საჯარო სამსახურის შესახებ კანონი

არასამთავრობოები საჯარო მოხელეების შესახებ დაგეგმილ ცვლილებებს მიესალმებიან

არასამთავრობო ორგანიზაციები მიესალმებიან პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, უქმდება საჯარო სამსახურის შესახებ კანონში თებერვალში შეტანილი ნორმა. აღნიშნული ნორმა არჩევნების შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეების გათავისუფლებას ითვალისწინებდა.

"მივესალმებით აღნიშნული შინაარსის კანონპროექტის ინიცირებას და მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს, მხარი დაუჭირონ მას, რათა თავიდან იქნეს აცილებული არჩევნების შემდეგ ადგილობრივი თვითმართველობის მოხელეების შრომითი უფლებების დარღვევა", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ საია, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო და სამოქალაქო განვითარების სააგენტო.

არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ  2014 წლის 25 თებერვალს, მათ გააკრიტიკეს საჯარო სამსახურის შესახებ კანონში მითითებული რეგულაცია, რომელიც არჩევნების შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობის უკლებლივ ყველა მოხელის დროებით მოვალეობის შემსრულებლად მიჩნევას გულისხმობდა და ის კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მყოფად შეაფასეს.

"მოვუწოდეთ საქართველოს ხელისუფლებას - საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას, მიიღონ ყველა ზომა და არ დაუშვან აღნიშნული ნორმის ამოქმედება. წინააღმდეგ შემთხვევაში, "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში შეტანილი ზემოთ მითითებული ცვლილების ძალადაკარგულად ცნობის მოთხოვნით მივმართავდით საკონსტიტუციო სასამართლოს. წარმოდგენილ ცვლილებებს ნეგატიურად აფასებდნენ, ასევე, საქართველოს საჯარო მოხელეთა პროფესიული კავშირი და საქართველოს სახალხო დამცველი" - აღნიშნავენ არასამთავრობოები.

ცნობისთვის, 13 მაისს ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა პარლამენტის წევრების გია ჟორჟლიანისა და ვახტანგ ხმალაძის მიერ მომზადებული და ინიციირებული კანონპროექტი, რომლის განხილვაც დაჩქარებული წესითაა დაგეგმილი. პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატივით მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდა. მისი თქმით, ამ ცვლილების შედეგად საჯარო მოხელეებს არჩევნების შემდეგ აღარ დაითხოვენ სამსახურიდან. შტატების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას კი მუნიციპალიტეტები დამოუკიდებლად მიიღებენ. პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა ამ ინიციატივით უმრავლესობას წინა კვირას მიმართა.

საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესაბამისი ცვლილება პარლამენტმა 2014 წლის 5 თებერვალს შეიტანა. 24 თებერვალს თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებულმა მერმა გიგი უგულავამ არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდა, რომ ეს საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოში გაესაჩივრებინათ. 3 აპრილს, სახალხო დამცველმა სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 1344-ე მუხლის პირველი პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა. 

კომენტარები