უკრაინა-რუსეთის ურთიერთობა

ოფიციალური მოსკოვი და თბილისი კიევს: სააკაშვილს მრჩევლად ნუ დანიშნავთ

ლავროვი
novinite.com

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ უკრაინის ახალი პრეზიდენტის მრჩეველი შესაძლოა მიხეილ სააკაშვილი გახდეს.

უკრაინის ახალ ხელისუფლებასთან შესაძლო მოლაპარაკებების საკითხზე საუბრისას სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ მოსკოვსა და კიევს შორის შუამავლები საჭირო არა არის.

„ამ მხრივ, მინდა ყურადღება მივაქციო ბატონი კლიჩკოს ნათქვამს, რომ პეტრო პოროშენკოს გუნდის ფორმირების პროცესში კერძოდ, ამ გუნდში მიხეილ სააკაშვილის ჩართვის განხილვაც არის გათვალისწინებული. ვფიქრობ, ნამდვილად არ არის საჭირო, ეს ადამიანი ჩვენს ქვეყნებს შორის შუამავლად აქციონ“, - აღნიშნა სერგეი ლავროვმა.

ინფორმაციას, რომ შესაძლოა, უკრაინის ახალი პრეზიდენტის მრჩევლები მიხეილ სააკაშვილი და კახა ბენდუქიძე გახდნენ, შეფასებები თბილისშიც მოჰყვა. საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის "პირველი მეგობრული რჩევა უკრაინის ახალი პრეზიდენტისადმი იქნება ის, რომ მიხეილ სააკაშვილი არ გაიკაროს". ასევე, კოალიცია ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია უკრაინის ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილისა და კახა ბენდუქიძის მრჩევლებად დანიშვნას არ ურჩევს. ხოლო საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, "სუვერენული სახელმწიფოს არჩევანია, ვის დანიშნავს საკუთარ მრჩევლად, თუმცა მე პირადად მიხეილ სააკაშვილს არავის არ ვუსურვებდი მრჩევლად".

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის შეფასებით კი, უკრაინის ხელისუფლების გადასაწყვეტია, ვინ იქნება მათი მრჩეველი. ჭიკაიძის თქმით, უკრაინა მეგობარი სახელმწიფოა და მასთან აუცილებლად კარგი ურთიერთობა გვექნება. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის აზრითაც, ვინც არ უნდა იყოს უკრაინის ხელისუფლების მრჩეველი, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა, მისივე თქმით, "ვნახოთ, იქნებიან თუ არა ბენდუქიძე და სააკაშვილი მათი მრჩეველები. თუ იქნებიან, ალბათ თვითონაც მიხვდებიან, რა შედეგს მოიტანს ეს ყველაფერი".

ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატის დავით ნარმანიას განცხადებას facebook-ით გამოეხმაურა კახა ბენდუქიძე.

"ნარმანია რჩევას აძლევს უკრაინის ხელისუფლებას, არ მიიღონ ჩემი რჩევები. სანაცვლოდ ჰპირდება, რომ გაუმხელს კიევში მილიონი ხის დარგვის საიდუმლოს" - აღნიშნავს ბენდუქიძე.

იმის შესახებ, რომ უკრაინის ახალი პრეზიდენტის მრჩევლები შესაძლოა მიხეილ სააკაშვილი და კახა ბენდუქიძე გახდნენ, კიევის მერად არჩეულმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.

კომენტარები