ვირუსული მენინგიტი

დაწყებით კლასებსა და საბავშვო ბაღებში სწავლა კიდევ ოთხი დღით გადაიდო

ipress.ge

საქართველოს მასშტაბით დაწყებით კლასებში (პირლიდან მე–6 კლასის ჩათვლით) და საბავშვო ბაღებში სწავლა კიდევ ოთხი დღით გადაიდო. შესაბამისი რეკომენდაციით, განათლების სამინისტროს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მიმართა. სერგეენკოს განცხადებით, ვირუსული მენინგიტის შემთხვევებმა თბილისში დაიკლო. მინისტრი ვარაუდობს, რომ ერთი კვირის შემდეგ, კლება რაიონებშიც დაიწყება.

"ამ დროისთვის გამოკვეთილი მონაცემებით, თბილისში დინამიკა პოზიტიურია, მაგრამ რადგან ეს ჯერ ასე არ არის რაიონებში, ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ განათლების სამინისტროს, რომ იგივე შეზღუდვები დაწყებით კლასებსა და საბავშვო ბაღებში კიდევ ოთხ დღეს გაგრძელდეს", – თქვა სერგეენკომ.

ვირუსული მენინგიტის შემთხვევების ზრდის გამო საწყის კლასებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 21 მაისს შეწყდა.

კომენტარები