მეწყერი დარიალის ხეობაში

დარიალის ხეობაში მთის მასა მოწყდა და მდინარე თერგი დააგუბა

www.facebook.com/iago.kazalikashvili

დარიალის ხეობაში მთის მასა მოწყდა. ყაზბეგის გამგებელის შალვა ელოშვილის თქმით, სავარაუდოდ მსხვერპლიც არის. მისი ინფორმაციით, მთის მასამ მდინარე თერგი დააგუბა, "რის გამოც, ხეობას ლაფით ავსება და ჩარეცხვა ემუქრება". 

დარიალის ხეობაში მაშველები უკვე მუშაობენ. როგორც სააგენტო ინტერპრესნიუსს მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ნუგზარ ყიფიანმა უთხრა, შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური, საპატრულო პოლიციისა და სამედიცინო დახმარების ბრიგადები. სამაშველო ბრიგადები გაემგზავრა თბილისიდანაც. მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ინფორმაციით, მთის მასა საქართველო-რუსეთის საზღვართან ახლოს, მშენებარე ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყდა.

ყაზბეგში მთის მოწყვეტის შედეგად გამოწვეულ ვითარებაში უკვე ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი. შსს-ს ცნობით, დეპარტამენტის თანამშრომლები უკვე ადგილზე იმყოფებიან და ყველა საჭირო ღონისძიება ტარდება.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ აქვს.

კომენტარები