შსს-ს განცხადება

შსს: ქვეყანაში ჩეჩენი მებრძოლების შემოსვლა არ დასტურდება და დეზინფორმაციაა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა და პანკისის ხეობაში დაბანაკდა 97 ჩეჩენი მებრძოლი რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლისა და დივერსიულ-ტერორისტული საქმიანობის წარმართვის მიზნით, სიმართლეს არ შეესაბამება.

”ბოლო პერიოდში ქართული მედიით ვრცელდება მიმდინარე წლის 11 მაისს ირანული სააგენტო Fars News-ით გადაცემული არასწორი ინფორმაცია, რომ თითქოს, საქართველოს ტერიტორიაზე იორდანიის და თურქეთის გავლით შემოვიდა და პანკისის ხეობაში დაბანაკდა 97 ჩეჩენი მებრძოლი, შემდგომში რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლისა და იქ დივერსიულ-ტერორისტული საქმიანობის წარმართვის მიზნით.

ქვეყნის უსაფრთხოებასა და სტაბილურობასთან დაკავშირებული საკითხების მიმართ საზოგადოებაში არსებული მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად ვთვლით, მოსახლეობას მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია. კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე ჩეჩენი მებრძოლების შემოსვლა არ დასტურდება და წარმოადგენს სრულ დეზინფორმაციას. შესაბამისად, ქართული მედიის წარმომადგენლებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ისეთი ინფორმაციის გადაუმოწმებლად გავრცელებისგან, რამაც შესაძლოა, დააზიანოს საქართველოს ეროვნული ინტერესები", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

კომენტარები