საქართველოს საპატრიარქო

საპატრიარქო: 17 მაისს მორწმუნეთა მსვლელობები უნდა იყოს ლოცვითი და მშვიდობიანი

საქართველოს საპატრიარქო "მორწმუნეთა გარკვეულ ჯგუფებს და საზოგადოების ნაწილს მოუწოდებს, ხვალისთვის დაგეგმილი მსვლელობები მხოლოდ ლოცვითი და მშვიდობიანი იყოს". 17 მაისთან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადება დეკანოზმა დავით შარაშენიძემ წაიკითხა და აღნიშნა, რომ ეკლესია იყო და არის ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგი. მისივე თქმით, ხვალ საქართველოს პატრიარქი "ოჯახის სიწმინდისა და მშობლების დღესთან დაკავშირებით", პარაკლისს გადაიხდის.

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარეს ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 17 მაისი გამოცხადდა ოჯახის სიწმინდისა და მშობლების დღედ. ამ დღეს საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში 12:00 საათზე აღელვლინება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი, რათა დედამ ღვთისამ თავისი მფარველი კალთა გადააფაროს ჩვენს ოჯახებს. შემდეგ მოხდება ეკლესიების მიმდებარე ტერიტორიების და ქუჩების კურთხევა. წმინდა სამების საკათედრო ტაძარში პარაკლისს გადაიხდის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. 12:00 საათიდან დღის ბოლომდე იქ დაბრძანებული იქნება ჩვენი ერის განსაკუთრებული სიწმინდეები – ღვთისმშობლის მიერ ბოძებული წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი და წმინდა დავით გარეჯელის მადლის ქვა, რათა, როგორც მთელ ოჯახებს, ისე ცალკეულ ადამიანებს მიეცეთ შესაძლებლობა ემთხვიონ მათ.

მისი უწმინდესობის კურთხევაა, ამ დღის აღსანიშნავად ტრადიციად დადგინდეს, რომ მშობლებმა მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატებით დალოცონ თავიანთი შვილები. თითოეული ცალ-ცალკე, ხოლო შვილებმა მშობლებს მიართვან საჩუქრები და ტაძარში დაუნთონ სანთლები. მისი უწმინდესობა კი, როგორც ერის სულიერი მამა, პარაკლისის შემდეგ წაიკითხავს სპეციალურ ლოცვას და დალოცავს ყველა მორწმუნეს. იგივეს აღასრულებენ მღვდელმსახურები თავიანთ ეპარქიებში.

ოჯახის სიწმინდე და სიმტკიცე სახელმწიფოს სიძლიერის საფუძველია. ოჯახის სიწმინდის ხელყოფა და არაბუნებრივი და გაუკუღმართებული ურთიერთობების ბუნებრივ მდგომარეობად გამოცხადება საქართველოში მცხოვრები მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის, განურჩევლად აღმსარებლობისა, სრულიად მიუღებელია. რა თქმა უნდა, იგი მიუღებელია მართლმადიდებელი ეკლესიისთვისაც, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეკლესია ებრძვის თუნდაც ამ ცოდვით დაზიანებულ ადამიანს. პირიქით, იგი ზრუნავს მისთვის და იღწვის მისი გამოსწორებისთვის. ეკლესია ამხელს და ებრძვის თავად ცოდვას, მის საჯარო პროპაგანდას, რათა ასეთი დამოკიდებულება მეტად განარისხებს უფალს და ღვთის დიდ სასჯელს იწვევს, ამიტომაც ცდილობს ჩვენი ეკლესია დაიცვას ერი უზნეობის დაკანონებისა და სულიერი ძალადობისგან.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მორწმუნეთა გარკვეული ჯგუფები და ზოგადად, საზოგადოების ნაწილი ამ დღესთან დაკავშირებით აპირებს ქუჩაში მსვლელობებს. საქართველოს საპატრიარქო პატივისცემით მიმართავს მათ და მოუწოდებს, რომ მსვლელობები იყოს მხოლოდ და მხოლოდ ლოცვითი და მშვიდობიანი, რადგან ეკლესია იყო და არის წინააღმდეგი ყოველგვარი ძალადობის", - აცხადებენ საპატრიარქოში.

ცნობისთვის, 17 მაისი - ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე - საქართველოს პატრიარქმა ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღედ გამოაცხადა. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ უფლებადამცველი ორგანიზაციები ჰომოფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით, 17 მაისს არავითარ აქციას არ გეგმავენ, გავრცელებული ინფორმაციით, სასულიერო პირთა და მრევლის ნაწილი მსვლელობას მაინც გამართავს. ამასთან, ისინი "ჰომოსექსუალიზმის, ათეიზმის, ფემინიზმისა და ტრანსსექსუალური ურთიერთობების ამსახველი ფოტომასალის გამოფენის მოწყობას" აპირებენ.

გასული წლის 17 მაისს, ტრანსფობიასთან და ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისში აქცია იგეგმებოდა, რომელიც მრავალათასიანი კონტრდემონსტრაციის მონაწილეებმა ძალადობრივად ჩაშალეს. 

კომენტარები