საქართველოს პრეზიდენტი

პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ასოცირების შეთანხმებას ხელი თავად უნდა მოაწეროს

საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას ხელი თავად უნდა მოაწეროს, თუმცა, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ამაზე დავას არ აპირებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლაშა აბაშიძემ განუცხადა.

„პრეზიდენტის პოზიციაა, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმებას ხელ უნდა მოაწეროს საქართველოს პრეზიდენტმა. მაგრამ, ამ შეთანხმების სტრატეგიული და მაღალი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ამ საკითხის რამე გართულებას და გამწვავებას, გამოდავებას და დღის წესრიგში დაყენებას არ აპირებს", - განაცხადა აბაშიძემ.

მან დაადასტურა, რომ კონსულტაციები პრეზიდენტთან ამ საკითხზე არ ყოფილა და ამ ფაქტის შეფასებისგან თავი შეიკავა.

დღეს საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ კოალიციის და მთავრობის გადაწყვეტილებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელს თავად მოაწერს. მის თქმით, ამ საკითხზე მთავრობას პრეზიდენტთან არ უმსჯელია.

კომენტარები