დამოუკიდებლობის დღე

მერაბიშვილი: სამხედრო აღლუმის ტრადიცია შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებას ეწირება

ვანო მერაბიშვილი
ტაბულა

ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმის მნიშვნელოვანი ტრადიცია შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებას შეეწირა. მისი თქმით, 2011 წელს აღლუმის ჩაშლა "ქვეყნის უმთავრესმა მტერმა ვერ მოახერხა ძალადობით", თუმცა, მერაბიშვილი აღნიშნავს, რომ ამას ახლა საქართველოს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება აკეთებს. შს ყოფილი მინისტრის განცხადებით, სამხედრო აღლუმი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის დაღუპული გმირებისთვის პატივის მიგებას და მათ გახსენებას ემსახურება. ასევე, მისი შეფასებით, აღლუმი ძალიან მნიშვნელოვანია ჯარის საბრძოლო სულისკვეთების ამაღლებისთვის.

"გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! ეს დღე ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და გამორჩეული დღესასწაულია. ეს არის დღესასწაული, როდესაც ჩვენ პირველ რიგში ვიხსენებთ იმ დაღუპულ გმირებს, რომლებმაც ჩვენი ხალხის თავისუფლებისთვის და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის გაწირეს თავი.

სხვა მრავალ მიზეზთა შორის, სწორედ ამ გმირებისთვის პატივის მიგებას და მათ გახსენებას ემსახურებოდა სამხედრო აღლუმი, რომელიც ტრადიციულად ტარდებოდა დამოუკიდებლობის დღეს. გარდა ამისა, სამხედრო აღლუმი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ჯარის საბრძოლო სულისკვეთების ამაღლებისთვის. ძალიან სამწუხარია, რომ ის, რაც ჩვენი ქვეყნის უმთავრესმა მტერმა ვერ მოახერხა ძალადობით 2011 წელს, ხორციელდება დღეს, საქართველოს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების მიერ და ეს მნიშვნელოვანი ტრადიცია შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებას ეწირება.

აღლუმი და საკუთარი პროფესიული დღის აღნიშვნა არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენი პოლიციელების განწყობისთვის, რომელთა დასუსუტებამ და დემორალიზებამ უკანასკნელ პერიოდში, გამოიწვია დანაშაულის მკვეთრი მატება და ამას ნათლად ხედავს თითოეული ჩვენი მოქალაქე, მიუხედავად იმისა თუ როგორ სტატისტიკას „დახატავს“ მთავრობა. სამწუხაროა, რომ ახალმა ხელისუფლებამ ამ ტრადიციაზეც უარი თქვა.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღესასწაულს და იმედს ვიტოვებ, რომ დროთა განმავლობაში იგი სათანადოდ იქნება დაფასებული" - აცხადებს ვანო მერაბიშვილი, რომელიც 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლის საქმეზე, პატიმრობაში იმყოფება. სასამართლომ მერაბიშვილი დამნაშავედ ცნო სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ხოლო უდანაშაულოდ ცნო ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით ჩადენილ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში.

უკვე მეორე წელია, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე სამხედრო აღლუმით არ აღინიშნება.

კომენტარები