ანტიდისკრიმინაციული კანონი

პრეზიდენტი: ანტიდისკრიმინაციული კანონით არ ვკარგავთ ჩვენს ტრადიციებს

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, ანტიდისკრიმინაციული კანონი ქართულ საზოგადოებას უფრო ჰუმანურს ხდის, ხოლო სახელმწიფოს - უფრო ცივილიზებულს. ამასთან, როგორც მარგველაშვილმა ტელეკომპანია იმედის გადაცემაში - პოლიტიკის დრო - აღნიშნა, მისთვის გასაგები და მისაღებია, რომ მისი მეგობარი, ბიზნესმენი ლევან ვასაძე კანონს უარყოფითად აფასებს, რადგან პრეზიდენტის თქმით, ეს დემოკრატიის ნაწილია.

"მე, როგორც ამ კანონის ხელმოწერით, ასევე განცხადებებით, მხარი დავუჭირე ამ კანონს და არა მარტო მე - სრულიად ერთიან პოზიციაზე ვიყავით როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ისე პრემიერი. ანტიდისკრიმინაციული კანონით არ ვკარგავთ ჩვენს ტრადიციებს. ეს კანონი ჩვენს საზოგადოებას უფრო ჰუმანურს ხდის, ხოლო სახელმწიფოს – უფრო ცივილიზებულს. რეალურად, ჩვენი ღირებულებები სწორედ რომ ქრისტიანულია. ვაჟა-ფშაველა ამბობდა, რომ ერთურთის დანდობა არის ვაჟკაცობა და ამას მიუძღვნა მთელი პოეზია. ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია, რომ არიან ადამიანები, რომლებიც აკრიტიკებენ ამ კანონს, ეს ჩვენი დემოკრატიის ნაწილია. ბუნებრივია, გასაგებია, რომ ჩემი მეგობარი ლევან ვასაძე, რომელთანაც დღესაც ვმეგობრობ, სხვანაირად ხედავს ამ საკითხებს, სხვანაირად აფასებს და ეს ჩემთვის მისაღებია. ეს მისი დემოკრატიული უფლებაა. მას აქვს უფლება ჰქონდეს სხვანაირი შეხედულება და შემდეგ ის გამოხატოს", – განაცხადა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, ბიზნესმენი ლევან ვასაძე შეუერთდა პეტიციას, რომლითაც საინიციატივო ჯგუფი პარლამენტში საკანონმდებლო წინადადების დაყენებას აპირებს. ისინი ითხოვენ ანტიდისკრიმინაციულ კანონში აღარ იყოს სიტყვები "გენდერული იდენტობა" და "სექსუალური ორიენტაცია".

კომენტარები