წინასაარჩევნო გარემო

კანდელაკი: ჩვენს კანდიდატებს უარი ათქმევინეს არჩევნებში მონაწილეობაზე

timer.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი კანდელაკმა ნაციონალური მოძრაობის ოფისში ბრიფინგი გამართა და წინასაარჩევნოდ რეგიონებში არსებულ ძალადობაზე ისაუბრა. კანდელაკის თქმით, სწორედ ხელისუფლების ზეწოლის შედეგად მოხსნეს ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებმა საკუთარი კანდიდატურები 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნებზე.

"15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად ძლიერდება ზეწოლა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებზე სხვადასხვა რეგიონში, კანდიდატურების მოხსნის მიზნით. ამ ზეწოლის შედეგად, საკუთარი კანდიდატურა მოხსნა ნაციონალური მოძრაობის სამმა კანდიდატმა მხოლოდ და მხოლოდ ერთ რაიონში, დმანისში. ესენი არიან: შახვადდინ კოჯაევი, ალმაზ რამაზანოვი და ელმურაზ გასანოვი.", - აღნიშნა გიორგი კანდელაკმა.

დეპუტატის თქმით , კანდიდატებზე ძირითადად შსს და სახელმწიფო უშიშროების სამსახური ახდენს ზეწოლას სხვადასხვა მეთოდებით, მათ შორის შანტაჟის გზითაც.

წინასაარჩევნოდ, რეგიონებში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე ეს ნაციონალური მოძრაობის პირველი განცხადება არაა. საპარლამენტო უმცირესობაში ამბობენ, რომ ხელისუფლება ყველა იმ რეგიონში ცდილობს მათი კანდიდატების სხვადასხვა გზით დაშინებას, სადაც ნაციონალურ მოძრაობას არჩევნებზე გამარჯვების შანსი აქვს.

შეგახსენებთ, საქართველოში თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნები 2014 წლის 15 ივნისს ჩატარდება. მთელი საქართველოს მასშტაბით ამომრჩეველმა 71 საკრებულოს 2088 დეპუტატი, 12 თვითმმართველი ქალაქის მერი და 69 თვითმმართველი თემის გამგებელი უნდა აირჩიოს.

კომენტარები