კრიზისი უკრაინაში

უკრაინელმა სამხედროებმა სეპარატისტთა რამდენიმე ჯგუფი ტყვედ ჩაიგდეს

reuters

"პასუხისმგებლობა უკრაინის აღმოსავლეთში სიტუაციის გართულებაზე იქ მოქმედ სეპარატისტებს ეკისრებათ" -  ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა. დეპარტამენტის წარმომადგენლის ჯენ პსაკის განცხადებთ, კიევს სრული უფლება აქვს, წესრიგის დასამყარებლად ყველა აუცილებელ ზომას მიმართოს.

უკრაინული სამხედრო წყაროების ცნობით, გასული ღამის განმავლობაში უკრაინელი სამხედროები დონეცკის აეროპორტის მახლობლად ანტიტერორისტულ ოპერაციას აგრძელებდნენ. მათ განაიარაღეს და ტყვედ ჩაიგდეს სეპარატისტთა რამდენიმე ჯგუფი, მათ შორის კავკასიური წარმოშობის პირებიც არიან, ამოღებულია ნაღმმტყორცნი და ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება.

დონეცკის მახლობლად გუშინ ეუთო-ს დამკვირვებელთა ჯგუფი გაუჩინარდა, მათთან კავშირის დამყარება ვერ ხერხდება. უკრაინის საგარეო უწყებამ ამ ფაქტზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა და დამკვირვებელთა გათავისუფლების უზრუნველყოფა მოსკოვს მოსთხოვა.

ევროკავშირის ლიდერების მიერ გუშინ გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადების თანახმად, ევროპა კვლავაც აგრძელებს მუშაობას რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე, რათა საჭიროების შემთხვევაში მათი ამოქმედება მოხდეს.

კომენტარები