ქართული ოცნება

ჩვეულებრივი ჰაკიმფაშიზმი

„ფანატიზმი მაშინ იწყება,
როდესაც ძალისხმევას აორმაგებ იმის მიუხედავად,
რომ აღარც კი გახსოვს, რისთვის იბრძვი"

ჯორჯ სანტაიანა, „გონების სიცოცხლე" (1905)

მესიებზე დამყარებული პოლიტიკის უარმყოფელი ოლიგარქის, თავადაც მესიის – თუ როგორც თვითონ უწოდებს, მესიონერის – ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლიდან ორწელიწად-ნახევრისა და ხელსუფლებაში მოსვლიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ, მისი მომხრეებიც კი (თავისთვის) აღიარებენ, რომ რაღაც ისე ვერ არის, როგორც, მათი წარმოდგენით, „მიშასგან გათავისუფლებულ" საქართველოში უნდა ყოფილიყო.

Pressure on local self-government bodies. Zugdidi.
ქართული ოცნების ინტელექტუალი იდეოლოგები და მომხრეები (გია ნოდიას ტერმინი – ზ.ჭ.) ნაკლებად სწუხან იმაზე, რომ ელექტროენერგია ვერ გახდა 5 თეთრი, გაზი – 25 თეთრი, ბენზინმა ლარით ვერ დაიკლო, პენსიამ 220 ლარამდე ვერ მოიმატა, „სახელმწიფო წნეხისგან გათავისუფლებულმა" ბიზნესმა კი ვერა და ვერ წამოიღო წელი, ხოლო დაპირებული „100 ქარხნის" საძირკველი გათხრილი ჯერაც არაა. მათი წუხილის მიზეზი უფრო ისაა, რასაც ასავალ-დასავალის იდეოლოგიის მომძლავრება ჰქვია.

ასავალ-დასავალის იდეოლოგია – რომელსაც უკვე აქვს თავისი სახელიც „ჰაკიმფაშიზმი" – არათუ ასატანი, გარკვეულწილად მისაღებიც კი იყო, სანამ ამოცანა ნებისმიერი მეთოდითა და ხერხით „მიშას მოცილება" ანდა ასე ნანატრი (და იმავდროულად გარკვეულ ვადაში დასრულებადი) „სამართლიანობის აღდგენა" იყო.

[„ჰაკიმფაშიზმი" მომდინარეობს სახელიდან „ჰაკიმ ფაშა". ამ სახელით დარეგისტრირებულმა პირმა ატვირთა youtube-ზე პრემიერმინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების თაობაზე წარმოებულ საგამოძიებო საქმეში არსებული ფოტო- და ვიდეომასალა. განვლილი წელიწად-ნახევრის განმავლობაში, ძირითადად, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ მორიგი სადამსჯელო ოპერაციის ინიცირების საბაბად, იმდენჯერ მიმართა ხელისუფლებამ ინტერნეტში – ღიად თუ ფარულად – ფოტო- და ვიდეომასალის გავრცელებას, რომ ოპონენტებმა პრემიერ ღარიბაშვილს „ჰაკიმ ფაშა" შეარქვეს.]

„9-წლიანი რეჟიმის" დამარცხებით გამოწვეულ ყიჟინაში კარგად არ ირჩეოდა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ მშვიდობის ხიდის ვითომდა ესთეტიკური მიუღებლობის უკან ასავალ-დასავალის იდეოლოგიის ღერძი – ჩვეულებრივი რევანშიზმი – იდგა, ხოლო პრეზიდენტის სასახლის ფუნქციის შეცვლის ვითომდა არაპომპეზურობის მოტივის უკან – სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინების ოლიგარქისათვის დამახასიათებელი სურვილი.

მაგრამ მაშინ – ჰაკიმფაშიზმის გარიჟრაჟზე – ამ ფაქტებს, მით უმეტეს, პოლიტიკური ოპონენტების დევნას შემაშფოთებლად ბევრი არ აღიქვამდა. ბიძინა ივანიშვილის მიერ ნაციონალური მოძრაობის განადგურების აშკარა პოლიტიკური მოტივებით ნაკარნახევ დაპატიმრება/დაკითხვებს თან სდევდა „9-წლიანი რეჟიმის" მომხრეთა მისამართით გამოთქმული ირონია „ჯერ სად ხართ..."

მაგრამ თანდათან ფრაზამ „ჯერ სად ხართ" ავტორი და ადრესატი დიამეტრულად შეიცვალა.

Dismantling of the minaret in the village of Chela.
ფოტო: Alexander Iskandarov

ქართული ოცნების ინტელექტუალი იდეოლოგებისა და მომხრეებისათვის ჰაკიმფაშიზმი ნელ-ნელა შემაწუხებელი მას შემდეგ გახდა, რაც რევანშიზმის დროშის ქვეშ გაერთიანებული „პოლიტპატიმრები", უკრაინელი „ტიტუშკების" ქართველი ანალოგები და სხვადასხვა ტიპის რადიკალური მცირე ჯგუფები მხოლოდ ქართული ოცნების პოლიტიკური ოპონენტების – ნაციონალური მოძრაობის წევრების ფიზიკურ დევნას აღარ დასჯერდნენ და თავიანთი ძალადობის მომდევნო სამიზნედ ჯერ უმცირესობები, შემდეგ კი ლიბერალიზმის ყველა მომხრე/დამცველი აქციეს.

მთავრობის როლი ჰაკიმფაშიზმის წახალისებაში იმთავითვე ნათელი იყო. 2013 წლის 8 თებერვალს, როდესაც კოალიცია ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობამ უარი თქვა, ქუთაისში, პარლამენტში პრეზიდენტ სააკაშვილის ყოველწლიური ანგარიშისათვის მოესმინა, ამ უკანასკნელმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წინაშე სიტყვის წარმოთქმა თბილისში, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გადაწყვიტა.

კოალიცია ქართული ოცნების მიერ გამოცხადებული ამნისტიით გათავისუფლებულმა პირებმა პრეზიდენტ სააკაშვილს და ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობას ეროვნულ ბიბლიოთეკაში შესვლის საშუალება არ მისცეს, ხოლო მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დეპუტატებზე მოძალადე პირების პასუხისგებაში მიცემის ნაცვლად, იმით იყო დაკავებული, რომ მოძალადეების ქმედება გაემართლებინა.

ივანიშვილმა და ღარიბაშვილმა პოლიტიკური ოპონენტების ნებისმიერი ხერხითა და მეთოდით პასუხისგებაში მიცემის ტალღა ისე ააგორეს, რომ საერთოდ აღარაფერს უწევდნენ ანგარიშს. ამის შედეგი იყო სწორედ ის, რომ ფინანსურმა პოლიციამ, გერმანიაში ნაყაჩაღარი ოთარ ფარცხალაძის მეთაურობით, NATO-ს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტის დღეს თბილისის მერიის 20-ზე მეტი თანამშრომელი უკანონოდ მოიტაცა.

ჰაკიმფაშიზმი ყველაზე საცნაური უკვე მაშინ გახდა, როდესაც პოლიტიკური ოპონენტების ნებისმიერი ხერხითა და მეთოდით პასუხისგებაში მიცემის ტალღის პარალელურად, მეორე ტალღა აგორდა: 2013 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში ქართული საზოგადოება თვალყურს ადევნებდა, როგორ იფეთქებდა ხოლმე ამა თუ იმ სოფელში რელიგიურ ნიადაგზე გაღვივებული შუღლი. საქმე იქამდე მივიდა, რომ იმავე ფინანსურმა პოლიციამ, იმავე ოთარ ფარცხალაძის მეთაურობით, აწონვის (!) საბაბით, ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მინარეთი მოხერხა.

ქართული ოცნების ინტელექტუალი იდეოლოგებისა და მომხრეებისათვის (ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნება მათ პირად მარცხთან რომ ასოცირდება) ასავალ-დასავალის იდეოლოგია არათუ შემაწუხებელი, აუტანელიც კი გახდა მას შემდეგ, რაც ამ იდეოლოგიის ღია და აქტიურმა მხარდამჭერებმა – ანუ მთავრობამ და პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტაციის უმრავლესობამ – მნიშვნელოვანი პროცესები და საკითხები დააბრკოლეს. მაგალითისთვის რამდენიმეს გავიხსენებ: საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს რამდენიმერაუნდიანი არჩევნები პარლამენტში, მოწმეთა მხოლოდ სასამართლოს თანდასწრებით დაკითხვის წესის 2 წლით გადავადება, მწერალ ზურაბ ქარუმიძის გაერთიანებულ სამეფოში ელჩად დამტკიცებაზე უარის თქმა.

ამის პარალელურად, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაზე საერთაშორისო წნეხი გაიზარდა. საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ პრეზიდენტ სააკაშვილის ერთბაშად 10 საქმეზე მოწმედ დაბარებამ საერთაშორისო საზოგადოებას ეჭვიც კი აღარ დაუტოვა, რომ მთავრობა პოლიტიკურ ოპონენტებს 

The International Day Against Homophobia and Transphobia. 17 May 2013.
ფოტო: Dimitri Chikvaidze

დევნის. ამ ფაქტს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მკაფიო პასუხი მოჰყვა.

აქ მნიშვნელოვანია, განიმარტოს, რატომ მიიჩნევა საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოცხადებული „სამართლიანობის აღდგენა" პოლიტიკურ დევნად და შერჩევითი სამართლის კლასიკურ მაგალითად:
– ხელისუფლების უმაღლესი პირების – ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის – მიერ დაანონსებულია იმ პირების ჩამონათვალი, ვინც პასუხისგებაში უნდა მიეცეს. ამ პირების – რომლებიც ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები არიან – „დანაშაული" კონკრეტული საქმის გამოძიებით კი არ იკვეთება, არამედ პირიქით: ცხადდება სამიზნე პირი და იწყება მის წინააღმდეგ საქმის „შეკერვა";

– ივანიშვილისა და ღარიბაშვილის განცხადებებს კონკრეტული პოლიტიკოსის დაჭერის თაობაზე მყისიერად მოსდევს საქართველოს პროკურატურის მიერ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება;

– სისხლისსამართლებრივი დევნა მაშინვე წყდება პირზე, როგორც კი იგი პარტიულ კუთვნილებას იცვლის (მაგალითად, თბილისის საკრებულოში ნაციონალური მოძრაობიდან ქართულ ოცნებაში გადასული პირების მიმართ შეწყდა საქმეები);

– დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ წარმოებულ სისხლისსამართლებრივ საქმეებში საქართველოს პროკურატურა სხვა სტანდარტით ხელმძღვანელობს. მაგალითად, საგარეჯოს დღეს მოქმედი გამგებლის მიმართ, რომელიც უმრავლესობის დეპუტატის, თინა ხიდაშელის პროტეჟეა, პროკურატურამ გამოძიების ეტაპზევე შეწყვიტა საქმე შემდეგი მოტივით: დანაშაული დადგენილია, საბიუჯეტო თანხის გამფლანგველები ცნობილია, საზოგადოებრივი ინტერესი დაკმაყოფილებულია .

ამ ფონზე თუ ევროკავშირი კვლავაც მზადაა, ხელი მოაწეროს საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულებას, არა იმის გამო, რომ იწონებს იმას, რაც საქართველოში ხდება. უბრალოდ, ბრიუსელში მიაჩნიათ, რომ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის არმოწერა წაახალისებს რადიკალურ-ექსტრემისტულ ჯგუფებს, რომლებიც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ამ შეფერხებას თავიანთ გამარჯვებად ჩათვლიან და კიდევ უფრო მეტი ენთუზიაზმით გააგრძელებენ ლიბერალურ ღირებულებებთან ბრძოლას.

ბრიუსელში ასევე ესმით, რომ საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის ევროინტეგრაციის პროცესში შეფერხება სწორედ ისაა, რის გამოც მოსკოვი ან პირდაპირ უხეშ სამხედრო ძალას მიმართავს (2008 წელი – საქართველო; 2014 წელი – უკრაინა), ან ეკონომიკურ სანქციებს (გამოყენებულია სამივე ქვეყნის მიმართ), ან ახალისებს რადიკალურ-ექსტრემისტულ ჯგუფებს, რომლებიც ღიად უპირისპირდებიან მმართველობის დემოკრატიულ სისტემას და ლიბერალურ ღირებულებებს.

Violence outside the National Parliamentary Library.
ფოტო: REUTERS

ჰაკიმფაშიზმი მხოლოდ იმიტომ კი არაა საშიში, რომ საქართველოში მისი სამიზნე კონკრეტული პირები, პოლიტიკური პარტია ან უმცირესობებია. იგი საშიშია იმიტომ, რომ თავად საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული, დემოკრატიული, ლიბერალური ქვეყნის არსებობას ემუქრება. ეთნო- თუ რელიგიური შუღლით დამძიმებული ქვეყანა, სადაც არ ისმის პოლიტიკური ოპონენტების ხმა – ეს რუსეთია, რომელსაც სურს, რომ მისი საზღვრების გასწვრივ „სანიტარულ კორდონს" სწორედ ასეთი ქვეყნები ქმნიდნენ. ამიტომაც ჰგავს გაჭრილი ვაშლივით ერთმანეთს ის რიტორიკა, რასაც კრემლიდან მართული რადიკალურ-ექსტრემისტული ჯგუფები იყენებენ მოლდოვაში, საქართველოსა თუ უკრაინაში.

იმის გამო, რომ საერთოდ არ ესმით დემოკრატიისათვის აუცილებელი ბაზისური პრინციპები, ბიძინა ივანიშვილი და ჰაკიმფაშიზმის ბრმა იარაღი – ირაკლი ღარიბაშვილი, სავარაუდოდ, ვერც კი აცნობიერებენ, რა საფრთხეს უქმნიან ქვეყანას საკუთარი პირადი მიზნების გამო. იმის გამო, რომ არ ესმით დიპლომატიის ენა, ისინი ასევე არ იღებენ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორებისგან მომდინარე კრიტიკას.

პრეზიდენტ სააკაშვილის საქართველოს პროკურატურაში ერთბაშად 10 საქმეზე მოწმედ დაბარების გამო გაკეთებულ განცხადებებში, მაგალითად, შეერთებული შტატების მხრიდან აღინიშნა, რომ ღარიბაშვილს 2014 წლის თებერვალში ვაშინგტონში ვიზიტის დროს ეთხოვა, პოლიტიკური ანგარიშსწორების ნაცვლად, ქვეყნის განვითარებაზე ძალისხმევის მიმართვა.

სამაგიეროდ, საერთაშორისო საზოგადოებიდან მომდინარე კრიტიკა და მისი შესაძლო შედეგები ძალიან კარგად ესმით ქართული ოცნების ინტელექტუალ იდეოლოგებსა და მომხრეებს, რომლებისთვისაც ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გადადგმული ნაბიჯები ნაციონალური მოძრაობის გასანადგურებლად აუცილებელი, თუმცა დროებითი (!) ნაბიჯები უნდა ყოფილიყო.

დღეს არსებული რეალობა კი, აი, რას გვეუბნება:

The trial of Vano Merabishvili.
ფოტო: AFP
– ჰაკიმფაშიზმისათვის დამახასიათებელია ბრმა სიძულვილი, რომელიც ყველა სხვა ადამიანურ გრძნობას – განსაკუთრებით კი თავისუფლების სიყვარულს – აჩლუნგებს. იმის გამო, რომ იანუკოვიჩის პრორუსულ ხელისუფლებასთან მებრძოლ „მაიდნელებს" ნაციონალური მოძრაობა უცხადებდა სოლიდარობას, საქართველოს მთავრობა და კოალიცია ქართული ოცნების უმრავლესობა პოლიტიკურად და ადამიანურად სრულიად გულგრილი დარჩა უკრაინელი ხალხის მიერ თავისუფლებისათვის გაღებული მსხვერპლის მიმართ;

– ჰაკიმფაშიზმი აღიარებს ბრმა ძალას და არა ღირებულებებს. ირაკლი ღარიბაშვილისათვის მნიშვნელოვანია (დაზეპირებული ტექსტებით) დასავლური სამყაროს ფორუმებზე გამოჩენა იმიტომ, რომ ეს დადებითად აღიქმება ქართულ საზოგადოებაში (ანუ აქვს ელექტორალური ძალა) და არა იმიტომ, რომ ესმის ის ღირებულებები, რაზედაც დასავლური სამყაროს უსაფრთხოება და კეთილდღეობა დგას. ბიძინა ივანიშვილისათვის დასავლეთი ანგარიშგასაწევი ძალაა იმიტომ, რომ, უკრაინაში ტაქტიკური უპირატესობის მიუხედავად, რეგიონში რუსეთს ჯერ ცალსახად (ჩვენდა საბედნიეროდ) არ გაუმარჯვია;

– შესაბამისად, ჰაკიმფაშიზმს მონურად ეშინია გარე მტრის და აგრესიულია შიდაპოლიტიკური ოპონენტების მიმართ. ფაშიზმისათვის დამახასიათებელ ატრიბუტს – Sturmabteilung, Squadristi და „ტიტუშკების" ანალოგიური ფუნქციის მატარებელ მოძალადეთა ჯგუფებს – ჰაკიმფაშიზმი შიდაპოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ უპირველესად იმიტომ იყენებს, რომ ამაში თავდაცვის საშუალებას ხედავს. მას მუდმივად ეშინია: თავიდან უხმარი პრეზერვატივების, მოგვიანებით კი – ნახმარი საბურავების;

– ჰაკიმფაშიზმისათვის დამახასიათებელია არა კანონის უზანაესობაზე აპელირება, არამედ ლინჩის/ბრბოს მართლმსაჯულების პროპაგანდირება. ზოგჯერ ეს „რბილი" გამონათქვამებით ხდება – ცემა (მით უმეტეს, დეპუტატის) მიუღებელია (იხ. ქვემოთ ჰაკიმფაშიზმის ცინიზმზე), მაგრამ გამწარებულ ხალხსაც უნდა გავუგოთ, ზოგჯერ ღია მუქარით – თუ მავანს პროკურატურა არ დაიჭერს, მაშინ ხალხი გაუსწორდება;
– ჰაკიმფაშიზმი ანტიდასავლური, ანტიდემოკრატიული, ანტილიბერალური პროპაგანდის უნივერსალურ კლიშეებს ემყარება: უკრაინაში, მოლდოვაში, თავად რუსეთში გამოყენებული პუტინისტური რიტორიკა სრულ თანხვედრაშია კოალიცია ქართული ოცნების დეპუტაციის გამონათქვამებთან, განსაკუთრებით, უმცირესობებთან მიმართებით;

– ჰაკიმფაშიზმი მუდმივად გაშანტაჟებს: განდგომილ ჟურნალისტს პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოს უქვეყნებს; პოლიტიკურ ოპონენტს, არგაჩუმების შემთხვევაში, პოლიტიკური რეპრესიებით ემუქრება; საზოგადოებას იმის ეჭვს უჩენს, რომ შეიძლება ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხე შეექმნას. ამას საზოგადოება თვითცენზურამდე მიჰყავს: ოღონდ რადიკალურმა ძალებმა ცუდად არ გამოიყენონ და ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას საფრთხე არ შეექმნას, ადამიანები გამოხატვის თავისუფლებაზე თავისი ნებით ამბობენ უარს (იხ. ორგანიზაცია იდენტობის განცხადება 2014 წლის 17 მაისის თაობაზე). უმცირესობები სულ უფრო და უფრო დაუცველად გრძნობენ თავს;

– ამიტომ ჰაკიმფაშისტურ სისტემაში მძლავრობს აზროვნება, სახელად „ყველაფერი დაკარგული არაა" და ქმედება, სახელად „ხავსზე მოჭიდება". იმის ნაცვლად, რომ მთავრობას კონკრეტული პოზიტიური ნაბიჯები მოსთხოვოს, საზოგადოების ნაწილი საპარლამენტო უმრავლესობის ცალკეული წევრების (თამარ კორძაია, ელისო ჩაფიძე, ნინო გოგუაძე) ლიბერალური გამონათქვამებით ისულიერებს გულს და იმშვიდებს თავს, რომ ყველაფერი დაკარგული არაა. უფრო მეტიც, ამგვარი აზროვნება აქვეითებს მთავრობის ქმედების შეფასების სტანდარტს: ასატანი ხდება მთავრობის ისეთი ქმედება, რისი არათუ ანალოგი, მეათედიც კი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს სრულ საზოგადოებრივ ისტერიკას გამოიწვევდა;

– ჰაკიმფაშიზმი არა მხოლოდ შეფასების სტანდარტებს აქვეითებს, არამედ საზოგადოების მოთხოვნებსაც (დროებით) ამცირებს. ჰაკიმფაშისტური ფრაზა – „მიშა ხომ მაინც მოგვაცილა" – რეფრენივით გასდევს საუბარს, რომელიც იმაზე წუწუნითა და ვიშვიშით იწყება, რომ „ამ ბიძინამ ვერაფერი გააკეთა". ჰაკიმფაშიზმისათვის აქ, უბრალოდ, საშიში ისაა, რომ საზოგადოების მიერ მთავრობისათვის „პურის" მოთხოვნა მხოლოდ გადავადებულია, სავარაუდოდ, არცთუ დიდი ხნით;

– ჰაკიმფაშიზმი „თავისუფლად სუნთქვის" განცდას ქმნის: იგი გარწმუნებს, რომ რეპრესიული მანქანა შენ წინააღმდეგ კი არაა მომართული, მხოლოდ „ნაცებს" ერჩის, მხოლოდ „ნაცებთან" დაახლოებულ ბიზნესმენებს ავიწროებს, მხოლოდ იმ საჯარო მოხელეებს ათავისუფლებს სამსახურიდან, რომლებიც „ნაცების" დანიშნულია. მოსმენითაც ყველას კი აღარ უსმენენ (როგორც ეს „9-წლიანი რეჟიმის" დროს იყო), არამედ მხოლოდ „ნაცებს". „თავისუფლად უფრო მეტად სუნთქვის" მაღალი მიზნით მართლდება სასამართლოზე ზეწოლაც („ნაცები" რომ გასამართლდნენ) და მედიაბაზრის შეცვლის მცდელობაც (ფიფლმეტრების საქმე);

– ჰაკიმფაშიზმი ცინიკურია რიტორიკაში: „სისხლიანი 9 წელი" ერთადერთი პასუხია პოლიტიკური ოპონენტების, ხოლო „9 წელი სად იყავით" – საზოგადოების ნებისმიერ ლიბერალურ კრიტიკაზე. საზოგადოებასთან ამ რიტორიკის გამოყენების შედეგი მარტივია: ადამიანები ავტომატურად იწყებენ თავის მართლებას, როგორ იბრძოდნენ 9 წელი „სისხლიანი რეჟიმის" წინააღმდეგ, და გულწრფელად იმის დაჯერებას, რომ „იმათ ისევ ესენი სჯობია". ამის მომსმენი ჰაკიმფაშისტი კმაყოფილია;

– ჰაკიმფაშიზმი ცინიკურია ქმედებაშიც: ის ადვილად იცილებს მათ, ვის საჭიროებასაც თავისი მიზნებისათვის ვერ ხედავს. დატუქსვითა და ურთიერთობის გაწყვეტით დასრულდა „ბატონიბიძინას" ურთიერთობა ექსპერტებთან, ჟურნალისტებთან, პრეზიდენტ მარგველაშვილთან. რაც უფრო ძლიერდება ჰაკიმფაშიზმი ძალაუფლების ვერტიკალში, მით უფრო ნაკლებად აღიარებს იგი ჰორიზონტალურ ურთიერთობებს;

– ჰაკიმფაშიზმი აძლიერებს ძალაუფლების სრული ცენტრალიზაციის და კონცენტრაციის ტენდენციას: ვეტოს არარეალიზებული სურვილის გამო, ცივ ომს უცხადებს ისედაც სუსტ პრეზიდენტს და ახდენს ისეთი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებას, რომლებიც პრეზიდენტს კიდევ უფრო უკვეცს უფლებამოსილებებს. ასევე მზადდება საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციების, მაგალითად, საგანგებო და სახანძრო სამსახურების, ცენტრალური ხელისუფლებისთვის გადაცემას ითვალისწინებს.

დაბოლოს, როგორც ყველა მსგავს მმართველობას, ჰაკიმფაშიზმსაც სჭირდება თავისი კულტი, რომელიც საძებნელი სულაც არაა: იგი სოლოლაკის აკვარიუმში ზვიგენის მოუსვენარ მოძრაობებს აკვირდება. მორჩილი ზებრები და მშვიდობიანი პინგვინები ჭორვილური სოციალიზმის მოგონებად დარჩა. ჰაკიმფაშიზმი საშიში მტაცებლების დროა.

კომენტარები