რელიგია

იუდას ღამე

ხოლო მან მიიღო პური იგი და მეყსეულად განვიდა. და იყო ღამე
იოანე. 13.30

1


საღვთო ლიტურგიის დროს მართლმადიდებლები ღვინითა და პურით იესო ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით. მაგრამ, ეკლესიის სწავლების თანახმად, თუკი გულში ძვირი გვიდევს, უბრად ვართ მოყვასთან, ვაწყენინეთ ან შეურაცხვყავით ვინმე, ხოლო გულწრფელი პატიება არ გვითხოვია – ქრისტესთან ევქარისტიული შეხვედრა იუდას ზიარებად შეიძლება გვექცეს, რადგან ღმერთთან შერიგება ადამიანთან შეურიგებლად შეუძლებელია. ღმერთისა და ადამიანის თანაზიარების ეს ახალაღთქმისეული გაგება დღემდე ცოცხალია ლიტურგიულ ტრადიციაში: ზიარებამდე მორწმუნეები ერთმანეთისგან შენდობას ითხოვენ და ასეთ ლოცვას წარმოთქვამენ: დღეს ძეო ღმრთისაო ზიარებად შემიწყნარე, რათა არა მტერთა შენთა უთხრა საიდუმლო შენი, არცა ამბორს-გიყო, ვითარცა იუდა, არამედ ვითარცა ავაზაკი აღგიარებ შენ, მომიხსენე მე უფალო, სასუფეველსა შენსა.

Luca Giordano
საეკლესიო სწავლებით, არა მარტო დევნა, ჩაგვრა, ცემა, გინება, არამედ, უსამართლო მოპყრობა, უბრალო გაბრაზება, აბუჩად აგდება, დაცინვა და გარიყვა ვინმესი, აშორებს ჩვენს სისხლსა და ხორცს ქრისტეს სისხლისა და ხორცისგან და იუდას სისხლსა და ხორცში, იუდას ამბორში გვყინავს. სწორედ იუდას მიმდევრები, ცოცხალი თვითმკვლელები, უსულგულო არსებები ხდებიან ისინი, ვინც ადამიანობას ღალატობენ და სისხლით, ომებით, დისკრიმინაციით, ჩაგვრით, შეუწყნარებლობით საზრდოობენ.

იმ კონკრეტულ წუთას, იმ კონკრეტულ მდგომარეობაში, როცა გვძულს განსხვავებული, არა მარტო ქრისტეს გამცემები ვართ, არამედ, ვღალატობთ საკუთარ თავსაც. შეუწყნარებლობის ყოველი აქტი არის სურვილი შემუსრო სიცოცხლე, თავისუფლება, ღვთივბოძებული „უთვალავი ფერი", შემუსრო ქრისტე, მაგრამ, მეორე მხრივ, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანო საკუთარ თავსაც, ამოწერო მრავალფეროვანი სამყაროდან შენი ვინაობა, შენი სახელი.

2


კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ მანამდე, სანამ მართლმადიდებლობის დამჩემებლები არ დავაფასებთ და შევიყვარებთ ჩვენგან ამა თუ იმ ნიშნით განსხვავებულებს, არ ვაღიარებთ მათ თავისუფლებას – იყვნენ ისეთი, როგორიც თავად სურთ, შეუძლებელია, რომ რეალურად ვიწოდებოდეთ ქრისტიანებად, რადგან შეუწყნარებელი მართლმადიდებელი თვითმკვლელთა ორდენის, იუდას სექტის წევრი, ქრისტეს საიდუმლოს გამთქმელი ხდება, რომელსაც თავისი ამპარტავნული წარმოდგენების გამო, შეუძლია უღალატოს და გაწიროს ნებისმიერი, ვინც მისი ერთგვაროვანი სამყაროს სურათში არ თავსდება.

ორგანიზაცია, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ჰქვია, დღეს კაცთმოძულეობის უმძიმეს ცოდვაშია გარეული: მის სხეულს ისეთი ჯოჯოხეთური ვნებები ღრღნის, როგორცაა სტალინისა და პუტინის განდიდება, ყველა განსხვავებულის, კათოლიკეს, სომეხის, მუსლიმის, კრიშნაიტის, ბაპტისტის, იეჰოვას მოწმის, ლიბერალის, ათეისტის, ქალის, ჰომოსექსულის, ევროპელის, აზიელის, ღარიბ-ღატაკის მიუღებლობა და ხშირად მათი სადისტური, ირაციონალური, აბსურდული, უმიზეზო სიძულვილი. სიძულვილი სიძულვილის გამო. ამ ცოდვების მოუნანიებლობის შედეგად, დღეს საეკლესიო იერარქები ქრისტეს ღიად მტრობენ, მისი სასულიერო პირები შეუფარავად თესავენ შუღლს, ამართლებენ ძალადობას და თავადაც ძალადობენ, იგინებიან, თავმომწონედ, ლექსებადაც კი აღავლენენ, რომ სწყურიათ „სისხლი სისხლისა წილ", სწყურიათ ამ „მოკრძალებული" ქრისტიანობისთვის ბოლოს მოღება.

ყველაფერი კი, თავის დროზე, იმით დაიწყო, რომ იუდა ისკარიოტელისთვის ქრისტე, როგორც აღმოჩნდა, ვერ ჩაეწერა მესიაზე, ერისა და რელიგიის დიდებაზე, ძალაუფლებაზე, სიმდიდრეზე, წარმატებაზე მისეულ წარმოდგენებში, ვერ დააკმაყოფილა მისეული სტანდარტები. იუდას საკუთარი ხედვა, ერთგვარი პროექტი ჰქონდა, თუ როგორ უნდა გაბატონებულიყო მთელ მსოფლიოში მშობელი ერი და რელიგია. იესომ კი მას იმედები დაუმსხვრია, მოლოდინი გაუცრუა, იერუსალიმში დიდებით შესული მომავალი მეფის ნაცვლად, ქრისტეს სახით, მას უეცრად, სუსტი, უმაქნისი, უნიათო, უფულო, ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი, მატყუარა ადამიანი წარმოუდგა თვალწინ, ადამიანი, რომელსაც არც მეფობა და მღვდელმთავრობა სურდა და არც მხედართმთავრობა შეეძლო, ადამიანი, რომელიც სასტიკი მარცხისთვის იყო განწირული.

ნაზარეთელი იესო ზედმეტად ბეჩავი და უცნაური ვინმე გამოდგა, რომელმაც მოციქულებს პურის ნატეხისა და ფიალა ღვინის გარდა სხვა არც არაფერი შესთავაზა. ამაზე უარესი კი ის იყო, რომ მან მეფისთვის, წინამძღოლისთვის, ნამდვილი ვაჟკაცისთვის შეუფერებელი, უპატიებელი რამ იკადრა – ფეხი დაბანა, მაგალითად, თევზისსუნიან, გაბურძგნულ, უბირ პეტრეს, ხოლო გაოგნებულ მოციქულებს უთხრა, რომ მომავალში, მთელი მათი სამსახური, კაცთა შორის მათი მისია, ასევე იქნებოდა სხვათა ფეხების დაბანა. გასულელებული მოძღვრისა და მოწაფეების შემყურე, პრაგმატული იუდა შოკში ჩავარდა, მესიის მომავალ იმპერიაში, ვთქვათ, ფინანსთა მინისტრობის მაგივრად, მას ფეხის მექისის წარმოუდგენლად დამამცირებელ როლს სთავაზობდნენ.

იუდას მსგავსად, საპატრიარქოსაც შოკში აგდებს წარმოდგენა ღარიბ, უღონო, უძალაუფლებო ეკლესიაზე, შოკში აგდებს ადამიანის სოციალური მსახურების სახარებისეული მოწოდება, შოკში აგდებს, მაგალითად, ეპისკოპოსი, რომელიც ავტობუსით ან მეტროთი შეიძლება გადაადგილდებოდეს, ქუჩაში ფეხით დადიოდეს. მეძავებთან, სექტანტებთან, ლიბერასტებთან და, ღმერთო დაგვიფარე, მამათმავლებთან, მეგობრულად საუბრობდეს. ეს დაუშვებელია, ეს საშინელებაა, ეს მკრეხელობაა. ასე რომ არ იყოს, ფორმალურ, არაფრისმთქმელ საქმედ ხომ არ იქცეოდა ყოველ დიდ ხუთშაბათს, ფეხთბანისა და შენდობის საზეიმო ცერემონიალი, რომლის დროსაც უწმინდესი და უნეტარესი, წელიწადში ერთხელ, მღვდლებს თავად დაბანს ხოლმე ფეხებს, მრევლის წინაშე დაიჩოქებს და გულის ამაჩუყებელ, მოჩვენებით პატიებას ითხოვს, მაშინ როდესაც რეალურად ყველასა და ყველაფერზე ბატონობა, შურისძიება, სიმდიდრე და ფუფუნება უქცევია არსებობის ნამდვილ მიზნად. თუმცა, რატომ ფორმალობა? პატრიარქმა, ჯვრისა არ იყოს, ფეხთბანის ეს ყველაზე უფრო ქრისტიანული რიტუალი, რომელიც ჯვარცმულის მოძღვრების მთელს არსს გვიცხადებს, არც მეტი, არც ნაკლები, ქმრის ცოლზე ბატონობის, საქართველოში ქალის ჩაგვრის რეალურ, მეტყველ სიმბოლოდ აქცია, რადგან მისი თქმით, კარგმა ცოლმა ქმარს, თურმე, ფეხები უნდა ბანოს.

მიუხედავად ამისა, იუდას მსგავსად, ჩვენს იერარქებსაც აღმოაჩნდათ ნიჭი და უნარი, მოხიბლონ და გააბრუონ ადამიანები, დააჯერონ, რომ ფული და ფუფუნება მათ მხოლოდ წმინდა საქმისთვის, ღატაკთა თანადგომისა და საღვთო შესაწირავისთვის სჭირდებათ. წლების განმავლობაში, შეუვალია მოსახლეობის უმრავლესობის რწმენა, რომ საპატრიარქო მთელი თავისი უშრომლად მოპოვებული სიმდიდრით, ბიუჯეტიდან, სხვადასხვა ფონდებიდან და ჯიბეებიდან გადარიცხული მილიონებით, ერის კეთილდღეობაზე დაუღალავად ზრუნავს.

3


იუდა ისკარიოტელი ის არის, ვინც ვერაფრით ხვდება, რატომ იჭერს საქმეს ქრისტე კეთროვნებთან, მეძავებთან, ვაჭრებთან, მეზვერეებთან, ცოდვილ და გარიყულ ადამიანებთან, ანდა რად იმოწაფებს ლუზერ მეთევზეებსა და მესათხევლეებს, მაშინ როცა დიადი მისიის შესასრულებლად, ძალაუფლებისა და დიდების მწვერვალების დასაპყრობად, მომავალი იმპერატორი, იარაღის შეძენაში, ჯარის შეკრებაში, ხალხის მართვის სადავეთა მოსინჯვაში უნდა ათევდეს და აღამებდეს.

Giotto
იუდას მსგავსად, საქართველოს დღევანდელმა „მხსნელებმა", ამ თანამედროვე მესიანისტებმა, სახელმწიფოსა და ერის დანიშნულებაზე საკუთარი ანტიქრისტიანული წარმოდგენა, მართლმადიდებლობად გაასაღეს; კონკრეტული, თუნდაც უკიდურესად ცოდვილი ადამიანის სულის ცხონების ნაცვლად, მართლმადიდებლური სახელმწიფოს შექმნა და ამ სატყუარას ქვეშ რუსეთისკენ გეზის აღება დაისახეს მიზნად. იუდას მსგავსად, ჩვენს წმინდა იერარქებს, ადამიანის, მისი პიროვნების, მისი ღვთაებრივი ღირსების კი არა სწამთ, არამედ მათი რწმენის საგანი, მათ მიერ შემუშავებული მოძღვრებაა სახელმწიფოსა და ეკლესიაში მონის დანიშნულების შესახებ. მათ სჯერათ, რომ ადამიანი არსებობს მხოლოდ ორი მოდუსით – როგორც სამეფოს ქვეშევრდომი და როგორც ეკლესიის მრევლი. დამოუკიდებელი, უფლებებით აღჭურვილი მოქალაქისა მათ არათუ არ სწამთ, არამედ, როგორც წესი, სწორედ ამ თავისუფალ მოქალაქეს მიიჩნევენ ათასგვარი უბედურების სათავედ. ყველა, ვინც არ ეწერება საპატრიარქოს მიერ კონსტრუირებულ „წმინდა" რეალობაში, ვინც არ ეთაყვანება სამღვდელოების მიერ გამოგონილ დამსჯელ, რასისტ, შოვინისტ, ჰომოფობ, ქსენოფობ, უმოწყალო ღვთაებასა და პატრიარქს, ვინც არ იზიარებს მათ პუტინისტურ იდეოლოგიას, ქართველი ერისა და მართლმადიდებლობის მტრად ცხადდება.

გამორიცხული არ არის, ისინი გულწრფელად, ფანატურად ეთაყვანებოდნენ მათ მიერვე გამოგონილი მართლმადიდებლობის ამ დამახინჯებულ ხატს, ამ რაციონალურ კონსტრუქციას, რომელშიც ადამიანი არის საზარბაზნე ხორცი, ბრბო, მრევლი, ლაშქარი, მასა, ცხვრის ფარა, რომლის თავზე ბელადები და ქურუმები დოლაბის ქვებს უნდა ატრიალებდნენ და ერს დიადი მიზნისკენ მიუძღოდნენ, მაგრამ ნამდვილად გამორიცხულია, რომ მათ უყვარდეთ კონკრეტული ადამიანი, ვთქვათ, ადამი და ევა. ისინი, „მრევლის" ამ გაგებით, რომელსაც გადარჩენის მთავარ პირობად მონურ მორჩილებას უწესებენ, ღალატობენ შემოქმედისადმი რწმენას, რადგან ღმერთმა, ბიბლიის თანახმად, მრევლი, ხალხის მასები, ერები, კოლექტივები, კლასები კი არა, ადამი და ევა შექმნა და მათ საკუთარი გზის თავისუფლად არჩევის ნებაც მისცა. მით უმეტეს, შეუძლებელია, რომ მათ სწამდეთ, ცოდვით დაცემული კონკრეტული ადამისა და ევას გულისთვის ბრბოს, სახელმწიფოს, იმპერიის, სინოდის მიერ შეგინებული, დევნილი, გაშოლტილი, შენერწყვილი, ღირსებააყრილი და ჯვარცმული ღმერთი.

ჩვენს სასულიერო წოდებას (იმდენად გაუნათლებელია) შეიძლება, გულწრფელადაც კი სწამდეს, რომ, მაგალითად, ევრაზიული კავშირი ქართველ ერს „პიდარასტებისგან" გადაარჩენს, რადგან პუტინი ძლევამოსილი, კუნთმაგარი მართლმადიდებელი მუჟიკია, რომელიც დღენიადაგ სუსტებს, გეებს, გარყვნილებს, ურჯულოებს, გადამთიელებს, ლიბერასტებს ებრძვის. ისინი იმდენად უწიგნურები არიან, რომ შეიძლება გულწრფელად სჯეროდეთ კიდევაც, რომ არსებობს „კონჩიტების", იაღოვლების, მასონების, ებრაელების, ერთი სიტყვით, ანტიქრისტეს გლობალური ძალების შეთქმულება მართლმადიდებლური იმპერიის, მესამე რომის, კრემლის, ნამდვილი მამაკაცების, თეთრკანიანების, ვარდისფერკოლგოტიანი და ბაფთებიანი რაინდების, დათვების, მგლებისა და ყვავ-ყორნების წინააღმდეგ; შეიძლება მათ მართლაც სჯერათ, რომ პუტინი, ულტრამილიარდერ ჩეკისტთან, თამბაქოს მსხვილ მომწოდებელ კირილთან ერთად, ისევე როგორც თავის დროზე, სტალინი, რომელიც, თურმე, ფარული ორთოდოქსი იყო, აკავებს ბრიუსელიდან მომავალ განდგომილების მხეცს და გადაჯიშებისგან გვიცავს, მაგრამ ამავდროულად, ამასთანავე, ამასთან ერთად, მათ შეუძლებელია სწამდეთ იესოს ჯვარცმისა, რომელშიც ღმერთის ყოვლისშემძლეობაა გაცხადებული.

დასაშვებია, რომ მათ გულუბრყვილოდ სწამდეთ მონარქიის სოტეროლოგიური ხასიათი და პირადობის მოწმობაში ქართველობის ჩაწერის აუცილებლობაც, ვერტმფრენით გადაფრენილ-გადმოფრენილი ხატების მადლიც, სჯეროდეთ, რომ რელიგიურ გაერთიანებათა რეგისტრაცია ანდა ანტიდისკრიმინაციული კანონი ერს წარწყმედს, სწამდეთ, რომ ID ბარათი აპოკალიპტური ურჩხულის ნიშანია, რომ სუნამოთი ეშმაკი გვიძვრება სულში, ხოლო დედაკაცი შარვალში და მამაკაცი შორტებში სძაგს უფალსა, მაგრამ, შეუძლებელია მათ პარალელურად სწამდეთ, რომ შაბათი ჩვენთვის შეიქმნა და არა ჩვენ შაბათისთვის, რომ ადამიანი ღვთის თავისუფალი შვილია და არა მამაოების მონა.

სინამდვილეში, თუ კარგად დავუკვირდებით და გამოვიკვლევთ, იუდას მსგავსად, მათი ჭეშმარიტი რწმენის საგანი, ეს ფაშისტური იდეები და ათასნაირი ცრურწმენები კი არა, არამედ სახელმწიფოს მრავალმილიონიანი დაფინანსების, ბიუჯეტის ხარჯზე შეძენილი მტვერსასრუტების, აიფონების, ყურსასმენების, ბლენდერების, ლეპტოპების, მულტირობოტების, წაბლის ხეში ნაკვეთი ავეჯეულობის, ბელუქსის ჭურჭლის, ხორცის მანქანების, აქსესუარებიანი აკვარიუმების, 5000 ლარის ოდენობის მისალოცი ბარათების, მდიდრული რეზიდენციებისა და მოოქროვილი გუმბათების საგანგებო დანიშნულებაა „მართლმადიდებლობის განმტკიცებისა" და „სულიერობის" განვითარების საქმეში.

მაგრამ, კიდევ უფრო ღრმად რომ ჩავყვეთ და ჩავეძიოთ, აღმოჩნდება, რომ იუდას მსგავსად, მათ არც ისა სწამთ, რომ ღმერთი ყველგანმყოფი და ყველასია, რომ იგი ყოვლისშემძლეა და უნივერსალური. საკუთარი გამორჩეულობით, მნიშვნელოვნების განცდითა და ძალაუფლებით ბოლომდე დამტკბარებს, ამ წმინდა აქსესუარებითა და კომფორტით საიმედოდ გარშემორტყმულებს, ერის, ეკლესიისა და მთელი მსოფლიოს გადარჩენის საქმეში, იესოს გულისა და ცოდვილი, მაგრამ მონანული ადამიანის გამბედაობისა კი არა, მხოლოდ საკუთარი ქედმაღალი თავებისა სჯერათ.

Jean Bourdichon
ჩვენს იერარქებს ნამდვილად ღრმად სწამთ, რომ ამსტერდამებსა და მოსკოვებში მათი სულიერი ვოიაჟები, საკრალური ბლენდერები, აიფონები, უძვირესი საათები და ქამარ-ხანჯლები, მათი მეუფების გარშემო შემოლაგებული საღვთო შემოწირულობებია. მათ ისე გაშმაგებით უყვართ ეს ლოკალური, საკუთარი სხეულის პარამეტრებამდე დაყვანილი, სამღვდელო იდენტობასთან ძირეულად შეზრდილი, განკაცებული ჯიპები მათი არსებობისა, რომ ეს ღვთაებები სხვებისთვის ოდნავადაც კი არ ემეტებათ. მათი საღვთო ემანაციები მიტრაშემოსილი თავების დინჯი, რიტმული დაქნევები და ძალაუფლებიანი, დიკირ-ტრიკირიანი ხელების ნეტარი აქნევებია, ხოლო მათი ერთადერთი სალოცავი ხატი, საკუთარი ღვთივსულიერი სიფათებია სარკეებში – ოღონდ, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როცა ყველაზე ელიტარული პარიზული, ბერლინური, ლონდონური სასტუმროების სარკეებიდან იცქირებიან.

ამიტომ, რა გასაკვირია, რომ ჩვენს იერაქებს სძულდეთ ჯვარცმული ღმერთი. არა შეუძლებელი, არამედ შეურაცხმყოფელია მათთვის სწამდეთ ისეთი ღმერთი, რომელიც კონტინენტალის ავეჯეულობიდან კი არა, თავქუდმოგლეჯილი გეიების, სუნიანი ზანგების, ურჯულო სამარიტელების, სიფილისიანი მეძავების, გაწამებული ნარკომანების, ნაცემი ცოლების, მშიერი ბავშვებისა და მოხუცების თვალებიდან იმზირება. შეუძლებელია მათ სწამდეთ ისეთი ღმერთი, რომელიც აცხადებს, რომ ის არის ჰომოსექსუალშიც, სამარიტელშიც, იეღოველშიც, ის არის კამერუნელშიც, ჩუქჩაშიც, ინდონეზიელშიც, არის სოროსშიც, ბოზშიც და ყველა ხელმოცარულ იდიოტშიც, დამნაშავეშიც და უდანაშაულოშიც, რადგან ის თითოეულ ადამიანშია; როგორ უნდა სწამდეთ ისეთი ღმერთი, რომელიც თავადაა ნებისმიერი ეს ადამიანი, მაშინ, როცა მას დევნიან და ყვედრიან, უფლებებს ულახავენ და აკნინებენ, აფურთხებენ და აწამებენ, უსახლკაროდ ტოვებენ და შიმშილისთვის წირავენ. რა გასაკვირია, რომ მათ, სინამდვილეში, მთელი არსებით სძულდეთ ეს იესო, რომელიც გადარჩენის ერთადერთ საზომად ქვრივ-ობოლთა, მშიერთა, შეციებულთა, პატიმართა, დევნილთა, დამცირებულთა თანადგომას აწესებს. რა თქმა უნდა, ჭეშმარიტად შეურაცხმყოფელია მათთვის ასეთი ანტიქართული მართლმადიდებლობის რწმენა! ანდა, როგორ უნდა სწამდეს, ვთქვათ, კაი ბიჭ, კაბის ქვეშ პრისტუპნიკი ვარ მამაოს ეს არაკაცური გაგების მესია? იუდაც სწორედ ამას კითხულობდა.

4

მართლმადიდებელი ეკლესიის თეოლოგია ღმერთის შეუმეცნებლობის მოძღვრებას ეფუძნება, რომელიც სრულყოფილი სახით წმინდა დიონისე არეოპაგელის მისტიკურ ღვთისმეტყველებაშია გადმოცემული. ბრძენი დივნოსის თანახმად, დიდი ფასი არ აქვს, რას ვიტყვით ღმერთზე. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღმერთი არსებობს, მაგრამ შეგვიძლია ისიც განვაცხადოთ, რომ იგი არ არის არსებული. ჩვენ არც პირველ და არც მეორე შემთხვევაში არ მოვტყუვდებით, რაკი ადამიანური გონებისთვის უბრალოდ მოუხელთებელია ის, რასაც ღმერთის არსებობა და მისი თვისებები შეიძლება წარმოადგენდეს. ამიტომ ღვთისა და ჭეშმარიტების შესახებ ყველაზე მეტყველი სიტყვა დუმილი და სიკეთეა. ამას ქადაგებს მართლმადიდებლობა, მისი თეოლოგია და ცოცხალი ლიტურგიკული ტრადიცია, რადგან ჭეშმარიტება მისთვის არის არა რაციონალური აბსტრაქცია, არამედ კონკრეტული ადამიანი, ძე კაცისა, მისი სიყვარული მეორე ადამიანისადმი.

შესაბამისად, ჭეშმარიტების შემეცნების გზა გადის პიროვნულ, განკაცებულ ღმერთთან ურთიერთობაზე, რომელიც იბადება ადამიანში არა ფიქრისა და მეტყველებისას, არამედ სიკეთის აქტში, თანაგრძნობის აქტში, სიყვარულის აქტში, ისევე, როგორც სახარების ფურცლებზე ხვდებიან ღმერთს მონაზე მზრუნველი ურჯულო ცენტურიონი და მოწყალე სექტანტი სამარიტელი. ამიტომ ჭეშმარიტების ობიექტური ხასიათი არის არა გონების სინათლე, არამედ სიბნელის წყარო, საფუძველი ყოველგვარი ტოტალიტარული სისტემისა, ყოველგვარი ძალმომრეობისა, პიროვნების ჩახშობისა, საფუძველი ამპარტავნებაზე აღმოცენებული იდეოლოგიებისა, როგორიც იყო, მაგალითად, ფაშიზმი და კომუნიზმი, როგორიცაა დღეს ორთოდოქსული, რეაქციული ფუნდამენტალიზმი, პოლიტიკური მართლმადიდებლობა, რომელიც თავის თავში სწორედ ფაშიზმისა და კომუნიზმის ნიშნებს აერთიანებს.

ამიტომ ყველა იუდას ცოდვაში იდგამს ფეხს, ვინც ჭეშმარიტების დასაცავად ცდილობს, მისი აზრით, მცდარი იდეოლოგიის მიმდევარი შეზღუდოს, განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის გამო გაიმეტოს ვინმე ჩაგვრისთვის, მუსლიმებს ჩამოართვას უფლებები, რადგან მართლმადიდებლისთვის, ჭეშმარიტებაა ის, რომ ობიექტური, სხვისთვის თავში ჩასარტყმელი ჭეშმარიტება უბრალოდ არ არსებობს, ხოლო, ამის საწინააღმდეგოდ, ქადაგების ყველაზე ქმედითი ფორმა კეთილი საქმეებია. მაგრამ, ჩვენი მართლმადიდებლობის დამცველებისთვის ჭეშმარიტება მაინც ობიექტურია: იგია ის, რასაც რუსული იდეოლოგიური ინსტრუქციები, მართლმადიდებლობის საფარქვეშ გახვეული ნეოიმპერიალიზმი ქადაგებს სამღვდელოების პირით.

5

სახარებაში ნათქვამია, რომ იუდა ისკარიოტელი, ზიარების შემდეგ, გადის გარეთ. გარეთ კი ღამე დგას. ღამით გარემოცული იუდას მზერის წინაშე ერთნაირად თანასწორი ხდება ყველა და ყველაფერი. იუდას მსგავსად, ღამეში გადასული ადამიანებიც, სამღვდელო სამოსებში გამოწყობილი ანტიქრისტეები, რომის თუ სინედრიონის, კაგებეს თუ ეფესბეს მართლმადიდებელი აგენტები გარესამყაროს აღიქვამენ, როგორც ბნელ, ერთგვაროვან, ერთფეროვან მასას, რადგან მენტალური და მორალური კატასტროფა მათ ცნობიერებაში აქრობს ღვთის შუქსა და მის მიერ განათებულ სამყაროს.

გაცემა აჩლუნგებს ყველა უნარს, აღიქვა რეალობა ისეთად, როგორიც არის – მრავალფეროვანი, განსხვავებული, ინდივიდუალური ფორმებისა და გამოცდილების ერთობლიობა. ადამიანები, საგნები, მოვლენები ცხად შინაარსს, კონტურებსა და ფერებს კარგავენ. მათ მხოლოდ წყვდიადი ამთლიანებს და აერთიანებს. გამცემის აღქმისთვის ყველა ერთნაირად უმნიშვნელო, ერთნაირად უსულო, მატერიალური, ბნელით მოცული ხდება. შინაარსისგან მთლიანად იცლება კონკრეტული ადამიანის ვინაობა, რადგან გამცემისთვის, აგენტისთვის ის მხოლოდ დაკვირვების, შესწავლის, ზემოქმედებისა და განადგურების ობიექტს წარმოადგენს.

რაც უფრო ფართოვდება და ღრმავდება სიბნელე, მით უფრო ითქვიფება ყველაფერი. ძნელი ხდება გარჩევა, ვინ არის მოყვასი და ვინ მტერი, ვის მოციქულის სამოსი მოსავს და ვის ჯალათის, ვინ არის კეთილი სტუმარი და ვინ მომხდური, ვის უპყრია ჯვარი ქრისტესი და ვის ტაბურეტი ანთიმოზისა, ვინ არის მღვდელი და ვინ უბრალოდ შავი კაცუნა, რომელსაც შენს ლიკვიდაციაზე კონტრაქტი აქვს გაფორმებული იმპერიასთან, რადგან სიბნელე არის ადამიანის ვერაგობის ნიღაბიც და, ამავდროულად, კეთილშობილებაზე დაფენილი ჩრდილიც.

იქ, სადაც მრავალფეროვნების სიმართლე ქრება, ტოტალური ერთფეროვნება, ტყუილი და თვალთმაქცობა ზეიმობს. ფაშისტური რეჟიმები და კომუნისტური ტირანიები ამ ერთფეროვნების, ამ ფარისევლობის, ნიღბების ამ კარნავალის – ღმერთისა და ადამიანის ღალატის შედეგებია. დღეს ამგვარი კარნავალური წყვდიადითაა მოცული ქართული პოლიტიკური მართლმადიდებლობაც, როგორც ქრისტეს, ეკლესიის, სამშობლოს, ადამიანობის, საკუთარი რაობის ღალატის იდეოლოგია, რადგან მასში დანთქმულ ცნობიერებას ქრისტეს გაცემის გამო წაერთვა პიროვნებისა და განსხვავებული რეალობის დანახვის, აღიარების, დაცვისა და დაფასების ნიჭი.

6


Caravaggio
ღამეში გასული იუდა მღვდელმთავრებისგან იღებს ღალატის საფასურს, კრებს შეიარაღებულ რაზმს და მოუძღვება ქრისტესკენ. იუდას მსგავსად, თანამედროვე დამცველებიც მართლმადიდებლობისა წმინდა ზიარების შემდეგ გამოდიან ღალატის ღამეში, იღებენ ფულს, აგროვებენ მრევლს, კრებენ სადამსჯელო ბრიგადებს, ქმნიან სიძულვილის კომიტეტებს და ნაბიჯს აჩქარებენ მიუღებლების, მათგან განსხვავებულის, მაგალითად, სხვანაირად ჩაცმული, სხვანაირად თმამოშვებული და წვერგაპარსული, სხვაგვარად მორწმუნე, მოფიქრალი, მომღერალი, მოცეკვავე, ზოგადად, უმცირესობაში მყოფი ნებისმიერი ადამიანის საგინებლად და სადევნელად. ისინი მიდიან მუსლიმებთან და სახლებიდან აგდებენ მოლას, ატარებენ სიძულვილის რეიდებს კათოლიკებით დასახლებულ სოფლებში, არბევენ ახალგაზრდებს ჰელოუინზე და 17 მაისს ნამდვილ პოგრომებს აწყობენ, ფაშისტურ აღლუმებს მართავენ ჩაგვრის დაკანონების მოთხოვნით.

ყოველივე ამას კი ზრუნვით ამართლებენ, მაგრამ მათი ზრუნვა იუდას ნიღაბია, იუდას ამბორია.

იუდას კოცნაში თავს იყრის ღალატის მთელი შემზარაობა და სიბინძურე. არავინ სჩადის უფრო დიდ ბოროტებას, ვიდრე მეგობრის ნიღბით შემოპარული არამზადა. მაგრამ რატომ აკეთებენ ამას? იმიტომ, რომ იუდას მსგავსად, მათაც სურთ, რომ ღმერთმა სწორედ მათი კარნახით, მათი გეგმებით, მათი ინტერესების მიხედვით იმოქმედოს, პატრიარქისა თუ პუტინის ჭკუაზე იაროს და რაკი ეს არ გამოსდით, ისინიც ასე, იუდასავით, ბოღმით ისივებენ გულებს; იესო ქრისტეს გამო უზარმაზარ იმედგაცრუებას სხვაგვარად ვერ უმკლავდებიან, იმიტომ, რომ მათ არ აკმაყოფილებთ ღვთის ნების, ღვთის სიმართლის აღსრულება, არ აკმაყოფილებთ მხოლოდ პურისა და ღვინის, ჩვენთვის დაღვრილი სისხლისა და ჩვენთვის გატეხილი სხეულის ქრისტიანობა, არ აკმაყოფილებთ ის სასწაული, რომ კოსმოსის შემოქმედმა ლოგოსმა მათი სულის ჭერქვეშ დაიდო ბინა, მათი ფეხი განბანა, მათთვის ჯვარს ეცვა, მოკვდა და აღსდგა.

ეს ყველაფერი თითქოს ნებისმიერ მირონმდინარე სასწაულზე შეუდარებლად მეტი უნდა იყოს ერთი კონკრეტული მართლმადიდებლისთვის, საიმისოდ, რომ მთელი ცხოვრება მადლიერებაში, აღტაცებასა და გაოცებაში გაატაროს; საკმარისი უნდა იყოს იმისთვის, რომ საიდუმლო სერობიდან გავიდეს გარეთ, მზის შუქზე და სხვასაც უწილადოს ეს თავსდატეხილი ბედნიერება, მარადიული სიცოცხლის ეს გამაგიჟებელი სიხარული. მაგრამ იუდასა და მისი თანამედროვე მოციქულებისთვის სიტყვა ღვთისა და ევქარისტია მხოლოდ და მხოლოდ ჩალაბულაა, ცარიელი რიტუალია, რადგან ერთადერთი, საყოველთაო, ობიექტური ძალაუფლების გაბატონება, ფული და დიდება ამას არ მოაქვს.

ისინი ღრმად შეცდნენ, როცა ქრისტეს შეუდგნენ, რადგან მათ არაფრის დიდებით არ უნდათ, ყოველი ცოდვილი ადამიანის წინაშე ასეთი, დახრილი, წელზე პირსახოცმოხვეული ღმერთის მსახურები იყვნენ, არ უნდათ მისი სულელური მცნებებისა და იგავების ქადაგება მონანულ მეზვერეზე, მტრის სიყვარულზე, მარცხენა ყვრიმალის მიშვერაზე, ღარიბ ლაზარესა თუ მოწყალე სამარიტელზე. ამის მაგივრად მათ, დიახაც, სურთ, რომ აღსავლის კართან, წინა რიგებში, ფარისეველივით თავაწეულები დადგნენ და საკუთარი საქმეები განადიდონ.

მათ დიახაც სურთ დაუმტკიცონ მთელ მსოფლიოს, რომ ყველასგან მიტოვებული, შეფურთხებული, ჯვარზე გაკრული ქრისტე კი არა, მისი ჯვარმცმელები, იმპერია, სინედრიონი, ბრბო, უმრავლესობაა მართალი, რომ ლოცვაში კი არა, მუშტშია ღმერთი, რომ ჯვარში კი არა, ტაბურეტშია ძალაუფლება, რომ პავლე მოციქულის, გიორგი მთაწმინდელის, გრიგოლ ფერაძის უძლურება კი არა, ჰიტლერის, სტალინის, პუტინის ძალღონე იმარჯვებს საწუთროში. ამიტომ, რა გასაკვირია, რომ მათაც სინედრიონისა და კრემლის მხარეს უნდათ დგომა, რათა სიამაყით, ზემოდან გადაჰყურებდნენ დამორჩილებულ ქრისტეს, რათა გამარჯვების ბედნიერებას ზეიმობდნენ, რათა მრავალმილიონიანი არმიები, მრევლი, კოლექტივები მიმართონ სარკეში განცხადებული ჭეშმარიტი ღმერთის – საკუთარი უბადრუკი თავის განსადიდებლად.

7

იუდას ამბავი გაჩანაგებული, იერდაკარგული პიროვნების ბრბოში გადასვლის, მასთან შერწყმის დრამაა, რომელიც დღეს, ისევე როგორც ორი ათასი წლის წინ, ჩვენ წინაშე ვითარდება. რა თქმა უნდა, ბრბოს კაცსაც, ამა სოფლის ძლიერთა მსგავსად, სურს, რომ თავისი სილაჩრე, თავისი შინაგანი მარცხი უპიროვნო ძალაუფლების აქტით გამოისყიდოს. გაქრობის შიში აინაზღაუროს იმით, რომ მასაც, უსახურს, მაგრამ მრავალს, მრევლს, ბრბოს, ჯოგს, ხროვას შეუძლია სანქცია გასცეს სიკვდილზე, შეუძლია შური იძიოს პიროვნებაზე, შეუძლია დაიყივლოს: ჯვარს აცუ ეგე და ამით, თავი ნამდვილ ღმერთად, სიკვდილის მეუფედ წარმოიდგინოს.

იესო ამბობს, რომ ვინც ხელმეორედ არ იშვება, მას წილი არ ექნება სასუფეველში. სულიერი ნათლობა, მეორედ შობა, ცნობიერების ღვთისკენ მიმართვა არის ადამიანის ხელახალი დაბადება მარადიული სიცოცხლისთვის. გაცემის აქტშიც, ადამიანი მეორედ იშვება, ოღონდ არა სასუფევლის, არა მარადიული სიცოცხლის, არამედ წარწყმედისა და ეშმაკის კერძად.

სინამდვილეში, ვის გასცემს, ვის ღალატობს იუდა? ქრისტეს? მოციქულებს? რწმენას? უპირველესად, საკუთარ თავს, საკუთარ ადამიანურ ბუნებას, საკუთარ მოციქულებრივ პატივს, ყველა იმ ნიჭსა და უნარს, რაც ღმერთს მისთვის მიუმადლებია, რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში უშენებია, რასაც მისთვის სიხარული და ბედნიერება მოუტანია, რადგან ყოველივე ამას შემკვეთის ტყვეობაში, ეშმაკის განკარგულებაში გადასცემს.

გაცემის წყვდიადში ინთქმება და იკარგება ყველა მოღალატე პატრიარქის, ეპისკოპოსის, მღვდლის, მეომრის, ინტელექტუალის, რეჟისორის, მსახიობის, პოეტის, მეცნიერის, პოლიტიკოსის, ნებისმიერი მოქალაქის ნიჭი, მათი კეთილი საქმეები, მათი მიღწევები, მათი შედევრები. მთლიანად უფერულდება მათი ნებისმიერი ურთიერთობის, მეგობრობის, სიყვარულის, ბედნიერების ყველა წამი, რადგან ღალატი ბოლომდე ანადგურებს თავად მოღალატეს, ანგრევს მთელ მის ფსიქიკას, აკარგვინებს არსებობის საზრისს. იუდას წილი ღვინო ძმარდება, მის წილ პურს ობი ეკიდება, მის ოქროს ჟანგი ჭამს, რადგან გემო დაკარგა ცხოვრებამ.

8


მაგრამ იუდას ყველაზე მძიმე დანაშაული, რაზედაც ეკლესია ამბობს, რომ ეს ცოდვა უპატიებელია, არის ადამიანად ყოფნაზე, სიცოცხლეზე, თავისუფლებაზე, სინანულსა და მოწყალებაზე უარის თქმა, ჩადენილის გამო შიშსა და ნიჰილიზმში დაძირვა, რასაც თვითმკვლელობა მოჰყვა.

ზოგი ფიქრობს, რომ სიცოცხლის გაგრძელებაზე უარი ადამიანის თავისუფლების უკიდურესი გამოვლინებაა, მაგრამ ეკლესია გვეუბნება, რომ თვითმკვლელობა არის ბოროტებისადმი საბოლოო დამონება, ღამის წყვდიადში საბოლოო შთანთქმა. ღვთის წინაშე, ყოველთვის და ყველგან არსებობს გამოსავალი, რადგან ქრისტიანობა არის შეუძლებლის შესაძლებლობა, ღმერთის გომურში განკაცება, მკვდრეთით აღდგომა, ევქარისტიული საიდუმლო.

თუკი თვალს გადავავლებთ ისტორიას, ვნახავთ, რომ ერთხელ, 200 წლის წინ, თავი უკვე მოიკლა საპატრიარქომ, როცა ჯერ რუსულ ჯარებს შემოუძღვა თბილისში, როცა იმპერიული ბატონობა დააკანონა და შემდეგ, უიმედობაში ჩაძირულმა, ბოლომდე გასცა, კომფორტზე გადაცვალა საკუთარი თავისუფლება, ფაქტობრივად, ნებაყოფლობით გააუქმა 1500-წლიანი ავტოკეფალური ეკლესია და რუსულ საიმპერიო კანტორად, ანტიქრისტიანული იდეოლოგიის მანქანად აქცია იგი.

ეს ისტორია რომ არ გამეორდეს, დიდი და მტკივნეული გზა უნდა გავიაროთ ყოველმა მართლმადიდებელმა ცალ-ცალკე და მთელმა ეკლესიამ ერთობლივად.

ქრისტეს საკურთხევლის წინაშე სინდისიერად რომ წარვსდგეთ, ჩვენ, არა რიტუალური, არამედ, გულწრფელი, რეალური, ბოლომდე გაცნობიერებული პატიება უნდა ვითხოვოთ ღვთისგან და ყველა იმ ადამიანისგან, ვისაც წლების განმავლობაში დავცინოდით, უარვყოფდით, ვჩაგრავდით, ვდევნიდით, ვცემდით, მოსაკლავად ვიმეტებდით. ასეთ სინანულს ნამდვილად ძალუძს ჩვენი სულის ბნელ გომურებში სიცოცხლის ნაპერწკლის ანთება.

მაშ ასე, ჩვენ, ამპარტავნებით, შურით, ბოღმით, სიძულვილით, უმეცრებით, ორპირობით, მრუშებით, თვალთმაქცობით, ნაყროვნებით, ცილისწამებით, ათასნაირი პარვით, ბილწი გულისთქმითა და ენით, შეუწყნარებლობით, ყოველგვარი ღალატით, მცონარებით, მძიმე ყალნით, ლამაზ ფალნითა და რითი აღარ გადაგვარებულმა ქართველმა მართლმადიდებლებმა, პატიება უნდა ვითხოვოთ ნაცემი ქალებისგან, რომელთა ჩაგვრას ამბიონებიდან ვაკანონებდით, პატიება უნდა ვითხოვოთ ღარიბი მშობლებისგან, რომელთა დაავადებულ შვილებს ყურადღებისა და მხარდაჭერის გარეშე ვტოვებდით, პატიება უნდა ვითხოვოთ ლიბერალებისგან, რომელთა პორტრეტებს სიძულვილის დაფებზე ვაკრავდით და ხალხს მათ ჩასაბუგად, ჩასაქოლად, დასახვრეტად მოვუწოდებდით, პატიება უნდა ვითხოვოთ ნაწამები პატიმრებისგან, რომელთა ტანჯვას თვალს ვარიდებდით და შემდეგ, ამის უსირცხვილო გამართლებაც კი აღარ გვერიდებოდა; შენდობა უნდა ვითხოვოთ იმ ორმოციოდე ადამიანისგან, რომლებსაც 17 მაისს, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, რუსთაველზე მოსაკლავად დავსდევდით, პატიება უნდა ვითხოვოთ გეებისგან, ბისექსუალებისგან, ლესბოსელებისგან, ტრანსგენდერებისგან მათი ადამიანთა რიგებიდან ამორიცხვის გამო, პატიება უნდა ვითხოვოთ ფსიქიკური პრობლემის მქონე ადამიანებისგან, რადგან ჩვენ ისინი ეშმაკეულებად შევრაცხეთ, პატიება უნდა ვითხოვოთ დაუნის სინდრომიანი, აუტისტი, ყოველგვარი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეებისგან, ვისაც, წლების განმავლობაში, უსინდისოდ, ცოდვის შვილებად მივიჩნევდით, პატიება უნდა ვითხოვოთ იეჰოვას მოწმეებისგან, კათოლიკებისგან, პროტესტანტებისგან, მუსლიმებისგან, ათეისტებისგან, ებრაელი, სომეხი, აზერბაიჯანელი, თურქი, ჩინელი, არაბი, ინდოელი, აფრიკელი, ევროპელი, ამერიკელი დებისა და ძმებისგან მათ წინააღმდეგ დამიზნებული სიძულვილის ისრების გამო;

შენდობა უნდა ვითხოვოთ ყველასგან და შენდობა უნდა ვითხოვოთ მთელი ქართველი ერისგან, რომლის განვითარების შეჩერებას, რუსეთის იმპერიისადმი დამონებასა და გადაგვარებას, შეგნებით თუ შეუგნებლად, ქრისტესა და მართლმადიდებლობის სახელით, ბოლო წლებია, მუხლჩაუხრელად ვემსახურებით, რათა არ მოვკვდეთ, რათა საკუთარი ხელით არ მოვისწრაფოთ სიცოცხლე, არამედ დაველოდოთ იესო მაცხოვრის შეკითხვას, რომელიც მან პეტრე მოციქულს დაუსვა სამგზის უარყოფის შემდეგ: გიყვარვარ მე?

კომენტარები