გამოსვლები აფხაზეთში

აფხაზეთის ე.წ. შსს-ს პირადი შემადგენლობა მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდა

travel-images.com

აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს პირადი შემადგენლობა მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდა. ე.წ. შსს-ს განცხადებით, მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს სამინისტრო ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების მიუხედავად, არ აპირებს უსაფრთხოების რეჟიმი გააძლიეროს.

დე ფაქტო სამინისტრო ე.წ. გენერალურ პროკურატურასთან და უშიშროების სამსახურთან ერთად, აგროვებს ვიდეომასალებს გასაანალიზებლად და გასარკვევად, იკვეთება თუ არა თავდამსხმელების ქმედებებში დანაშაულის კვალი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს პირადი შემადგენლობა მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე 27 მაისიდან გადავიდა. უწყების ხელმძღვანელობა, პირადი შემადგენლობა, თავდაცვის სამინისტრო და უშიშროების კომიტეტი დგანან კონსტიტუციის, კანონის და მართლწესრიგის სადარაჯოზე და არ იმოქმედებენ ამ ღირებულებების წინააღმდეგ“, - აცხადებს ე.წ. შსს.

სოხუმში ოპოზიციის გამოსვლები მიმდინარეობს პრეზიდენტის და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით. სააგენტო "ინტერფაქსის" ცნობით, აფხაზეთის სეპარატისტული რესპუბლიკის დე ფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი ოპოზიციის მოთხოვნას მთავრობის გადაყენების შესახებ დათანხმდა. მან ოპოზიციასთან შეხვედრა დატოვა მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიჭრნენ. 

კომენტარები