იუსტიციის სამინისტროს განცხადება

იუსტიციის სამინისტრო: ომბუდსმენის 3 რეკომენდაცია პროკურატურას გადავეცით

იუსტიციის სამინისტრო არ იზიარებს სახალხო დამცველის შენიშვნას იმის შესახებ, რომ სამინისტრომ ომბუდსმენის არც ერთი რეკომენდაცია არ შეასრულა.

როგორც იუსტიციის სამინსიტროს განცხადებაშია ნათქვამი, სახალხო დამცველის 4  რეკომენდაციიდან სამინისტრომ 3  მთავარ პროკურატურას გადაუგზავნა, რადგან ამ რეკომენდაციების შესრულება იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებს სცდებოდა. 

რაც შეეხება მთავარი პროკურატურისთვის გადაგზავნილი რეკომენდაციების შინაარს, ისინი 3 საქმეზე ჩატარებული მოქმედებების - სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორის თენგიზ გუნავას, პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის გიორგი კალანდაძის, მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის; თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩანა ახალაიას, მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეზე მოწმეთა დაკითხვის - კანონიერების საკითხის შესწავლას ეხება.

სახალხო დამცველის კიდევ ერთი რეკომენდაცია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის ბრძანებაში "საჯარო რეესტრის შესახებ" ინსტრუქციაში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებდა. ომბუდსმენის რეკომენდაციით, ამით საჯარო რეესტრში დაცული დოკუმენტაციის დედნების გამოთხოვა და საექსპერტო დაწესებულების მომართვის საფუძველზე მათი საექსპერტო დაწესებულებებში გადაგზავნა შესაძლებელი გახდებოდა. 

„სახალხო დამცველის რეკომენდაციის შეუსრულებლობა იუსტიციის სამინისტროს მხრიდან განპირობებულია შემდეგი სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებებით: სარეგისტრაციო დოკუმენტაციის გამოთხოვის პირობებს  "საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს; ინსტრუქცია კი ადგენს წესს, როგორ უნდა გაიცეს დოკუმენტის დედანი. სახალხო დამცველმა "საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი არასწორად განმარტა და იგი, როგორც ახალი, კანონისაგან განსხვავებული სახის რეგულირების შესაძლებლობად მიიჩნია. მაშინ, როდესაც, საკანონმდებლო რეგულირების შესაბამისად, განმცხადებლის მოთხოვნით დოკუმენტაციის გამოთხოვა მხოლოდ "საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობების არსებობისას შესაძლებელია“, - ნათქვამია იუსტიციის სამინსიტროს განცხადებაში.

ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ია სერვისების განვითარების სააგენტო, რომელმაც სახალხო დამცველის რეკომენდაციები 100 პროცენტით შეასრულა თუმცა, რატომღაც, სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ეს სსიპი, საჯარო რეესტრიგან განსხავავებით ცალკე იყო განხილული.

იუსტიციის სამინისტრო ადასტურებს, რომ საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და ომბუდსმენის აპარატთან საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში თანამშრომლობისთვის მზადაა.

კომენტარები