საყდრისი

RMG GOLD: საყდრისის ტერიტორიის შესასწავლად ექსპერტები ჩვენ არ მოგვიწვევია

news.ge

RMG GOLD-ი საყდრისის დაცვის კომიტეტს და კულტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს მარინე მიზანდარს მიზანმიმართული ტყუილის გავრცელებაში ადანაშაულებს. კომპანიის განცხადებით, საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიის შესასწავლად ექსპერტთა ჯგუფი მათ არ მოუწვევიათ. RMG-ის ცნობითვე, შუალედური დასკვნა საჯაროა და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.

"გერმანელი და ბულგარელი ექსპერტები საქართველოში კომპანია RMG-ის არ მოუწვევია, ისინი იმყოფებოდნენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უშუალო მოწვევით. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მარინე მიზანდარის მიერ მართული „საყდრისის გადარჩენის კომიტეტის“ წევრები თავად უცხადებდნენ უნდობლობას საერთაშორისო ექსპერტებს, არ აძლევდნენ სრულფასოვანი მუშაობის განხორციელების საშუალებას, უვარდებოდნენ სასტუმროში, აყენებდნენ შეურაცხყოფას და ცდილობდნენ მათზე ზეწოლის მოხდენას. მიუხედავად ამისა, დღეს ქალბატონი მიზანდარი და მისი ჯგუფი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით გვთავაზობს საერთაშორისო ექსპერტების მიერ მომზადებული შუალედური დასკვნის დამახინჯებულ ვარიანტს: თითქოსდა ექსპერტებმა დაადასტურეს უძველესი ოქროს მაღაროს არსებობა. რაც აღნიშნულ დასკვნაში არსად ნახსენები არ არის. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ კომპანია RMG თავისი საქმიანობის ფარგლებში არასდროს გასცდენია კანონის ფარგლებს და მიესალმება ინიციატივას, რომ კომპეტენტურმა ორგანოებმა შეისწავლონ და გამოიკვლიონ საყდრისი ყაჩაღიანთან დაკავშირებული ყველა საკითხი" - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ამასთან, დღეს საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრებმა კულტურის მინისტრ გურამ ოდიშარიას სახელზე წერილი შეიტანეს. როგორც კულტურის სამინისტროს ფოიეში გამართულ ბრიფინგზე კომიტეტის წევრებმა განაცხადეს, ისინი ითხოვენ, დაუყოვნებლივ აღუდგეს საყდრისს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრის ირაკლი მამალაძის განცხადებით, კულტურის სამინისტროსა და RMG GOLD-ის მიერ ჩამოყვანილმა ორმა უცხოელმა ექსპერტმა დადო დასკვნა, სადაც პირდაპირ წერია, რომ საყდრისი არის უძველესი მაღარო. 

"გარდა ამისა, საყდრისის კომიტეტის წევრები ვაპირებთ პროკურატურის მიმართულებით გააქტიურებას. მივმართავთ მთავარ პროკურორ გიორგი ბადაშვილს, პირად კონტროლზე აიყვანოს საყდრისის საქმე და დაიცვას კულტურული მემკვიდრეობა", - განაცხადა ირაკლი მამალაძემ. 
მისივე თქმით, საყდრისი-ყაჩაღიანის მაღარო შეგნებულად დააზიანა RMG GOLD-მა, ამიტომ მთავარმა პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს და დასაჯოს ის ადამიანები, ვინც ხელყო კულტურული ძეგლი. 

ძეგლთა დაცვის ეროვნული საგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძისთვის კი, გაუგებარია ის მოთხოვნები, რომელსაც საყდრისის გადარჩენის კომიტეტი აყენებს. როგორც ნიკა ანთიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, საყდრისთან დაკავშირებით უცხოელი ექსპერტების მიერ დაწერილმა დასკვნებმა საკმაოდ პოზიტიური ძვრები განახორციელა.

"ჩვენ საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან ერთად, კომპანიასთან ერთად დაგეგმილი გვაქვს მთელი რიგი ის სამეცნიერო ქმედებები, რაც საკითხს საბოლოოდ ამოწურავს. მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ არსებობენ პირები, რომლებიც არასწორ ინტერპრეტაციას აძლევენ დასკვნას და საზოგადოება სპეციალურად თუ უნებლიედ შეცდომაში შეჰყავთ. მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი უკვე გადაზრდილია იმ საინტერესო და კარგ ჭრილში, რასაც სამეცნიერო საკითხი ჰქვია. ჩვენ ეროვნულ მუზეუმთან ერთად ვმუშაობთ კონკრეტულ ქმედებებზე. გაუგებარია საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრების მოთხოვნები და თვითონ ეს მოთხოვნებიც შეუსაბამოა. ერთ ადგილას ისინი ამბობენ სტატუსი აღუდგესო საყდრისს, მეორე ადგილზე სხვა ექსპერტების ჩამოყვანას ითხოვენ. თავიდან არ ენდობოდნენ ექსპერტებს და ახლა უცებ რატომღაც ენდობიან. ამიტომ, მე ამ საკითხის კომენტირება ცოტა გამიჭირდება", - თქვა ანთიძემ.

კომენტარები