მუსიკა

თანამედროვე ძველი მუსიკა

დღეს, როდესაც ყველაფერი ელვის სისწრაფით ვითარდება, ვითარდება ხელოვნების დარგებიც და ამ განვითარებას მისი სახეცვლილება მოჰყვება. ის ზოგისთვის მისაღებია, ზოგისთვის არა, ზოგს კი უბრალოდ არ სურს მოდას ჩამორჩეს და ცდილობს ყველა ტენდენციას თუ სიახლეს თვალი მიადევნოს. გლობალიზაციის ეპოქაში ძნელია გაარჩიო კარგი და ცუდი. თანამედროვე ხელოვნება ხომ ერთი ქვეყნის ტრადიციას აღარ ეფუძნება: ის მსოფლიო კულტურის ისტორიის სინთეზს მოიცავს. ხელოვნება აღარ არის მხოლოდ ესთეტიკური სიამოვნების მომნიჭებელი. მისი მიზანი შეიძლება ზოგჯერ უსიამოვნების მონიჭებაც კი იყოს. ყოველი ქმნილებით ავტორს ხალხისადმი ამა თუ იმ გზავნილის გადმოცემაც სურს.

დროთა განმავლობაში სწორედ ამ გზავნილის გადმოცემის ფორმები შეიცვალა. დღეს ეს ფორმა, ფაქტობრივად, ყველანაირ ხერხს მოიცავს: დაწყებული ასოებით, ფერებით თუ ნოტებით, დამთავრებული ყველა იმ საგნით და ხერხით, რასაც ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ რაიმე კავშირი ჰქონდა „ხელოვნებასთან" (სიტყვა ხელოვნება ბრჭყალებში ჩავსვი იმიტომ, რომ ბევრს შეიძლება შეკითხვა გაუჩნდეს, არის თუ არა ეს „ნამდვილი" ხელოვნება).

ამის განსჯა და სწორი პასუხის ძიება, ალბათ, ძალიან შორს წაგვიყვანს, მე კი თქვენი ყურადღება მინდა ძველი მუსიკის ახლებურ შესრულებაზე შევაჩერო, რომელიც, ჩემი აზრით, უკვე ოცი-ოცდაათი წელია უდავოდ თანამედროვე ხელოვნების ახალ მიმართულებებს მიეკუთვნება.

რა არის ძველი მუსიკა და მისი ახლებური შესრულება?

ძველ მუსიკაში იგულისხმება დასავლეთევროპული კლასიკური მუსიკა, შუა საუკუნეებიდან რომანტიზმამდე. ამ პერიოდის ზუსტი თარიღის დასახელება ძნელი იქნება, მაგრამ დაახლოებით გრძელდებოდა მანამ, სანამ ინსტრუმენტები თანამედროვე სახეს მიიღებდნენ. ანუ ორი საუკუნის წინ ინსტრუმენტები სხვანაირად გამოიყურებოდა და ჟღერდა, ვიდრე დღეს.

ეს უფრო ჩასაბერ და კლავიშიან საკრავებს ეხება, რომლებმაც ამ საუკუნეების განმავლობაში განვითარების გრძელი გზა განვლეს. სიმებიანი ინსტრუმენტების შემთხვევაში მხოლოდ ხემის ფორმა იყო სხვანაირი, სიმები და ხემის თმა კი თხის ძუისაგან მზადდებოდა. დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი შეიცვალა, რადგანაც ინსტრუმენტის შემქმნელები მათ გაუმჯობესებაზე ფიქრობდნენ.

ოთხკუთხედი პიანინო. XVIII ს.
ანუ XVII-XVIII საუკუნეებში თუ ინსტრუმენტების ხმა სხვანაირად ჟღერდა, მაშინ გამოდის, რომ მოცარტს და მის მეგობრებს იმდროინდელი მუსიკა სხვანაირად ესმოდათ, ვიდრე ის დღეს თანამედროვე ინსტრუმენტებზე შესრულებისას ჟღერს. ბახის ნაწარმოებები დღეს, გარდა ორღანისა და ჰარფსიკორდისა, სრულდება ფორტეპიანოზეც, რომელიც მას თვალითაც კი არ უნახავს.

კომპოზიტორები კი ყოველთვის თავიანთი დროის შესაბამისი ინსტრუმენტებისთვის წერენ მუსიკას, ანუ ინსტრუმენტისა და ასევე შემსრულებლის ტექნიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე. გარდა იმისა, რომ ყველა ეპოქას თავისი მუსიკალური სტილი ახასიათებს – იქნება ეს ბაროკო, კლასიციზმი, რომანტიზმი თუ თანამედროვე მუსიკა – ინსტრუმენტიც მეტ-ნაკლებად განსაზღვრავდა მათ მუსიკალურ სტილს. მაგრამ, როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, დროსთან ერთად ისინი იცვლებოდნენ და აქტუალობას კარგავდნენ.

მე-20 საუკუნეში კი შესრულების მანერა უკვე რომანტიზმის პერიოდის სტილს დაეფუძნა. ბაროკოს და კლასიციზმის დამახასითებელი მუსიკალური ფრაზის გამოთქმა და არტიკულაცია, სისხარტე, სიმსუბუქე, ელასტიკურობა, ფაქტურის სითხელე და სინატიფე თითქმის გაქრა. ყველაფერი ბევრად დამძიმდა და თითქოს გასქელდა. ვაგნერის და მალერის ზეგავლენა აშკარად ნათელი იყო დირიჟორებზე, შემსრულებლებზე და ასევე კომპოზიტორებზეც.

როგორ შეიძლება, საუკუნეების წინანდელი მუსიკა თანამედროვე ხელოვნების ახალი აღმოჩენა გახდეს?

სწორედ ამ დროს, დაახლოებით 1950-60-იანი წლებიდან გამოჩნდნენ მე-20 საუკუნის ნამდვილი კორიფეები, როგორებიც არიან: ნიკოლაუს არნონკური, გუსტავ ლეონჰარდი, ჯონ ელიოტ გარდინერი, ფრანს ბრიუხენი და სხვანი. მათ ფაქტობრივად ხაზი გადაუსვეს ძველი მუსიკის მანამდე არსებულ შესრულების მანერას და დაიწყეს ისტორიულ-მეცნიერული კვლევა იმის შესახებ, თუ როგორ ჟღერდა მუსიკა მონტევერდის და ჰაიდნის დროს და შესაძლებელი იყო თუ არა ამ ყველაფრის აღდგენა.

რა თქმა უნდა, ჩნდება შეკითხვა, არის თუ არა ეს შესაძლებელი, როდესაც არ არსებობს მოცარტის ან ბეთჰოვენის მუსიკის იმდროინდელი აუდიოჩანაწერი. ამის დასამტკიცებლად და ყველა კითხვაზე პასუხის გასაცემად, მათ ძველი დროიდან შემორჩენილი ინსტრუმენტების ასლები შექმნეს და დაარწმუნეს მეგობრები, რომ ძველ საკრავებზე დაკვრა შეესწავლათ. ისინი არა მხოლოდ ძველი ინსტრუმენტებით დაინტერესდნენ, არამედ იმდროინდელი წერილების, მუსიკოსთა მიმოწერის და ყველანაირი მუსიკალური ლიტერატურის შესწავლა დაიწყეს.

ასევე, რაც ყველაზე მთავარია, თვითონ ნაწარმოების შესწავლას კიდევ უფრო ჩაუღრმავდნენ. კომპოზიტორების ხელნაწერებზე დაყრდნობით ცნობილი გახდა, რომ ძველი მუსიკის პერიოდში იშვიათად იხმარებოდა დინამიკის ამსახველი ტერმინები, როგორიცაა forte და piano. ხოლო crescendo და diminuendo თითქმის ბეთჰოვენამდე არ გვხვდება.

ნიშნავდა თუ არა ეს ყველაფერი იმას, რომ ნაწარმოები ერთ ხმაზე და უფერულად უნდა შესრულებულიყო?

აღმოჩნდა, რომ მაშინდელი კომპოზიტორები დინამიკის ამსახველ ნიშნებს იშვიათად ხმარობდნენ, რადგანაც დინამიკის ცვალებადობა, მათი ფრაზირების და ნაწარმოების აგებულების მიხედვით, ისედაც იგულისხმებოდა. ასევე, იმდროინდელ კლავიშიან საკრავებზე crescendo და diminuendo ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. ანუ ამ მუსიკის აზრი მდგომარეობდა მის სტილისტურად სწორ გამოთქმაში, აქცენტების სწორად დასმასა და მუსიკალური წინადადების ტექტონიკაში. მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებოდა საბოლოო გამართული „არქიტექტურული შენობა".

ახალი ენის დამკვიდრება

70-იანი წლებიდან უამრავი ორკესტრი და ანსამბლი დაარსდა, რომელებიც ძველი მუსიკის ავთენტური ინსტრუმენტებით შესრულებაზე და მის პოპულარიზაციაზე იყო ორიენტირებული. როგორც მუსიკოსებისთვის, ასევე მსმენელთათვის ძველი ინსტრუმენტების ჟღერადობა ახალი და უცხო იყო. მეორე მხრივ კი, პირიქით – ეს სიახლე მივიწყებული, ძველი ჟღერადობა იყო. ანუ შეიძლება ითქვას, რომ დამკვიდრება დაიწყო კლასიკური მუსიკის შესრულების ახალმა ენამ. ამ მოძრაობის ძირითადი კერები ჰოლანდიაში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთსა და ავსტრიაში გაჩნდა. მიუხედავად ბევრი კრიტიკისა, ძველი მუსიკის შესრულების ახალი (ანუ ძველი) ენა და მასთან ერთად თავისი „შესრულების წესებიც" კი დამკვიდრდა. დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი დიდი მონაპოვარი და მეინსტრიმია.

განათლება და ლიტერატურა

სწორედ ამ კვლევების შედეგად, მუსიკალურმა გამომცემლობებმა დაიწყეს კომპოზიტორების ხელნაწერთა გამოქვეყნება ცნობილი მუსიკოსების რედაქტირების გარეშე (რედაქცია ამ შემთხვევაში ნოტებში დინამიკის ნიშნების ჩაწერას გულისხმობს: forte, piano, crescendo, diminuendo და ა.შ. ანუ რედაქტორი ნაწარმოების მისეულ ინტერპრეტაციას გვთავაზობდა). ახლა კი ხელნაწერი რედაქციას აღარ საჭიროებს, რადგანაც ძველი მუსიკის სწავლება დასავლეთევროპულ კონსერვატორიებში იძლევა იმის საშუალებას, რომ მუსიკოსმა უკვე თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება კომპოზიტორის ხელნაწერის ინტერპრეტაციის შესახებ.

ძველი მუსიკის ენა, სტილისტიკა და დაკვრის წესები არა მხოლოდ ავთენტურ ინსტრუმენტებზე გამოიყენება, არამედ თანამედროვეზეც. აქედან გამომდინარე, შესაბამისი განათლების მიღების შემდეგ, მუსიკოსს საშუალება ეძლევა დაძლიოს ყველა ეპოქის სტილისტური სირთულეები და მიაწოდოს მსმენელს კიდევ უფრო რაფინირებული და მაღალი დონის შესრულება.

ყველაფერი ეს კი კლასიკური მუსიკის დიდ რესტავრაციას წააგავს, რითაც თანამედროვე გამოცდილების მეშვეობით, შენარჩუნებული და აღდგენილია შენობის პირვანდელი სახე, როგორც ეს თვითონ კომპოზიტორს ჰქონდა ჩაფიქრებული.

საქართველო

ძველი მუსიკის შესრულების ტრადიცია საქართველოში საკმაოდ მოიკოჭლებს. შეიძლება ითქვას, რომ ახლა იბადება ინტერესი მისი ავთენტური შესრულებისადმი.
საბჭოთა კავშირში ჩაკეტილობის გამო, საქართველო მოწყვეტილი იყო ბევრ სიახლეს.

ქართველებისთვის კლასიკური მუსიკის მექაც და მედინაც მოსკოვი იყო. მოსკოვის კონსერვატორიის დამთავრება, მოსკოვში მიღწეული წარმატება და იქაური შემსრულებლების საქართველოში სტუმრობა მნიშვნელოვან მოვლენად ითვლებოდა ქართველი მუსიკოსებისთვის.

ეს ყველაფერი შეიძლება სულაც არ არის ცუდი, რადგანაც ამ ქალაქში კლასიკური მუსიკის ტრადიცია დიდია. მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოთა რუსული სკოლა (რომლის ზეგავლენაც დღემდე დიდია საქართველოში) ძირითადად რუსულ რომანტიკულ მუსიკაზეა დაფუძნებული და ხშირად სხვა დანარჩენი მუსიკის შესრულებაც ამ ჭრილიდან ხდება.

არასწორი იქნება ეროვნების მიხედვით კომპოზიტორების ან სხვადასხვა ეპოქების ერთმანეთთან შედარება-შეჯიბრება, რადგანაც რუსულ თუ დასავლეთევროპულ მუსიკას გენიალური კომპოზიტორები ქმნიდნენ. მაგრამ თანამედროვე შემსრულებლის ვალია, ზუსტად განასხვაოს ერთმანეთისგან სხვადასხვა მუსიკალური ეპოქები და ეს ყველაფერი კარგად გადმოსცეს და მიაწოდოს მსმენელს. ამის რეალიზება კი მხოლოდ შესაბამისი განათლების შემდეგ არის შესაძლებელი, რადგანაც მარტო ნიჭით ამ საკითხის გადაწყვეტა სამწუხაროდ არ გამოდის.

კომენტარები