ასოცირების შესახებ შეთანხმება

წულუკიანი: თითოეული მოქალაქე დაიღალა იმის შემყურე თუ ვინ მოაწერს ხელს

თეა წულუკიანი

თითოეული მოქალაქე დაიღალა იმის შემყურე თუ ვინ მოაწერს დოკუმენტს ხელს - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

წულუკიანის განცხადებით არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ასოცირების შეთანხმებას ხელს ვინ მოაწერს.

"დაიღალა პრეზიდენტი, დაიღალა პრემიერი, დაიღალა თითოეული მოქალაქე, დავიღალე მეც. ჩემთვის, მთელი მთავრობისთვის, პრეზიდენტისთვის არ არის მნიშვნელოვანი ეს საკითხი. უბრალოდ მოხდა ისე, რომ ეს დებატი შედგა ამ თემაზე, რაც დასანანია. დღეს მთავრობამ დასვა წერტილი. თქვა, რომ პრემიერი მოაწერს ხელს. მე ძალიან გამიხარდა პრეზიდენტის განცხადება, როგორც ქვეყნის გამაერთიანებლის, იმ ადამიანის, რომელმაც ზემოდან მასშტაბურად უნდა უყუროს მოვლენებს. პრეზიდენტი ამბობს, რომ მთავარია ქვეყანამ მოაწეროს ხელი, ამას იზიარებს პრემიერი და მიხარია, რომ მოქალაქეებიც ასე თვლიან" - აღნიშნა წულუკიანმა. 

შეგახსენებთ საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას ხელი თავად უნდა მოაწეროს, თუმცა, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ამაზე დავას არ აპირებს. საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განაცხადებით კი კოალიციისა და მთავრობის გადაწყვეტილებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელს თავად მოაწერს. მის თქმით, ამ საკითხზე მთავრობას პრეზიდენტთან არ უმსჯელია.

კომენტარები