპუტატებს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე წარუდგინა. მუზაევი საქართველოს პარლამენტისგან გარანტიებს ითხოვს, რომ რუსულ მხარეს არ გადასცემენ. საიხან მუზაევის თქმით, მან უკვე მიმართა სახალხო დამცველს, ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს და შს მინისტრს, მაგრამ მათ მისი განცხადებები არც განუხილავთ.

"უნდა მეთქვა, რომ [შს მინისტრის ყოფილი მოადგილე] გია ლორთქიფანიძე არის ლაფანყურის სპეცოპერაციის ორგანიზატორი და მან მოკლა ჩეჩნები. მე არაფერი ვიცი, უბრალო სტუდენტი ვარ და აქ როგორც ლტოლვილი ჩამოვედი. მე ვთხოვე, თავი დაენებებინათ ჩემთვის და არ ჩავერიე პოლიტიკურ საქმეებში. მათ ღიად მითხრეს, რომ თუ არ ვითანამშრომლებ, რუსეთის სპეცსასმსახურებს გადამცემდნენ. მათ შეასრულეს ყველაფერი, რაც მითხრეს, გამათავისუფლეს სამსახურიდან და არც ქვეყნიდან მიშვებენ. მე განცხადებებით მივმართე უჩა ნანუაშვილს, ეკა ბესელიას და ჭიაკიძეს, მათ არათუ პასუხი არ გამცეს, საერთოდ არ განიხილეს ჩემი განცხადებები", - ამბობს მუზაევი.

დეპუტატ ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ მუზაევს აქვს დიდი ბრიტანეთის სასწავლო ვიზა, ის ვერ ახერხებს ლონდონში გამგზავრებას. ირმა ნადირაშვილის თქმით, როცა მიზეზი ვალერი ზუმბაძესთან მოიკითხა, მუზაევს უთხრეს, რომ დანაპირებს უსრულებდნენ. ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით, მუზაევი ხვალ დილით მეთერთმეტეჯერ მივა თბილისის აეროპორტში და შეეცდება ქვეყანა დატოვოს.

"2013 წლის ოქტომბერში საიხან მუზაევი იმყოფებოდა ახმეტაში, ქუჩაში მოულოდნელად გაჩერდა მანქანა და უცნობმა პირებმა თბილისში, რუსთაველის 28-ში, უშიშროების კონსპირაციულ ოფისში მიიყვანეს. ერთ-ერთმა პირმა მას უხსენა შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გია ლორთქიფანიძე. უთხრა, რომ ლორთქიფანიძე მუშაობს FSB-ში, ჩამოიყვანა ჩეჩნები და მათი ლიკვიდაცია განახორციელა. ბატონ მუზაევს შესთავაზეს, მიეცა ჩვენება, რომ გენერალი ლორთქიფანიძე იყო ლაფანყურის ოპერაციის ორგანიზატორი. ეს ის ლორთქიფანიძე გახლავთ, რომელსაც თავად სახელმწიფო ტერორისტივით მოექცა, სახლთან ბომბი დაუდო და ეს საქმე ჯერ კიდევ არ გახლავთ გამოძიებული. ჩვენების სანაცვლოდ, მუზაევს მაღალანზღაურებადი სამსახური, ფული და საქართველოში უზრუნველი ცხოვრება შესთავაზეს. მას შემდეგ, რაც უარი მიიღეს, დაიწყეს მუქარა, რომ შეექმნებოდა ძალიან ბევრი პრობლემა, დააპატიმრებდნენ და გადასცემდნენ FSB-ს. ბატონო მუზაევი დაბეჯითებით აცხადებს, რომ ამ სამი პიროვნებიდან ერთ-ერთი იყო ვალერი ზუმბაძე, კონტრდაზვერვის საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა და აღნიშნა, რომ მუზაევი რამდენჯერმე მოდულის შენობაშიც დაიბარეს. მისი თქმით, ვალერი ზუმბაძემ მუზაევს 100-ლარიანი კუპიურების შეკვრა შესთავაზა, რომელიც მუზაევს არ აუღია.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტომ ამ საკითხის გამოძიება უკვე დაიწყო.

ჩეჩნეთიდან ლტოლვილმა საიხან მუზაევმა ძალოვნები ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმესთან დაკავშირებით ზეწოლაში რამდენიმე თვის წინაც დაადანაშაულა. ის აცხადებდა, რომ სამართალდამცველები ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმეზე ყალბი ჩვენების მიცემას და კონკრეტული გვარების დასახელებას აიძულებდნენ. 18 იანვარს მუზაევი ლონდონში გამგზავრებას გეგმავდა, თუმცა საზღვარზე არ გაატარეს და არც მიზეზები განუმარტეს.

კომენტარები