კრიმინალი

პოლიციამ ორი ადამიანის დაჭრის ბრალდებით, ერთი პირი დააკავა

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს კრიმინალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 1991 წელს დაბადებული კონსტანტინე ლ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, კონსტანტინე ლ-ს თბილისში, გამრეკელის ქუჩაზე, შელაპარაკება მოუვიდა 1969 წელს დაბადებულ გიორგი ჯ-სთან და 1993 წელს დაბადებულ ნიკოლოზ ი-სთან, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღით ორივე ფეხის არეში დაჭრა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა იგი ადგილზევე დააკავეს. ნიკოლოზ ი. და გიორგი ჯ. გადაიყვანეს საავადმყოფოში და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილით და 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).

კომენტარები