ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა

პრემიერი: ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი შესაძლოა, 1-2 წელში გვქონდეს

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სავარაუდოდ, საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა ერთ-ორ წელიწადში ექნება. როგორც პრემიერმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ჰერმან ვან რომპუისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს დამოკიდებულია საქართველოს მთავრობაზე.

"აბსოლუტურად რეალისტურია, რომ საქართველომ მიაღწიოს უვიზო მიმოსვლას, უვიზო რეჟიმს, ეს შეიძლება მოხდეს ერთ-ორ წელიწადში. ეს არის დამოკიდებული ჩვენზე, ჩვენს მთავრობაზე თუ რამდენად დროულად შევასრულებთ იმ ვალდებულებებს, რომელიც გვაკისრია ამ მიმართულებით. ამის გარდა, ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ ხელს ვაწერთ ღრმა და ყოვლისმომცველ სავაჭრო შეთანხმებას, ნიშნავს, რომ ეს არის ძალიან დიდი სტიმული ადგილობრივი მწარმოებლებისთვის. ეს პირველ რიგში მათ დაეხმარება - მოხდება ქვეყნის ეკონომიკის, წარმოების მოდერნიზება და ჩვენს ბაზარს და წარმოებას რეალურად კონკურენტუნარიანს გავხდით", - აღნიშნა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ ასოცირების შეთანხმებით, საქართველოს თითოეული მოქალაქე მიიღებს სარგებელს, მაგრამ არა - ერთ ან ორ დღეში. 

"ასოცირების ხელშეკრულება ნიშნავს საქართველოს დაახლოებას ევროკავშირთან. ეს ნიშნავს ქვეყნის ყველა სფეროს მოდერნიზებას. ეს ნიშნავს ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოებას, ეს ნიშნავს რეალურ სარგებელს თითოეული მოქალაქისთვის. ეს არ მოხდება ერთ-ორ დღეში და არ გვსურს, ყალბი დაპირებები მივცეთ მოსახლეობას ან ცრუ მოლოდინი გავუჩინოთ მათ", - თქვა პრემიერმა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებას ხელი 27 ივნისს მოეწერება. 

კომენტარები