განათლების საერთაშორისო ცენტრი

პრემიერი: სტუდენტები დაბრუნების შემდეგ სახელმწიფო სამსახურში დასაქმდებიან

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი განათლების საერთაშორისო ცენტრის ღია კარის დღეზე სიტყვით გამოვიდა. ღარიბაშვილმა ექსპო ჯორჯიაში გამართულ ღონისძიებაზე განათლების საერთაშორისო ცენტრის ძირითადი კონცეფცია წარადგინა და ცენტრის შექმნის მიზნების შესახებ ისაუბრა.

პრემიერის თქმით, საქართველოს კვალიფიციური კადრები სჭირდება, რომლებსაც საერთაშორისო სტანდატების შესაბამისი ცოდნა და უნარ-ჩვევები ექნებათ, ვინაიდან თანამედროვე ეპოქაში მხოლოდ განათლებული და თანამედროვე ცოდნით აღჭურვილი ადამიანები აღწევენ წარმატებას.

„განათლების ცენტრი არა მხოლოდ სტუდენტების საზღვარგარეთ გამგზავრებას, არამედ ადგილზე სხვადასხვა სასწავლო სემინარისა და კურსების მოწყობას უზრუნველყოფს, რომელსაც უცხოეთიდან მოწვეული პროფესიონალები გაუძღვებიან“, - აღნიშნავს პრემიერი.
 

როგორც ღარიბაშვილი ამბობს, უპირველეს ყოვლისა, შერჩეულია დარგები, რომელთა განვითარებაც საქართველოს ამ ეტაპზე ყველაზე მეტად სჭირდება. პრემიერის ინფორმაციით, კონცეფციის მთავარი სიახლე ის არის, რომ სტუდენტები უცხოეთიდან დაბრუნების შემდეგ სახელმწიფო სამსახურში დასაქმდებიან და თავიანთ ცოდნას საქართველოს მოახმარენ.


პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, განათლების საერთაშორისო ცენტრი პრემიერმინისტრის ინოვაციური პროექტების ფარგლებში დაარსდა. ცენტრის მიზანი საერთაშორისო სტანდარტების კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალების მომზადებაა. განათლების საერთაშორისო ცენტრი 3 პროგრამას ახორციელებს - სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დაფინანსება; საზღვარგარეთ მცხოვრები მეცნიერებისა და პრაქტიკოსების საქართველოში მოწვევა; საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლება და პროფესიული გადამზადება.

კომენტარები