ადგილობრივი წარმოება

საქართველოს მთავრობა პროგრამას - "აწარმოე საქართველოში" იწყებს

საქართველოს მთავრობა 46 მილიონ ლარიანი პროგრამის განხორციელებას იწყებს. სამთავრობო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ბიუჯეტი სწორედ 46 მილიონი ლარია. აქედან, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება-გადამუშავებაზე 30 მილიონი ლარი დაიხარჯება, ხოლო ინდუსტრიული პროდუქციის წარმოებაზე – 16 მილიონი ლარი. პროგრამის პრეზენტაცია ექსპო ჯორჯიაში გაიმართა. 

როგორც საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზენტაციაზე თქვა, "საქართველოში არის იმის რესურსი, რომ ჩვენ თვითონ ვაწარმოოთ პროდუქცია". მისივე შეფასებით, ადგილობრივი წარმოების გარეშე ქვეყნის ეკონომიკა წინ ვერ წავა და მთავრობას ეს ძალიან კარგად ესმის. 

"არ არის დასამალი, რომ ხშირად შემოდის დაბალხარისხიანი, ან მეტიც, უხარისხო პროდუქტი. ეს ხდება იმ ქვეყანაში, რომელიც ყოველთვის განთქმული იყო, სხვაზე რომ არაფერი ვთქვა, თუნდაც მაღალხარისხიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტით. ჩვენი პროდუქციის წარმოებას უნდა შევუწყოთ ხელი, აი, ეს უნდა წავახალისოთ და ძირითადად ამას გულისხმობს და ამას ემსახურება ჩვენი პროგრამა. ვიცი, რომ ბევრი ბიზნესმენი დღეს უცხოური პროდუქტის შემოტანით არის დაკავებული. სწორედ ასეთ ხალხს ვთავაზობთ, ნაცვლად იმპორტით დაკავებისა, თავად აწარმოონ საქართველოში, შექმნან საწარმოები და ისეთი პროდუქცია აწარმოონ, რომ პირიქით, თვითონ შეძლონ ამ პროდუქციის ექსპორტზე გატანა" - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

პროგრამას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს. მისი მიზანია, საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და საექსპერტო პოტენციალის ზრდა ფინანსებზე, უძრავ ქონებასა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობისა და ტექნიკური დახმარების საშუალებით.

პროგრამის ფარგლებში მოხდება წარმოებაზე ორიენტირებული ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობა, რომელიც შერჩეულია შემდეგი კრიტერიუმებით: იმპორტის მოცულობა და წარმოების ადგილობრივი პოტენციალი. უფრო კონკრეტულად კი, პროგრამის დარგებია ქაღალდისა და მუყაოს წარმოება, მათ შორის შესაფუთი მასალები; სამშენებლო მასალების წარმოება, მათ შორის კერამიკული ფილები, მარმარილო, გრანიტი და სხვა ბუნებრივი ქვები; საფეიქრო წარმოება, მათ შორის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ქსოვილი, ნართი (შალი, აბრეშუმი); ქიმიური წარმოება, მათ შორის ზედაპირულად აქტიური საშუალებები; ხის გადამუშავება, მათ შორის საოფისე ავეჯი, მდფ, დსპ; ელექტრომოწყობილობების წარმოება – მათ შორის საყოფაცხოვრებო ელექტოსაქონელი; ფარმაცევტული წარმოება – მათ შორის სადიაგნოსტიკო საშუალებები, მანქანათმშენებლობა, მათ შორის სათადარიგო ნაწილები; რეზინისა და პლასტმასის წარმოება, მათ შორის მილები, მილაკები, ღრუ პროფილები, ტარა, საკანცელარიო ნაწარმი; ლითონის მზა ნაწარმი, მათ შორის რკინა-კავეული, სამზარეულო ნაკეთობანი.

საქართველოს მთავრობის ცნობით, ასევე პრიორიტეტულია სოფლის მეურნეობის მიმართულება, მათ შორის მეხილეობა-მებოსტნეობა, მაღალტექნოლოგიური სასათბურე მეურნეობების განვითარება, მესაქონლეობის ფერმები, მეფრინველეობის ფაბრიკები, მატყლისა და ტყავის დამუშავება, დაფნის, ჩაისა და თამბაქოს მოყვანა-გადამუშავება, კაკლის, თხილისა და სხვა კაკლოვანების მოყვანა-გადამუშავება; ხილის, კენკროვანების, ბოსტნეულისა და ციტრუსის გადამუშავება.

კომენტარები