ნავანეთემ პილაის ვიზიტი

ნავი პილაიმ საქართველოში ვიზიტი შეაჯამა

ამერიკის ხმა

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ნავი პილაიმ საქართველოში ვიზიტი შეაჯამა. მისი განცხადებით, მიესალმება ქვეყანაში „მრავალმხრივი და ყოვლისმომცველი“ საკანონმდებლო რეფორმების გატარებას ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, სასჯელაღსრულების სისტემაში გაუმჯობესებულ პირობებს, დადებით ტენდენციებს სასამართლო სისტემაში. ამასთან, პილაიმ აღნიშნა, რომ აუცილებელია სამართალდამცავ სტრუქტურებზე მეტი კონტროლი. მან უმცირესობების უფლებებთან დაკავშირებითაც გამოთქვა წუხილი.

"კანონმდებლობა მიღებულია, შემუშავების პროცესშია ან იგეგმება მისი მიღება პრაქტიკულად ყველა წამყვან სფეროში, სადაც არსებობს აშკარა ნაკლოვანებები. მე ვერ ვიხსენებ ჩემი ამ თანამდებობაზე ყოფნის 6 წლის განმავლობაში ვერც ერთ ქვეყანას, სადაც მსგავსი მრავალმხრივი და ყოვლისმომცველი ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეფორმა ყოფილიყო გატარებული ასეთი მცირე დროის განმავლობაში“, – უთხრა  პილაიმ ჟურნალისტებს 21 მაისს და ხაზი გაუსვა კანონმდებლობის ეფექტურად განხორციელების მნიშვნელობას.

სასამართლო სისტემაზე საუბრისას გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ნავი პილაიმ გამამართლებელი განაჩენების რაოდენობის ზრდის ტენდენციაზე მიანიშნა და განაცხადა, რომ ეს რაოდენობა სულ „უფრო რეალისტური“ ხდება. მისი თქმით, მოსამართლეები უფრო „დამოუკიდებლები გახდნენ აღმასრულებელი შტოსაგან და პროკურორებისგან“.

სასჯელაღსრულების სისტემის შესახებ მან განაცხადა, რომ „მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა“ პირობები ციხეებში, სადაც „სისტემატური წამება და არასათანადო მოპყრობა საკმაოდ გავრცელებული იყო“.

ამასთან, პილაიმ მოუწოდა ხელისუფლებას, რომ პრევენციის ეროვნულ მექანიზმთან ერთად ციხეებში მონიტორინგის განსახორციელებლად არასამთავრობო ორგანიზაციებიც დაუშვას. ასევე, შექმნას დამოუკიდებელი მექანიზმი, რომელიც სასჯელაღსრულების სისტემაში არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებულ საჩივრებს გამოიძიებს. გარდა ამისა, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ხელისუფლებას დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს ჩამოყალიბების რეკომენდაციას აძლევს, რომელიც პოლიციის და სხვა სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ ჩადენილი სამართალდარღვევების ფაქტებს გამოიძიებს. პილაის თქმით, ეს „ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ეჭვების და უნდობლობის გაქარწყლებას არასათანადო მოპყრობის ბრალდებებთან დაკავშირებით, როგორიცაა იმგვარი ბრალდებები, რომლებიც ყოფილი პრემიერმინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმეს უკავშირდება“.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ასევე მოუწოდა ხელისუფლებას "რაც შეიძლება სწრაფად აამოქმედოს მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი, რომელიც 2015 წლის 31 დეკემბრამდე გადაიდო". 

მან ასევე აღნიშნა წუხილები უკანონო თვალთვალისა და მიყურადების შესახებ და მიესალმა პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომ მომდევნო კვირას პირველი მოსმენით მიიღოს უფრო მკაცრი რეგულაციები, რაც მთავრობის მხრიდან თვალთვალის პრაქტიკას უფრო მეტ კონტროლს დაუწესებს. 

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ნავი პილაი შეხვდა პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს და სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლებს, ასევე პარლამენტის თავმჯდომარეს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, სახალხო დამცველს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. პილაი ესტუმრა იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებებს და სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს.

კომენტარები