სახელმწიფო უსაფრთხოება

ბოკერია: ვხედავთ პროცესს, რომელიც მიგვიყვანს ძალიან სახიფათო შედეგებამდე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივნის გიგა ბოკერიას განცხადებით, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ძალიან სახიფათოა, როდესაც დევნიან ადამიანებს, რომლებიც იცავდნენ ქართულ სახელმწიფოს, პარალელურად კი, პირდაპირ ან ირიბად ახალისებენ და გმირებად ათავისუფლებენ ქართული სახელმწიფოს დეკლარირებულ მტრებს ან მათ მხარდამჭერებს. ბოკერიამ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილის ლევან ტაბიძის დაკავებაზე გაამახვილა ყურადღება. ასევე, ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მუხროვანის ამბოხში ბრალდებული კობა კობალაძე ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატია. მისი შეფასებით, პროცესი ლოგიკურად მიდის ემზარ კვიციანის გათავისუფლებისკენ.

"ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის პირველი მთავარი ნაბიჯი იყო, როცა ყოველგვარი შესწავლის გარეშე, გმირებად და დევნილებად გამოაცხადეს ჯაშუშობაში მსჯავრდებულები. ასევე ის ხალხი, ვინც ღიად აჯანყდა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ისინი არც უარყოფენ და რაღაც ტრადიციული ლეგენდებით ამართლებენ შეიარაღებულ ამბოხებას. ამასთან ერთად ვნახეთ მათი დევნა-დაკითხვა, ვინც ახშობდა სახელმწიფოს წინააღმდეგ აჯანყებას. ცოტა ხნის წინ დააკავეს ქართული კონტრდაზვერვის ერთ-ერთი შემქმნელი ოფიცერი ტაბიძე, რომლის წვლილიც არის საქართველოში რუსული სადაზვერვო ქსელების განადგურება. პარალელურად, ვხედავთ პროცესს, რომელიც ლოგიკურად მიდის სახელმწიფოს მტრის ბატონი ემზარ კვიციანის გათავისუფლებისკენ. ჩვენ ვხედავთ, რომ კობალაძე, რომელიც ღია მხარდამჭერი იყო ამ ძალების, დღეს არის ქართული ოცნების საარჩევნო სიაში. მან უკვე მოასწრო განცხადების გაკეთება იმის თაობაზე, როგორ არ უნდა ვითამაშოთ ამერიკული თამაში და როგორ უნდა ვიყოთ ჩვენი სხვა თამაშის მონაწილე. კობალაძე ამ განცხადებით იმ პოზიციას დაუპირისპირდა, რომ საქართველო უნდა ეცადოს - NATO-ს თავდაცვითი ელემენტები ქვეყანაში განლაგდეს. ეს ყველაფერი ქმნის ძალიან საგანგაშო სურათს იმ პირობებში, როცა ქართულ სახელმწიფოს წინ აქვს დიდი გამოწვევები და როცა უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენი უსაფრთხოების სისტემები იყოს ჩვენი ქვეყნის პატრიოტების ხელში და ემსახურებოდეს ქართულ სახელმწიფოს. ჩვენ ვხედავთ პროცესს, რომელიც მიგვიყვანს ძალიან სახიფათო შედეგებამდე" - განაცხადა ბოკერიამ.

პროკურატურამ შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ტაბიძე 8 მაისს დააკავა. გამოძიების მტკიცებით, ტაბიძემ ძებნილების ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით, კობა ოთანაძის ნათესავებს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და აწამა.

ამასთან, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პროკურატურას ხელახალი გამოძიებისთვის 31 ადამიანის საქმეები გადაუგზავნა. ეკა ბესელიას კომიტეტის დასკვნაში წერია, რომ სიაში მოხვედრილ ადამიანებთან დაკავშირებით სისხლის სამართლებრივი დევნის დროს, ადგილი ჰქონდა პოლიტიკურ მოტივს. მათ შორის არის კოდორის ხეობის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი, რომელიც საქართველოში 28 თებერვალს დაბრუნდა. ის აეროპორტში დააკავეს. 18 აპრილს გამართულ სასამართლო პროცესზე კი, კვიციანს პატიმრობის ვადა 28 მაისამდე გაუგრძელეს. კვიციანს თავდებში ჩაუდგა 35 დეპუტატი.საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ალექსანდრე ქანთარიას თქმით, კვიციანი არსად გაიქცევა და სწორედ ამიტომ, ის თავისუფალი იყოს. ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე გიორგი ვოლსკიმ კი, დეპუტატების მიერ კვიციანის თავდებში ჩადგომა "ჰუმანიტარულ ჟესტად" შეაფასა.

კომენტარები