ადგილობრივი არჩევნები 2014

უგულავა: მელია მეორე ტურში გაიმარჯვებს

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა დარწმუნებულია, რომ თბილისის მერობის ნაციონალური მოძრაობის  კანდიდატი ნიკა მელია არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვებს. ამის შესახებ უგულავამ ტელეკომპანია იმედის გადაცემა რეაქციაში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ „ნიკა მელია იქნება თავისუფალი, დამოუკიდებელ და, ამ გაგებით ყველაზე ზეპარტიული მერი, რომელიც კი თბილისს ჰყოლია 1992 წლიდან, ჩემი ჩათვლით“.

სწორედ ამ მოტივით ახსნა უგულავამ ის, რომ თავად არც თბილისის საკრებულოში იყარა კენჭი -  „რომ გამოირიცხოს თუნდაც პარტიული ზეგავლენა“.  

გიგი უგულავა ასევე იმ სარჩელს შეეხო,  რომლითაც, საკონსტიტუციო სასამრთლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, თანამდებობაზე აღდგენას მოითხოვს. ყოფილი მერის თქმით, მისი მიზანი არ არის თანამდებობაზე დაბრუნება, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მნიშვნელობა „ცდება რომელიმე პერსონის სამსახურში დაბრუნებას“.

უგულავას თქმით, მთავარი ამ საქმეში ისაა, რომ მომავალში არ იქნას დაშვებული არჩევითი თანამდებობის პირის უფლებამოსილების შეჩერება იმ ფორმით, როგორც ეს მის შემთხვევაში მოხდა. 

კომენტარები