საარჩევნო სისტემა

ერთი ამომრჩეველი, ერთი ხმა – რა წონა აქვს ჩვენს არჩევანს?!

გიორგი ჩიტიძე
0 კომენტარი

„საარჩევნო ბიულეტენი ტყვიაზე უფრო ძლიერია", აბრაამ ლინკოლნის ეს ხატოვანი გამონათქვამი დემოკრატიულ საზოგადოებაში არჩევნების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე მიუთითებს. ამომრჩევლის ხმის რეალური „სიძლიერე" საარჩევნო სისტემების მიხედვით განსხვავდება. საქართველოს შემთხვევაში, საარჩევნო ოლქების დიდ ნაწილში ამომრჩეველთა რაოდენობა არათანაბარია. შესაბამისად, ხშირია კრიტიკა, რომ მოქმედი სისტემა საარჩევნო უფლების თანასწორობას ვერ უზრუნველყოფს. თუმცა ოლქების საზღვრების გადახედვამ და ამომრჩეველთა რაოდენობის ფორმალურმა გათანაბრებამ, შესაძლებელია, ახალი პრობლემები წარმოშვას, მათ შორის, ე.წ. ჯერიმაინდერინგის საფრთხე.

„ჯერიმაინდერინგი" არის პროცესი, როდესაც საარჩევნო ოლქების საზღვრების გავლება განზრახ ხდება ისე, რომ თითოეულ მათგანში კონკრეტული პოლიტიკური ძალის წარმომადგენელმა გაიმარჯვოს.

ეს პრობლემა დამახასიათებელია საქართველოს მსგავსი საარჩევნო სისტემისთვის, როდესაც ოლქში იმარჯვებს კანდიდატი, რომელიც უმრავლესობის მხარდაჭერას მოიპოვებს. დიდია რისკი, რომ ჯერიმაინდერინგის გამოყენებით, თითოეულ ოლქში უმრავლესობა სწორედ რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდამჭერებით დაკომპლექტდეს. ამ შემთხვევაში ამომრჩევლის ხმას (რომელიც მხარს არ უჭერს ხსენებულ პოლიტიკურ ძალას) არათუ განსხვავებული „წონა" აქვს, არამედ საარჩევნო უფლება საერთოდ ერთმევა. შესაბამისად, ოლქების საზღვრების ცვლილებამ, შესაძლებელია, მთლიანად არჩევნების იდეას შეუქმნას საფრთხე. გახადოს იგი ფორმალური, ილუზორული და უშინაარსო პროცესი.

გარდა ამისა, ცალსახა არ არის, რომ ამომრჩევლებს შორის არსებული უთანასწორობა ეწინააღმდეგება კონსტიტუციას ან საერთაშორისო სტანდარტებს. კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე მსჯელობა საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწევს. სასამართლომ საქართველოს მოქალაქეების უჩა ნანუაშვილისა (მოქმედი სახალხო დამცველი) და მიხეილ შარაშიძის კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განიხილა. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ სხვადასხვა საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულ ამომრჩევლებს არ აქვთ შესაძლებლობა თანაბარი გავლენა მოახდინონ არჩევნების შედეგებზე. შესაბამისად, მოქმედი სისტემა არის დისკრიმინაციული და ეწინააღმდეგება კონსტიტუციით დაცულ თანასწორობისა და საარჩევნო უფლებებს. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

რაც შეეხება საერთაშორისო სტანდარტებს, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თანახმად, ამომრჩევლის ხმა უნდა იყოს სხვების თანასწორი (ერთი ამომრჩეველი, ერთი ხმის პრინციპი). ამასთანავე, საარჩევნო ოლქების საზღვრები უნდა გაივლოს ისე, რომ არ მოხდეს ამომრჩეველთა დისკრიმინაცია.

ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის მოთხოვნათა მიხედვით, საარჩევნო ოლქებს შორის ადგილების განაწილება უნდა ხდებოდეს დაბალანსებული წარმომადგენლობის პრინციპით – მოქალაქეთა, რეგისტრირებულ თუ უშუალოდ კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობის საფუძველზე. შესაძლებელია, გათვალისწინებულ იქნეს გეოგრაფიული კრიტერიუმი და ადმინისტრაციული ან/და ისტორიული საზღვრებიც.

ამომრჩევლებს შორის არსებული განსხვავება არ უნდა სცილდებოდეს 15%-ს, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა (კომპაქტურად დასახლებული ეროვნული უმცირესობის დაცვა, არამჭიდროდ დასახლებული ადმინისტრაციული ერთეული). ნიშანდობლივია, რომ თავად კომისიის 59 წევრი სახელმწიფოდან, მაჟორიტარული სისტემა 15 მათგანში მოქმედებს და მათი 60% არ აკმაყოფილებს ზემოხსენებულ მოთხოვნებს.

საქართველოს შემთხვევაში, პარლამენტი შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 წევრისგან. საპარლამენტო არჩევნებისთვის თითოეული მუნიციპალიტეტი (თვითმმართველი ქალაქი, რაიონი), დედაქალაქის გარდა, არის ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი. შესაბამისად, ამ ნაწილში, ვენეციის კომისიის მოთხოვნა დაცულია და საარჩევნო ოლქები ადმინისტრაციულ საზღვრებზეა მიბმული.

რაც შეეხება ამომრჩეველთა რაოდენობას შორის ფაქტობრივ განსხვავებას, ცესკოს მონაცემების თანახმად, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სულ რეგისტრირებული იყო 3,613,851 ამომრჩეველი, რომლებიც საარჩევნო ოლქებში შემდეგნაირად გადანაწილდნენ:

ვენეციის კომისიის ზოგადი სტანდარტიდან გამონაკლისი დასაშვებია კომპაქტურად დასახლებული ეროვნული უმცირესობის დაცვისა და არამჭიდროდ დასახლებული ადმინისტრაციული ერთეულის შემთხვევაში.

საქართველოში ეთნიკური უმცირესობები უმრავლესობას ექვს საარჩევნო ოლქში შეადგენენ. კიდევ ოთხ საარჩევნო ოლქში კომპაქტურად მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები მოსახლეობის 20%-ს აღემატება.

ამასთანავე, ამომრჩეველთა საშუალო რაოდენობა ერთ ოლქზე დაახლოებით 43 ათასია. ქვეყანაში სულ 19 ოლქია, რომლებშიც ამომრჩეველთა რაოდენობა დასაშვებ 15%-ს აღემატება. მათ რიცხვშია დედაქალაქში არსებული საარჩევნო ოლქები, მსხვილი ქალაქები და ქვემო ქართლის ორი რაიონი, სადაც მაღალია ეთნიკური უმცირესობების წილი.

ამომრჩეველთა რაოდენობა საშუალო მაჩვენებელზე (15%) დაბალია 43 საარჩევნო ოლქში და მათგან 39 არამჭიდროდ დასახლებულ ადმინისტრაციულ ერთეულს წარმოადგენს. ყველაზე მცირერიცხოვანი ოლქების შემთხვევაშიც, რაოდენობას შორის არსებული სხვაობა, ასევე მოსახლეობის არამჭიდროდ დასახლებით არის გამოწვეული. შესაბამისად, საარჩევნო ოლქების უმრავლეს ნაწილში არსებული განსხვავებები ვენეციის კომისიის მიერ განსაზღვრულ გამონაკლის შემთხვევებს წარმოადგენს.

არსებული უთანაბრობის საერთაშორისო სტანდარტებთან სრული შესაბამისობისთვის, აუცილებელია, კანონმდებლობით განისაზღვროს არამჭიდროდ დასახლებული ადმინისტრაციული ერთეულის ცნება.

პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი ალტერნატივა, შესაძლებელია, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც იყოს. თუმცა სასამართლოს მხრიდან მსგავსი სახის „ქირურგიული" ჩარევა ეფექტურ საშუალებად ვერ გამოდგება. საკონსტიტუციო სასამართლო მოქმედებს, როგორც „ნეგატიური „კანონმდებელი", კერძოდ, მას არ შეუძლია ახალი წესების შექმნა (დადგენა) ან საკანონმდებლო ორგანოსთვის კონსტიტუციასთან შესაბამისი რეგულირების შეთავაზება.

საარჩევნო სისტემის შემუშავება, მათ შორის, საარჩევნო ოლქების საზღვრების გავლება, პოლიტიკურ საკითხს წარმოადგენს. შესაბამისად, არაეფექტურობასთან ერთად, ამ საკითხის გადაწყვეტით, სასამართლო ნაწილობრივ იჭრება საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციაში და ცდილობს ისეთი საკითხები დაარეგულიროს, რაც მის კომპეტენციას არ განეკუთვნება. ამგვარ ჩარევას ყოველთვის ექნება ლეგიტიმაციის პრობლემა, საფრთხეს შეუქმნის ხელისუფლების დანაწილებისა და გაწონასწორების პრინციპს.

აქედან გამომდინარე, არსებული პრობლემის სრულად მოგვარება არა მართლმსაჯულების ორგანოს ან მსგავსი ინსტიტუციის, არამედ მხოლოდ შესაბამისი პოლიტიკური ნების არსებობისა და მისი საკანონმდებლო საქმიანობაში ასახვის გზით არის შესაძლებელი.

მეორე ალტერნატივას მოქმედი მაჟორიტარული სისტემის შეცვლა წარმოადგენს. კერძოდ, ერთმანდატიანის სანაცვლოდ, მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების შემოღება. აღნიშნული სისტემის პირობებში, თითოეული ოლქიდან უნდა აირჩეს რამდენიმე წარმომადგენელი. შესაბამისად, ჯერიმაინდერინგის საფრთხე მინიმუმამდე მცირდება, რადგან ამომრჩეველს შეუძლია რამდენიმე კანდიდატს მისცეს ხმა და კონკრეტული პოლიტიკური ძალისთვის უმრავლესობის ყოლას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.

ამ სისტემის უპირატესობა ისიცაა, რომ იგი საშუალებას იძლევა, ამომრჩევლებს შორის არსებული უთანასწორობა სხვადასხვა რაოდენობის მანდატის განაწილებით დაბალანსდეს. მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, შესაძლებელია, თითოეულმა ოლქმა განსხვავებული რაოდენობის წარმომადგენელი აირჩიოს. შესაბამისად, ამომრჩევლის ხმის „წონა" მაქსიმალურად თანაბარი ძალის იქნება.
გარდა ამისა, შესაძლებელია საარჩევნო სისტემის რადიკალური ცვლილება. კერძოდ, მაჟორიტარულ სისტემაზე უარის თქმა და არჩევნების მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარება. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის უპირატესობები და ნაკლოვანებები, რაც ამ სისტემას ახასიათებს.

დაბოლოს, რა ცვლილებასაც უნდა მიმართოს კანონმდებელმა, აუცილებელია, იგი იყოს სტატუსკვოზე უკეთესი, არ გააუარესოს ამომრჩევლის მდგომარეობა და არ წარმოშვას დამატებითი პრობლემები, განსაკუთრებით, ჯერიმაინდერინგის საფრთხე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები