ახალი ტექნოლოგიები

Apple ჭკვიანი სახლის კონცეფციაზე მუშაობს

A man poses with the new iPad tablet computer in an Apple store at its UK launch in central London
Luke Macgregor / REUTERS

Financial Times-ის ინფორმაციით, 2014 წლის 2 ივნისს, კონფერენციაზე Worldwide Developer Conference, Apple ჭკვიანი სახლის კონცეფციას გააცნობს პუბლიკას. 

2013 წლის 5 ნოემბერს Apple-მა პატენტი დაარეგისტრირა ტექნოლოგიაზე, რომლის მეშვეობითაც დისტანციურად, უკაბელო ინტერნეტის საშუალებით, ერთი მოწყობილობიდან მეორე მოწყობილობის კონტროლი გახდება შესაძლებელი. ამავე ტექნოლოგიის საშუალებით შესაძლებელი გახდება ერთი ან მეტი მოწყობილობის მართვა, როგორიც არის განათების, დაცვის და ავტოსადგომის კარის საკეტი სისტემები, მიკროკლიმატის მაკონტროლებელი მოწყობილობები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა. 

მსგავსი ტიპის ჭკვიანი ტექნოლოგიების ბაზრის ათვისება Google-მა და Samsung-მა უკვე დაიწყეს. Google-მა 2014 წლის იანვარში 3.2 მილიარდ დოლარად შეიძინა Nest, თერმოსტატის მწარმოებელი კომპანია, რომლის ინტეგრირებასაც ის საკუთარი ჭკვიანი სახლის კონცეფციაში აპირებს.

Financial Times-ის სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ Apple Google-სგან განსხვავებით დამატებითი მოწყობილობების წარმოებას ან შესყიდვას არ აპირებს. Apple-ის კონცეფცია გათვლილი იქნება პროგრამულ თავსებადობაზე და დაეყრდნობა სხვადასხვა კომპანიების მიერ წარმოებულ მოწყობილობებს. მსგავსი პრაქტიკა კომპანიას უკვე დანერგილი აქვს და Made for iPhone მოწყობილობები (iPhone-სთვის დამზადებული და მასთან თავსებადი პროდუქცია Apple-ს გარდა სხვა მწარმოებლების მიერ) წარმატებულადაც მუშაობს. 

Bloomberg-ის ტექნოლოგიური სიახლეების მიმომხილველი, ლეონიდ ბერშიდსკი, Apple-ის ამ წამოწყებაში დამალულ საფრთხეებს ხედავს და ამბობს, რომ დისტანციურად მოწყობილობებზე წვდომის პრაქტიკა მომხმარებელს მონაცემთა დაკარგვისა და არაავტორიზებული წვდომის საფრთხის წინაშე აყენებს.

კომენტარები