ვირუსული მენინგიტი

სერგეენკო: ვირუსული მენინგიტის 142 შემთხვევა დაფიქსირდა

ipress.ge

დილის მონაცემებით  ვირუსული მენინგიტის 142 შემთხვევაა დაფიქსირებული. ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა.

როგორც მინისტრი ამბობს, ყველა შემთხვევა საშუალო და მსუბუქი მიმდინარეობისაა. მისი ინფორმაციით, 87 პაციენტი მკურნალობის კურსს იაშვილის კლინიკაში გადის. დაუზუსტებელი მონაცემებით, ქუთაისში 15 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო დაზუსტებული მონაცემებით, ბათუმში - 4 შემთხვევა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ამ ტიპის დაავადებას, სპეციფიკური ვაქცინა არ აქვს, მას მასობრივი დეზინფექცია არ აჩერებს და ერთადერთი ეფექტური საშუალება პირადი ჰიგიენის წესების დაცვაა.

„პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს“, - დასძენს სერგეენკო.

როგორც დავით სერგეენკომ განმარტა, სამინისტროს განსაკუთრებულ შემთხვევებში შვიდი ძირითადი სამოქმედო ბრძანება და სარეზერვო ვარიანტები აქვს.
რაც შეეხება სამკურნალო პრეპარატების საკითხს, სერგეენკო აღნიშნავს, რომ ამ დაავადებას სპეციფიური ანტივირუსული სამკურნალო პრეპარატი არ აქვს.

„მკურნალობა ისეთი სიმპტომების მართვაში გამოიხატება, როგორიც არის თავის ტკივილი, გაუწყლოება და ტემპერატურის მართვა. ამ მხრივ, სამკურნალო პრეპარატებში არანაირი შეზღუდვა და საფრთხეები არ არსებობს“, - აღნიშნავს დავით სერგეენკო.  

რაც შეეხება მენინგიტის გამო სასწავლო პროცესის შესაძლო შეჩერების საკითხს, როგორც სერგეენკო ამბობს, დღეს ჯანდაცვის სამინისტროში განათლების სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელთა ერთობლივი შეხვედრა გაიმართება, სადაც სწორი გადაწყვეტილების მისაღებად მაქსიმალური გათვლები გაკეთდება.

მენინგიტის საკითხზე მიმართვას  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროც ავრცელებს. „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში  ვირუსული მენინგიტის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. მოზარდების, მასწავლებლებისა და მშობლების ინფორმირებულობის, უსაფრთხოებისა და  პრევენციის მიზნით, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, სკოლაში და მის ფარგლებს გარეთ მკაცრად დაიცვათ სანიტარულ - ჰიგიენური ნორმები!“ - ნათქვამია განათლების სამინისტროს მიმართვაში. 

კომენტარები