ასოცირების შეთანხმება

ფანჯიკიძე: ასოცირების შეთანხმების გაფორმება დიდი ნაბიჯია, მაგრამ არა საბოლოო

საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაცია მოითხოვს ძალიან ბევრ რეფორმას, რომელიც არ იქნება მარტივი და იაფი. მისი თქმით, ასოცირების შეთანხმების გაფორმება საქართველოს ისტორიისთვის უდიდესი მოვლენაა.

"როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპუიმ თქვა, ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი, მაგრამ არა - საბოლოო. ამის შემდეგ იხსნება ახალი პერსპექტივა საქართველოსთვის, იწყება ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პერიოდი, რომელიც გარკვეული ხნის განმავლობაში გასტანს და რომელმაც ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა დაგვაახლოვოს ევროკავშირს, საბოლოოდ კი, მისი წევრი უნდა გავხდეთ. ამის თქმა ახლა, თუ როდის იქნება, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, თუმცა ეს არის გამოკვეთილი პერსპექტივა საქართველოს საგარეო პოლიტიკის და ასევე, საშინაო პოლიტიკისაც, რადგანაც ამ ხელშეკრულების იმპლემენტაცია მოითხოვს ძალიან ბევრ რეფორმას ქვეყნის შიგნით, რომელიც არ იქნება მარტივი, არ იქნება იაფი, მაგრამ ევროკავშირს გათვალისწინებული აქვს ძალიან კომპლექსური და დიდი დახმარება ხელშეკრულების იმპლემენტაციისთვის", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჰერმან ვან რომპუის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი ისაა, რომ "ევროკავშირი არის საქართველოს გვერდით".

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ხელი 27 ივნისს მოეწერება.

კომენტარები