საქართველო-რუსეთის ურთიერთობა

პრეზიდენტი: პროვოკაციების ფონზეც კი ვინარჩუნებთ რაციონალურ პოლიტიკას რუსეთთან

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, საქართველოს საგარეო პოლიტიკა წარმატებულია, რადგან ოკუპაციის ხაზთან "გახშირებული პროვოკაციების ფონზე", ქვეყანა ინარჩუნებს "რაციონალურ პოლიტიკას" რუსეთთან. მისი თქმით, "ეს უაღრესად დანის პირზე სასიარულო და მისასალმებელია". ამის შესახებ მარგევლაშვილმა იმედის ეთერში, გადაცემაში - პოლიტიკის დრო - განაცხადა.

"საგარეო პოლიტიკა, ჩემი აზრით, არის წარმატებული, იმიტომ, რომ ურთულეს ვითარებაში, როდესაც სამწუხაროდ, არ ჩერდება პროვოკაციები ოკუპაციის ხაზთან, მიმდინარეობს ადამიანების გატაცება, მავთულხლართებით ადამიანების დაშორიშორება ერთმანეთისგან, ამ ფონზე ჩვენ ვინარჩუნებთ რაციონალურ პოლიტიკას რუსეთის ფედერაციასთან, რაც უაღრესად დანის პირზე სასიარულო და მისასალმებელია. გვაქვს წარმატება პრაღის ფორმატში, სადაც ეკონომიკურ საკითხებზე ვსაუბრობთ და წელს, პირველ ორ კვარტალში ძალიან სერიოზულად გაიზარდა რუსეთთან ვაჭრობის მაჩვენებელი. ამავე ფონზე, ჩვენ ევროატლანტიკურ ვექტორს არა მარტო ვინარჩუნებთ, არამედ კონკრეტულ შედეგებსაც ვაღწევთ – ეს იყო ვილნიუსი შარშან და ეს იქნება ხელმოწერა ივნისში", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები