კეზერაშვილის საქმე

კეზერაშვილის მიმართ გამამართლებელ განაჩენს ბრალდების მხარე გაასაჩივრებს

დავით კეზერაშვილის მიმართ ე.წ. სპირტის კონტრაბანდის საქმეზე გამამართლებელ განაჩენს ბრალდების მხარე სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. პროკურორ მერაბ ჯერანაშვილის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ სააპელაციო სასამართლო ხსენებულ განაჩენს შეცვლის.

"სასამართლომ დღეს გამოაცხადა სარეზოლუციო ნაწილი. ბრალდების მხარე არ ელოდა აღნიშნულ განაჩენს იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ დღესაც მიგვაჩნია, რომ ერთადერთი სწორი, ობიექტური და კანონიერი გადაწყვეტილება რაც მოსამართლეს უნდა მიეღო, იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. ცხადია, სააპელაციო წესით აღნიშნულ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ და დარწმუნებული ვართ, რომ სააპელაციო სასამართლო მიიღებს გამამტყუნებელ განაჩენს", - თქვა პროკურორმა ჯერანაშვილმა გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კონტრაბანდული სპირტის საქმეზე დავით კეზერაშვილი გაამართლა. მას ბრალად სპირტის კონტრაბანდა და 13 მილიონამდე თანხის ქრთამად აღება ედებოდა.

ამ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ბიზნესმენი კეზერაშვილი სიძესთან, მეირ ჯანაშვილთან ერთად იყო ბრალდებული. ჯანაშვილი სასამართლომ ქრთამის აღების საქმეში გაამართლა, თუმცა, 214, 362, 210 გამტყუნდა. შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, მას თავისუფლების აღკვეთა 9 წლით შეეფარდა. დაცვის მხარე ჯანაშვილის განაჩენს ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.

რაც შეეხება კეზერაშვილს, ქართული მხარის მოთხოვნის საფუძველზე, საფრანგეთში 2013 წლის 15 ოქტომბერს დააკავეს. საფრანგეთის სასამართლომ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ექსტრადირებაზე უარი თქვა და გაათავისუფლა.

დავით კეზერაშვილზე საქართველოში სისხლის სამართლის სამი საქმეა აღძრული, ერთი, კონტრაბანდული სპირტის საქმეა, მეორე კი - ტელეკომპანია იმედის და რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმე, სადაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბრალდებულია გიგი უგულავასთან ერთად. რაც შეეხება მესამე ბრალს, დავით კეზერაშვილს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსთან ალექსანდრე ნინუასთან ერთად, ბიუჯეტის გაფლანგვით, 5 მილიონამდე ევროს მითვისებას ედავებიან.

კომენტარები