ევრაზიული არჩევანი

ევრაზიული არჩევანის მომხრეებს რუსეთის მოწინააღმდეგეებმა კვერცხები დაუშინეს

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან კოალიცია ევრაზიული არჩევანის მხარდამჭერები და მოწინააღმდეგეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
ახალგაზრდებმა, რომლებიც ევრაზიული არჩევანის აქციას აპროტესტებენ, რუსეთის მომხრეებს კვერცხები დაუშინეს. ამასთან, აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. საპატრულო პოლიცია აქციების მონაწილეებს ერთმანეთთან მიახლოების საშუალებას არ აძლევს.

ევრაზიული არჩევანის მხარდამჭერებს გაშლილი აქვთ პლაკატები, სადაც საკუთარი მოთხოვნები აქვთ დაფიქსირებული. მათ პრეზიდენტის ადმინისტრაციისკენ მსვლელობა ავლაბრის მეტროდან გამართეს და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა მოითხოვეს. როგორც ისინი აცხადებენ, "აუცილებელია რუსეთსა და საქართველოს შორის აღდგეს ის ტრადიციული ურთიერთობები, რაც წლების განმავლობაში ორ ქვეყანას შორის იყო". ევრაზიული არჩევანის მომხრეების თქმით, უნდა დაიწყოს პირდაპირი დიალოგი და აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობა, რათა მოლაპარაკებების გზით გადაიჭრას ყველა პრობლემა. აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ დათმობაზე როგორც საქართველო, ისე რუსეთი უნდა წავიდეს და ორ ქვეყანას შუამავლები არ სჭირდება.

ევრაზიული არჩევანის მოწინააღმდეგეები კი, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან უკრაინისა და ევროკავშირის დროშებით მივიდნენ. მათი განცხადებით, ისინი რუსეთის მომხრეებს აქციის ჩატარების საშუალებას არ მისცემენ. კონტრაქციის მონაწილეების თქმით, სანამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა არ შეიძლება.

კომენტარები