ასოცირების შესახებ ხელშეკრულება

საქართველო ევროკავშირისგან 19 მილიონ ევროს მიიღებს

საქართველო ევროკავშირისგან დამატებით 19 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას მიიღებს. ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის ფარგლებში დახმარების შესახებ შეთანხმებას საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ დღეს ბრიუსელში ხელი მოაწერეს.

აღმოსავლეთ პარტნიორობის პრიორიტეტების მხარდაჭერის მიზნით ევროკომისიის დახმარების ინსტრუმენტი - ყოვლისმომცველი ინსტიტუციონალური განვითარების პროგრამა მიზნად პარტნიორი ქვეყნების ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გაძლიერებას და ასოცირების შესახებ ხელშეკრულებასთან (მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭოს სივრცის შექმნის შესახებ ხელშეკრულებასთან) დაკავშირებული ღონისძიებების მხარდაჭერას ისახავს.

ინსტრუმენტი, ასევე, იმ ინსტიტუტების საქმიანობათა გაუმჯობესებას ითვალისწინებს, რომლებიც გამარტივებულ სავიზო რეჟიმს, რეადმისიის შეთანხმებას და მიგრაციის საკითხებს ეხება.

2011-2013 წლებში საქართველოს 30.86 მილიონი ევრო გამოეყო. დახმარების შემდეგი ეტაპი 2014-2020 წლებს მოიცავს და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების განხორციელებას ისახავს მიზნად.

კომენტარები