განათლება

მასწავლებლები დამქირავებელსა და დამაწინაურებელს შორის

სიმონ ჯანაშია
0 კომენტარი

ღამით, ქუჩის ლამპიონთან მდგარი მამაკაცი რაღაცას ენთუზიაზმით ეძებს. გამვლელი შეამჩნევს და დახმარებას შესთავაზებს. აღმოჩნდება, რომ მამაკაცი გასაღების პოვნას ცდილობს. როდესაც ცხადი ხდება, რომ იქ არაფერია, დამხმარე ჰკითხავს, დარწმუნებული ხარ, რომ გასაღები აქ დაკარგეო? არა, აქ არ დამიკარგავს, მაგრამ განათებული ადგილი ეს არის და სწორედ ამიტომ ვეძებ აქ, პასუხობს მამაკაცი.

ხანდახან ჩვენი განათლების პოლიტიკის გადაწყვეტილებებიც არა პრობლემის შესაბამისად მიიღება, არამედ იმის გათვალისწინებით, თუ რა უფრო მეტად არის გადაწყვეტილების მიმღებებისთვის იმ კონკრეტულ ვითარებაში შესაძლებელი. თუმცა აღწერილი ანეკდოტისგან განსხვავებით, სამწუხაროდ, არასწორი მიდგომის შედეგი მხოლოდ ფუჭი აქტივობა არ არის. საჯარო პოლიტიკის სფეროში გავრცელებული გამოთქმის მიხედვით, დღევანდელი პრობლემები, ძირითადად, გუშინდელი გადაწყვეტილებების შედეგია.

განათლების სფეროში ხვალინდელი პრობლემების შექმნაში წვლილის შეტანა მასწავლებლების პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის ახალ სქემასაც შეეძლება. ცოტა ხნის წინ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მასწავლებლების განახლებული პროფესიული სტანდარტი დაამტკიცა. პარალელურად, საქართველოს უმაღლესებსა და არასამთავრობო სექტორთან მასწავლებლების მომზადებისა და განვითარების ახალი სახელმწიფო სქემის განხილვა მიმდინარეობს.

სტანდარტიც და მისი შესაბამისი სქემის პროექტიც ეფუძნება მრავალჯერ წარუმატებელ მოდელებს, რომლებსაც სისტემის ფარგლებში საუკეთესო ვითარებაში მხოლოდ სიმბოლური წინსვლის ილუზიის პოტენციალი აქვს, უარესი სცენარის შემთხვევაში კი ბიუროკრატიის გაბერვა, განათლების მართვის ცენტრალიზაციის გაძლიერება, უმაღლესი განათლების პრინციპების გაუარესება, მასწავლებლის პროფესიის მიმართ ინტერესისა და ნდობის შემცირებაც შეუძლია.

დამტკიცებული სტანდარტის მიხედვით, მასწავლებლის ოთხი კატეგორია ჩნდება: პრაქტიკოსი, წარჩინებული, მკვლევარი და მენტორი მასწავლებელი. სტანდარტის ავტორების გეგმით, სხვადასხვა კატეგორიის და ამ კატეგორიებზე გადასვლისთვის საჭირო მოთხოვნების გაჩენისა და შესაბამისი წახალისების სისტემის ამუშავებით, მასწავლებლებს გაუჩნდებათ როგორც კარიერული წინსვლის, ისე პროფესიული განვითარების ინტერესი.

სინამდვილეში, კარიერული წინსვლა მხოლოდ სიმბოლურ თუ ფინანსურ წახალისებას და მათი სამუშაოს აღწერას კი არა, თანამდებობით გამყარებული ფუნქციების ცვლილებას უნდა გულისხმობდეს. დავაკვირდეთ რასთან გვაქვს საქმე. სტანდარტში სხვადასხვა კატეგორიის მასწავლებლებს სხვადასხვა ფუნქცია აქვთ მინიჭებული. მაგალითად, მენტორის, ანუ ყველაზე მაღალი კატეგორიის მასწავლებლის დახასიათებაში წერია, რომ ის იქნება სხვადასხვა სასკოლო ინიციატივის ავტორი. პრაქტიკოსი მასწავლებლების შემთხვევაში კი ინიციატივებზე საუბარი არ არის.

იმ შემთხვევაში, თუ მენტორს არ ექნება სტრუქტურული მხარდაჭერა, რომ ინიციატივებზე იფიქროს, მაშინ მხოლოდ მისი ტიტულის აღწერა არაფრის მომტანი არც სკოლისთვის და არც პირადად მისი ინიციატივის ზრდისთვის სავარაუდოდ არ იქნება. კატეგორიის აღწერას თავისთავად რომ გავლენა ჰქონდეს მასწავლებლებზე, ეს პრობლემის წყარო იქნებოდა, რადგან ამ შემთხვევაში, სტანდარტის აღწერიდან გამომდინარეობს, რომ პრაქტიკოსი (ანუ, ვთქვათ, დამწყები) მასწავლებლებისგან ინიციატივებს არ უნდა ველოდოთ.

შემოთავაზებული მიდგომა მნიშვნელოვნად ამცირებს შანსს, რომ სისტემა კარიერული წინსვლისთვის იქნება გამოყენებული. კარიერული წინსვლის მაგალითი იქნებოდა, თუ მხოლოდ მაღალი კატეგორიის მასწავლებლებს შეეძლებოდათ სკოლაში არსებული სხვადასხვა თანამდებობის, მაგალითად, საგნობრივი კათედრის თავმჯდომარის პოზიციის დაკავება.

სკოლების ერთ-ერთი სისტემური პრობლემაა, არამხოლოდ საქართველოში, რომ კარიერული ზრდის საფეხურები მცირეა. შესაბამისად, დაწინაურების და დაქვეითების სისტემა, რომელიც ბევრ ორგანიზაციაში თანამშრომლების მოტივაციის სამართავად წარმატებით მოქმედებს, სკოლებში ნაკლებადაა. კატეგორიების შემოტანა არათუ ამ პრობლემის გადაჭრას არ ეხმარება, არამედ მისი გაღრმავებაც შეუძლია.

საქმე ის არის, რომ შემოთავაზებულ სისტემაში კატეგორიების მინიჭებაში მთავარი როლი სახელმწიფოს აქვს. ცენტრალიზებულად მინიჭებულ პრივილეგიებს კი შეუძლია დაამციროს ორგანიზაციის, კერძოდ კი, სკოლის როლი საკუთარი პერსონალის მართვაში. უცნაურია, რომ გადაწყვეტილების მიმღებები ვერ ამჩნევენ ახალი სისტემის გაუმართაობას, რომლის დროსაც სკოლა ქირაობს მასწავლებელს, ხოლო სახელმწიფო – აწინაურებს.

წარმოვიდგინოთ ამ სისტემის ერთი შესაძლებელი შედეგი. მასწავლებელი, რომელიც სახელმწიფოს მიერ დაწესებულ სტანდარტებს ზედმიწევნით პასუხობს, მაგრამ სკოლისას კი უგულებელყოფს, ახალი სქემის მიხედვით, შესაძლოა, უფრო პრივილეგირებული გახდეს, ვიდრე მასწავლებელი, რომელიც მთელ თავის დროს და ენერგიას სკოლას ახარჯავს, მაგრამ ნაკლებად ზრუნავს სახელმწიფოს მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.

ეს მიდგომა ეფუძნება სკოლის მიმართ მცდარ დამოკიდებულებებს, რომლის მიხედვითაც, სკოლებში საკმარისი ცოდნა და სურვილი არ არის, რომ მასწავლებლების წახალისების ან კარიერული ზრდის ეფექტური მექანიზმები შემოიღონ. ადმინისტრაციის არაეფექტურობის აღწერისას ბიუროკრატებს ხშირად ავიწყდებათ, რომ თავად არიან იმ ბარიერების ავტორები, რომლებიც სკოლებში მართვის საჭირო გამოცდილების შეძენას აფერხებენ.

ამგვარი ბარიერების მაგალითებია მასწავლებლების და ადმინისტრაციის წევრების ხელფასების ცენტრალიზებულად განსაზღვრა, სკოლებში თანამშრომლების რაოდენობის ცენტრალიზებულად დამტკიცება, არასასურველი მასწავლებლის გათავისუფლებისთვის არაფორმალურად ხელის შეშლა და სხვა.

ახლადშემოღებული სქემა ხელისშემშლელ ფაქტორებს ახლებსაც უმატებს. ამ სქემის შემოღებამდე სკოლებში მასწავლებლებს შორის უპირატესობას ხშირად სერტიფიცირებულებს ანიჭებდნენ. ეს ის მასწავლებლები არიან, რომლებსაც თავისი კომპეტენციები არა მხოლოდ ფორმალური განათლებით და გამოცდილებით, არამედ თანამედროვე მოთხოვნების შესაბამის თეორიულ გამოცდაზეც ჰქონდათ დადასტურებული. ახალი სქემის მიხედვით, ის ადამიანებიც კი, რომლებმაც სასერტიფიკაციო გამოცდა რამდენიმეჯერ ვერ დაძლიეს, ე.წ. პრაქტიკოს მასწავლებლებად ჩაითვლებიან. გამოცდაზე კი მათ, გარდა პედაგოგიური თეორიების და კანონმდებლობის ცოდნისა, საგნობრივი ცოდნის მინიმალური დონის დადასტურებაც უწევდათ.

ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს დაბალი კომპეტენციების მქონე მასწავლებლებისთვის სკოლებში ადგილების გრძელვადიანად შენარჩუნებას. შედეგად კი მასწავლებლობის პროფესიაზე მოთხოვნის შემცირებას მივიღებთ. თუ სკოლაში სამუშაო ადგილები არ გამოჩნდა, ახალ თაობასაც ნაკლები ინტერესი ექნება პროფესიად მასწავლებლობა აირჩიოს.

პროფესიაში ახალი მასწავლებლების შემოსვლასთან კავშირში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის შემოთავაზებულ სქემაში სხვა პრობლემატური ნაწილიც არის. აქაც, როგორც სკოლების შემთხვევაში, სახელმწიფოს გაუმართლებელი ჩარევაა დაგეგმილი კონკრეტული ორგანიზაციების მართვაში. სახელმწიფო გეგმავს უნივერსიტეტებში სპეციალური საგამოცდო კომისიების შექმნას, რომლებიც მასწავლებლების კვალიფიკაციების გაცემაში მონაწილეობას მიიღებენ.

ეს მიდგომა შეზღუდავს უნივერსიტეტების ავტონომიას და განათლების სპეციალობებს უმაღლესებში დაუქვემდებარებს სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელი ორგანოს ინტერესებს. ეს მიდგომა კონცეპტუალურად არასწორია, რადგან უმაღლესი განათლება სახელმწიფოს დაკვეთების შემსრულებლად განიხილება. უმაღლესი განათლება არ გულისხმობს ერთი კონკრეტული თანამდებობისთვის მომზადებას. შესაბამისად, უმაღლესის მიერ გაცემული დიპლომი არ უნდა იზომებოდეს ამ პერსპექტივიდან.

მეორე, სახელმწიფოს ჩარევა უნივერსიტეტებში ასევე გულისხმობს პოლიტიკური პრობლემების უნივერსიტეტის სივრცეში გადმოტანას. პოლიტიკური კლასი არჩევნების წინ ხშირად მზად არის, მასწავლებლების გულების მოსაგებად მოსწავლეების საზიანო ნაბიჯებიც კი გადადგას. თუ ახლანდელი ცვლილებებით სახელმწიფომ საშუალება მისცა მასწავლებლების წარუმატებელ ნაწილს თამამად დარჩეს სკოლებში, რატომ არ უნდა ველოდოთ, რომ ის უნივერსიტეტების სტანდარტის დაწევასაც შეეცდება მაშინ, როდესაც ეს მისთვის პოლიტიკურად მოგებიანი იქნება?

მესამე, ნებისმიერი ახალი ფუნქცია სახელმწიფოსთვის ახალ დანახარჯებს და ბიუროკრატიის ზრდასაც გულისხმობს. დაგეგმილი ცვლილებები ბიუროკრატიის ზრდას არაერთი ახალი ფუნქციის გამო გამოიწვევს. გარდა საუნივერსიტეტო კომისიებისა, ახალი სქემის მიხედვით საჭირო იქნება მრავალი სხვა სახელმწიფო კომისიის შექმნაც, რომელიც მრავალი ათეული ათასი მასწავლებლის ინდივიდუალურ წინსვლას შეისწავლის კატეგორიიდან კატეგორიაში გადასვლის მიზანშეწონილობის დასადგენად.

მაშ, რა უნდა ყოფილიყო სახელმწიფოს მიდგომა პროფესიის მიმზიდველობის გასაზრდელად, მასწავლებლების პროფესიული განვითარებაში ჩართული ადამიანების გასაზრდელად და ამ სისტემის ეფექტურობის გასაზრდელად?

ცხადია, მიდგომა კომპლექსური უნდა იყოს. სახელმწიფომ სკოლებს მაქსიმალური შესაძლებლობა უნდა მისცეს, რომ თავად განსაზღვრონ მასწავლებლების კარიერული წინსვლის ფორმები. შესაძლებლობაში არა მხოლოდ თავისუფლება იგულისხმება, არამედ სკოლების ადმინისტრაციის კომპეტენციების ზრდის ხელშეწყობაც.

სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს მასწავლებლების პროფესიული ასოციაციების ჩამოყალიბებას, რომლებიც დაინტერესებულები იქნებიან პროფესიის თვითრეგულირების მექანიზმების ამუშავებით.
სახელმწიფომ უნდა ხელი შეუწყოს მასწავლებლის პროფესიის ფარგლებში მოთხოვნის და შესაბამისი მიწოდების ზრდას. ამისთვის მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი მასწავლებლების პროფესიაში როტაციას, რომლის შესახებაც მომავალი მასწავლებლების მისაზიდად სახელმწიფომ რეგულარულად უნდა გამოაქვეყნოს სტატისტიკა.

ასევე, სახელმწიფომ უნდა შეუწყოს ხელი მასწავლებლების პროფესიაში შესვლისთვის არსებული ხარჯების, კერძოდ კი, უმაღლესებში სწავლის ხარჯების შემცირებას სტიპენდიების, საუნივერსიტეტო თუ სტუდენტების გრანტების შემოღების გზით.

ეს შემოთავაზებები მხოლოდ ნაწილია იმისა, რაც სახელმწიფოს შეუძლია, ან სჭირდება ვითარების გამოსასწორებლად. თუმცა, ეს შემოთავაზებები სწორედ იმ ადგილისკენ მიუთითებს, სადაც დაკარგული გასაღების ძებნას აზრი აქვს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები