ენობრივი პოლიტიკა

ენობრივი პოლიტიკა საქართველოში და ინგლისურის გლობალური როლი

2010 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც მაშინდელმა ხელისუფლებამ ინგლისურის ქვეყნის „მეორე ენად" გადაქცევის მიზნით საგანმანათლებლო და მედიაპროგრამების დაფინანსება დაიწყო – საქართველოში არ წყდება დისკუსია ინგლისური ენის ცოდნის საჭიროების შესახებ.

2010 წლამდე ქართულ სკოლებში უცხო ენების სწავლება საჯარო დებატების საგანი არ ყოფილა. მართალია, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ „რუსული ენისა და ლიტერატურის" საათები შემცირდა, მაგრამ რუსული კვლავ რჩებოდა პირველ უცხო ენად, რომელსაც სასკოლო პროგრამის თანახმად ქართველი ბავშვები უნდა დაუფლებოდნენ. ამასთანავე, რუსულს ჰქონდა პრიორიტეტი იმ მხრივაც, რომ მოსწავლეებს არა მხოლოდ რუსული ენა, არამედ ლიტერატურაც უნდა ესწავლათ, მაშინ როცა ინგლისურის, გერმანულის, ფრანგულის და სხვა ენების შემთხვევაში, ამ ენებზე შექმნილი ლიტერატურა ცალკე საგნად არ ისწავლებოდა.

ამგვარი რეალობა 1990-იან წლებში შეგვიძლია ნაწილობრივ საბჭოურ ინერციას მივაწეროთ და ნაწილობრივ შევარდნაძის ხელისუფლების საგარეო პრიორიტეტებს. მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ის ფაქტიც, რომ ხელისუფლება მასწავლებლებს საარჩევნო ხმების რეზერვუარად განიხილავდა და ისეთი რეფორმის გატარებას ერიდებოდა, რომლებიც მათი დიდი რაოდენობის სამსახურიდან დათხოვნას და ახალი პერსონალიებით შეცვლას გამოიწვევდა.

2005 წელს უცხო ენა სკოლაში არჩევითი გახდა, ხოლო 2010 წლიდან პირველი უცხო ენა ყოველთვის ინგლისური უნდა იყოს. არჩევითობის პრინციპი შენარჩუნებულია მეორე უცხო ენასთან მიმართებით, რომლის სწავლებაც მე-7 კლასიდან იწყება.

ამგვარი სტატუსკვო ჯერ კიდევ არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ინგლისურის და, მით უმეტეს, სხვა უცხო ენების შესწავლა საქართველოს სკოლებში გაიოლდება. სასკოლო განათლების დაბალ ხარისხთან ერთად, ენების სწავლას ის გარემოებაც აფერხებს, რომ საქართველოში ძნელია შესაბამისი უცხოენოვანი გარემოს პოვნა.

აქედან გამომდინარე, საინტერესო იქნებოდა კიდევ ერთხელ გაგვეაზრებინა, თუ რატომაა საჭირო ინგლისური საქართველოში და გადაგვეხედა სხვა ქვეყნების გამოცდილებისათვის ინგლისურის ათვისებისა და გამოყენების კუთხით.

ინგლისურის გავრცელება დღევანდელ მსოფლიოში

უკვე რამდენიმე წელია, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია EF Education First მსოფლიოში ინგლისური ენის გავრცელებას იკვლევს. კვლევის – რომლის მეთოდოლოგია საკამათოა – შედეგების თანახმად, ინგლისურის გავრცელების ყველაზე მაღალი დონით დასავლეთ ევროპის პატარა ქვეყნები და აზიის ყოფილი ბრიტანული კოლონიები გამოირჩევიან.

პატარა ქვეყნებისთვის ინგლისურის, როგორც საერთაშორისო „Lingua Franca"-ს (სხვადასხვა ქვეყნებსა და ერებს შორის ურთიერთობის ენა) საჭიროებას მცირე ზომის შიდა ბაზარი იწვევს. პრესა, ლიტერატურა, ტელევიზია და სხვა მედიასაშუალებები პატარა ქვეყნებში მცირე ბიუჯეტებით სარგებლობენ და უცხოენოვანი პროდუქციის გადათარგმნის ფინანსური სახსრები და ადამიანური რესურსები არ მოეპოვებათ – განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა საქმე სამეცნიერო ლიტერატურის ან სხვა ნაკლებად გაყიდვადი მედიაპროდუქციის თარგმნას ეხება. სწორედ ამის გამო, ჰოლანდიასა და სკანდინავიის ქვეყნებში ინგლისურის ცოდნა უმაღლესი განათლების მიღების და კვალიფიციური სამუშაოს პოვნის აუცილებელი წინაპირობაა.

ბრიტანეთის ყოფილ კოლონიებს ინგლისური ენა ისტორიული მემკვიდრეობით ერგოთ. ინდოეთში, მალაიზიასა და სინგაპურში ინგლისურმა ბრიტანეთის იმპერიის დაშლის შემდეგაც შეინარჩუნა ოფიციალური სტატუსი, რადგან ამ ეთნიკურად ჭრელ და მრავალენოვან ქვეყნებში რომელიმე ადგილობრივი ენისათვის პრიორიტეტის მინიჭება სამოქალაქო მშვიდობის დარღვევას გამოიწვევდა.

EF English Proficiency ინდექსში ქვეყნების მესამე, საერთაშორისო ენის ათვისების მხრივ ნაკლებად წარმატებული ჯგუფი, ძირითადად, დიდი შიდა ბაზრის მქონე ქვეყნებს წარმოადგენს, რომლისთვისაც უცხოური კულტურული და მედიაპროდუქციის თარგმნა შედარებით რენტაბელურია. განსხვავებით ჰოლანდიისა და შვედეთისაგან, სადაც ამერიკულ ფილმებს სუბტიტრებით უჩვენებენ, ევროპის დიდ ქვეყნებში (გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი), ისევე როგორც ბრაზილიაში, რუსეთში, თურქეთში და ა.შ., ტელეეკრანებზე უცხოური ფილმები და ტელეგადაცემები სრული სინქრონიზაციით გადის, რაც ამ ქვეყნებში ინგლისურის სწავლისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამაბრკოლებელი ფაქტორია. მიუხედავად ამისა, ინგლისური ენის გლობალურ „Lingua Franca"-დ ჩამოყალიბებამ ევროპის ყველა ქვეყანაში გააჩინა მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალებისთვის ინგლისური ენის სწავლის საჭიროება, რამდენადაც ვიწრო სპეციალიზაციის სამეცნიერო ლიტერატურა უმეტეს შემთხვევებში მხოლოდ ინგლისურადაა ხელმისაწვდომი.

ინგლისური ევროკავშირის ქვეყნებში

საქართველოში ხშირად გაიგონებთ მოსაზრებას არა მხოლოდ ინგლისურის, არამედ სხვა უცხო ენების ცოდნის აუცილებლობის შესახებ. ქართულ საგანმანათლებლო სისტემაში უცხო ენების სწავლებაც ამავე პრეზუმფციას ეფუძნება: საჯარო და კერძო სკოლების უმეტესობა ბავშვებს ასწავლის ორ ან სამ უცხო ენას, მიუხედავად იმისა, რომ ენების ცოდნის დონე ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ დაბალია და მოსწავლეების დიდი უმრავლესობა სკოლაში ვერცერთი უცხო ენის სრულყოფილად შესწავლას ვერ ახერხებს.

ევროპის გამოცდილება აჩვენებს, რომ სკოლებში რამდენიმე უცხო ენის სწავლების მიუხედავად, კლებულობს იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ინგლისურის გარდა რომელიმე სხვა უცხო ენას ფლობენ, მაშინ როცა ინგლისურის მცოდნეთა რაოდენობა ბოლო პერიოდში მკვეთრად იზრდება.

ასეთი ტენდენცია იკვეთება ევროკავშირის ქვეყნებში ევრობარომეტრის მიერ 2005 და 2012 წლებში ჩატარებული რეპრეზენტაციული კვლევების შედეგებიდან. ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში, გარდა ბალტიისპირეთის სამი ქვეყნისა (ლიტვა, ლატვია, ესტონეთი), ინგლისური პირველ ადგილზე დგას, როგორც მოსახლეობაში ყველაზე ფართოდ გავრცელებული უცხო ენა. თვით სლავური ენის მქონე ყოფილ კომუნისტურ ქვეყნებშიც კი (პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, ბულგარეთი), სადაც ადრე რუსული სავალდებულო იყო, მოქალაქეთა თვითშეფასების თანახმად, ინგლისურის ცოდნის დონე წინ უსწრებს რუსულისას. ახალგაზრდა ასაკის მოსახლეობაში კიდევ უფრო მკვეთრადაა ეს ტენდენცია გამოხატული: 30 წლამდე ასაკის მოსახლეობა თვით ბალტიისპირეთის ქვეყნებშიც კი უფრო მეტად ფლობს ინგლისურს, ვიდრე რუსულს.

აქვე საინტერესოა განვიხილოთ „დიდი მეზობელი ქვეყნის ენის ცოდნის აუცილებლობა", რითაც საქართველოში ხშირად ასაბუთებენ რუსულის საჭიროებას. რუსეთთან 1300-კილომეტრიანი საერთო საზღვრის მქონე 5-მილიონიანი ქვეყანა, ფინეთი, „ცივი ომის" პერიოდში სსრკ-ის დე ფაქტო სატელიტი იყო. ფინეთის ეკონომიკა იმდენად მჭიდროდ იყო გადაჯაჭვული სსრკ-ზე, რომ საბჭოთა იმპერიის დაშლამ ფინეთში 15%-იანი ეკონომიკური რეცესია და მოსახლეობის კეთილდღეობის დონის ვარდნა გამოიწვია. მიუხედავად ამისა, 2012 წელს ფინელების მხოლოდ 3% ლაპარაკობდა რუსულ ენაზე, მაშინ როცა ინგლისურად მოლაპარაკეთა ხვედრითი წილი 70%-ს უტოლდებოდა, ხოლო გერმანულად მოლაპარაკეთა – 18%-ს. მონაცემები დაახლოებით იგივე იყო 2005 წელს ჩატარებულ კვლევაშიც. რუსული ენა მხოლოდ პოსტსაბჭოურ სივრცეზეა ფართოდ გავრცელებული და ისევ ასრულებს „Lingua Franca-ს" (რასაც სსრკ-ში „ერთაშორისი ურთიერთობის ენა", „Язык межнационального общения" ეწოდებოდა) ფუნქციას.

ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე მცირდება არა მხოლოდ რუსულის, არამედ გერმანულის და ფრანგულის ცოდნის დონეც, რაც შემთხვევითი არ არის. ცხოვრების ყველა სფეროში მიმდინარე გლობალიზაცია ერთი საერთაშორისო ენის ცოდნას მოითხოვს, რათა ადამიანებმა საკუთარი ქვეყნის საზღვრებს მიღმა მდებარე სამყაროსთან კომუნიკაცია შეძლონ. ასეთი ენა მთელ მსოფლიოში ინგლისურია, რის გამოც სხვა უცხო ენების ცოდნა ნაკლებად პრაქტიკული ხდება.

ინგლისური ენა და საქართველოს განვითარების პერსპექტივა

English Proficiency Index-ისა და ევრობარომეტრის კვლევებში თვალშისაცემია ის ფაქტი, რომ ქვეყნები ინგლისურის კარგად მცოდნე მოსახლეობით ეკონომიკური თვალსაზრისით უფრო დაწინაურებულები არიან, ვიდრე მათი მეზობლები. ინგლისური წარმოადგენს ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, რამდენადაც ის ინვესტიციების მოზიდვას, ტურიზმის განვითარებას და დანარჩენ სამყაროსთან სავაჭრო ურთიერთობების დამყარებას უწყობს ხელს. ინგლისურის კარგი ცოდნა – კანონმდებლობაში ბრიტანული სამართლის ელემენტების შენარჩუნებასთან ერთად – ყოფილ ბრიტანულ კოლონიებს, ყოფილ ფრანგულ, პორტუგალიურ და ა.შ. კოლონიებთან შედარებით, უფრო კონკურენტუნარიანებს ხდის და მათ სწრაფ ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს.

საქართველოში ინგლისური ენის ცოდნის დონის გაზრდას ასევე დადებითი ეფექტი ექნება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივაზე. ტურისტებისა და ინვესტორების მოზიდვა საგრძნობლად გაადვილდება, თუკი ქვეყანაში იარსებებს ინგლისურად მოლაპარაკე სერვისსექტორი, ე.ი. თუ ქართველ საჯარო მოხელეებს, ადვოკატებს, ექიმებს, სასტუმროებისა და რესტორნების მომსახურე პერსონალს და ა.შ. შეეძლებათ იოლად დაამყარონ კონტაქტი საზღვარგარეთიდან ჩამოსულ სტუმრებთან, რომლებსაც ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის წამოწყების ან თუნდაც მხოლოდ დასვენების ინტერესი ამოძრავებთ.

ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა არა მხოლოდ ტელეეკრანებზე ინგლისურენოვანი ფილმების სუბტიტრებით ჩვენების წახალისება, არამედ მკაფიო და რეალისტური საგანმანათლებლო პოლიტიკა, რომელიც აღიარებს, რომ საქართველოში სკოლების უმრავლესობას რამდენიმე უცხო ენის ეფექტური სწავლებისათვის საჭირო რესურსი არ გააჩნია და უმჯობესია, კონცენტრირება გლობალური კომუნიკაციის მთავარი ენის შესწავლაზე მოხდეს.

კომენტარები