ემზარ კვიციანის საქმე

ემზარ კვიციანს პატიმრობის ვადა 28 ივნისამდე გაუხანგრძლივდა

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე კოდორის ხეობის ყოფილ რწმუნებულს ემზარ კვიციანს პატიმრობის ვადა კიდევ ერთხელ გაუხანგრძლივდა. სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, კვიციანს წინასწარი პატიმრობის ვადა 28 ივნისამდე გაუგრძელდა. დაცვის მხარე აღნიშნულის გასაჩივრებას აპირებს. ადვოკატ რევაზ კახნიაურის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის პატიმრობაში ყოფნით პროკურატურა ცდილობს, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროინდელი "უკანონო ბრალდება დააკანონოს".

ამასთან, დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ შუამდგომლობა დააყენა, რომ კვიციანი ერთი მილიონის ღირებულების ქონების გირაოში ჩადების სანაცვლოდ გაეთავისუფლებინათ, თუმცა სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ადვოკატის განცხადებით, მილიონის ქონების ჩადება ემზარ კვიციანის შვილის მეგობრებმა შესთავაზეს სასამართლოს. მისივე თქმით, გარდა ამისა, დაკავებულს თავდებში უდგებოდნენ 33 გენერალი, ვეტერანთა კავშირი და უნივერსიტეტის პროფესორები.

პროკურორ თენგიზ ხარებავას განმარტებით, ბრალდების მხარემ წინასწარი პატიმრობის ვადის გახანგრძლივება მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ემზარ კვიციანის მიერ მიცემული ჩვენების შესასწავლად მოითხოვა. პროკურორის განცხადებით, კვიციანი გამოძიებასთან ადრე არ თანამშრომლობდა და მან ჩვენება ბოლო პერიოდში მისცა. ამასთან პროკურორი აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარე რამდენიმე ექსპერტიზის დასკვნას ელოდება, რაც მისი თქმით, ვადის გახანგრძლივების შუამდგომლობის ერთ-ერთი მოტივი გახდა.

კოდორის ხეობის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი საქართველოში 28 თებერვალს დაბრუნდა. ის აეროპორტში დააკავეს. 18 აპრილს გამართულ სასამართლო პროცესზე კვიციანს პატიმრობის ვადა 28 მაისამდე გაუგრძელეს. მას თავდებში ჩაუდგა 35 დეპუტატი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ალექსანდრე ქანთარიას თქმით, კვიციანი არსად გაიქცევა და სწორედ ამიტომ, ის თავისუფალი უნდა იყოს. ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე გიორგი ვოლსკიმ კი, დეპუტატების მიერ კვიციანის თავდებში ჩადგომა "ჰუმანურ ჟესტად" შეაფასა.

კომენტარები