უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.

უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილის ზოგიერთ ოლქში პრორუს სეპარატისტებს ამ დრომდე დაკავებული აქვთ ადმინისტრაციული შენობები და საარჩევნო კომისიები. სეპარატისტთა ლიდერების განცხადებით, ისინი არ დაუშვებენ საპრეზიდენტო არჩევნების გამართვას თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში. უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ლუგანსკში 1 771 873 ამომრჩეველია, დონეცკის ოლქში კი - 3 289 616. ლუგანსკში 12 ოლქიდან არჩევნები მხოლოდ ორში მიმდინარეობს. 

საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად გაიმართება კიევის მერის არჩევნები. ზოგიერთ რეგიონში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება. 

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმი. თუმცა, ყირიმში მცხოვრებ უკრაინის მოქალაქეებს საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემა ქვეყნის სხვა რეგიონებში შეეძლებათ. 

პრეზიდენტობის უმთავრესი ფავორიტი კორპორაცია როშენის მფლობელი, ბიზნესმენი, უმაღლესი რადას დეპუტატი პეტრო პოროშენკოა. ფორბსის 2014 წლის მონაცემებით, პეტრო პოროშენკოს ქონება 1,3 მილიარდი დოლარია. უკრაინელი ბიზნესმენი ქვეყნის ევროპულ კურსს უჭერს მხარს და მაიდანის აქტიური მხარდაჭერით გამოირჩეოდა. ის 2009 წელს იულია ტიმოშენკოს მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე იყო, 2012 წელს კი ეკონომიკის მინისტრის პოსტს იკავებდა. იულია ტიმოშენკო არჩევნებში მისი უმთავრესი კონკურენტია.

უკრაინაში საპროტესტო გამოსვლები გასული წლის ნოემბერში მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე. რასაც მასობრივი არეულობა და დაპირისპირება მოყვა. 

კომენტარები