ბომბის შესახებ შეტყობინება

თბილისის ორ სკოლაში ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება შევიდა

თბილისის მე-2 საჯარო სკოლაში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება შევიდა. შსს-ს ინფორმაციით, სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია.

ადგილზე კრიმინალისტები უკვე მუშაობენ.

გამოძიება სისხლის სამართლის 331-ე მუხლით დაიწყო, რაც ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებას გულისხმობს.

გარდა ამისა, ბომბის შესახებ შეტყობინება შევიდა თბილისის 55-ე საჯარო სკოლაში და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტშიც. 55-ე სკოლაში განმაღმველებს ელოდებიან, ილიაუნში კი, სასწავლო პროცესი უკვე განახლდა.

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის სექტემბერში, 112-ზე რამდენიმე ცრუ შეტყობინება შევიდა. ცრუ შეტყობინების ავტორები ირწმუნებოდნენ, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება იყო სკოლებში, ტელეკომპანიებში, ასევე, საქართველოს პარლამენტში. შსს-მ ამ საქმეზე რამდენიმე არასრულწლოვანი დააკავა.

ამის გამო, პარლამენტმა ცრუ შეტყობინებაზე პასუხისმგებლობა გაამკაცრა.

კომენტარები