ადგილობრივი წარმოება

ხარისხის ასოციაცია: ქართული კომპანიები მეტად უნდა ორიენტირდნენ ხარისხზე

არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ხარისხის ასოციაცია ქართულ კომპანიებს მოუწოდებს აწარმოონ ხარისხიანი პროდუქტი და ევროპულ ბაზარზე ჯანსაღი კონკურენცია გაუწიონ სხვა ქვეყნების მიერ წარმოებულ პროდუქტს. ორგანიზაციის განცხადებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ, ქართული კომპანიები მეტად უნდა იყვნენ ორიენტირებული ხარისხზე, რადგან “წარმოებულია საქართველოში” გახდეს მაღალი ხარისხის სინონიმი. ხარისხის ასოციაცია აღნიშნავს, რომ პროგრამა “აწარმოე საქართველოში” უნდა გახდეს ქვეყნის სავიზიტო ბარათი, ხოლო წარმოებული პროდუქციის განმასხვავებელი თვისება უნდა იყოს მაღალი ხარისხი.

"სახელმწიფომ, თავის მხრივ, ხელი უნდა შეუწყოს ადგილობრივი წარმოების წახალისებას. დღეს არსებული მდგომარეობით, იმპორტირებული პროდუქცია არ ექვემდებარება კონტროლს, ქართული სამომხმარებლო ბაზარი კი, უხარისხო პროდუქციის გასაღების პოლიგონად არის ქცეული, რაც ადგილობრივ წარმოებას არათანაბარ პირობებში აყენებს. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად მთავრობამ უნდა დააწესოს გარკვეული რეგულაციები, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი წარმოების განვითარებას. ქართული პროდუქტი უნდა გახდეს პრიორიტეტული. სახელმწიფო დაინტერესებული უნდა იყოს, რომ ტენდერებსა და შესყიდვებში ლიდერი ქართული კომპანიები გახდნენ" - აცხადებს ხარისხის ასოციაცია და აღნიშნავს, რომ მზად არის ჩაერთოს პროგრამაში - აწარმოე საქართველოში.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა 46 მილიონ ლარიანი პროგრამის განხორციელებას იწყებს. სამთავრობო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ბიუჯეტი სწორედ 46 მილიონი ლარია. აქედან, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება-გადამუშავებაზე 30 მილიონი ლარი დაიხარჯება, ხოლო ინდუსტრიული პროდუქციის წარმოებაზე – 16 მილიონი ლარი. პროგრამის პრეზენტაცია გუშინ, ექსპო ჯორჯიაში გაიმართა. 

კომენტარები