აფხაზეთის კონფლიქტი

კაპანაძე: ის, რაც დღეს აფხაზეთში ხდება, ძალიან შემაშფოთებელი და საყურადღებოა

ის, რაც დღეს აფხაზეთში ხდება, ძალიან შემაშფოთებელი და საყურადღებოა - ამის შესახებ საქართველოს რეფორმების ასოციაციის(GRASS) დამფუძნებელმა სერგი კაპანაძემ საკუთარ Facebook გვერდზე განაცხადა.

”ის, რაც დღეს აფხაზეთში ხდება, ძალიან შემაშფოთებელი და საყურადღებოა. ღრმა ანალიზი სჭირდება ამ ყველაფერს და არა ზედაპირული კომენტარების გაკეთება. აფხაზეთში ანქვაბმა რეალურად მოახდინა ხელისუფლების თავის ხელში კონცენტრაცია და, როგორც ჩანს, ბევრი თანამოაზრე იმის გამო ჩამოცილდა, რომ ისინი არ მიაკარა ხელისუფლებას, ანუ "თბილ ადგილებს". მან ასევე ბევრი ფული ჩადო ისეთ პროექტებში, საიდანაც ფული კარგად იპარებოდა, მაგრამ ეკონომიკური სარგებელი არ ჰქონდა დიდი (სტადიონები, ინფრასტრუქტურა, რემონტები და ა.შ.). ამან მას ყველაზე ახლო მეგობრებიც კი ჩამოაშორა, რადგან, კარგად გვესმის, რომ სოხუმში საბიუჯეტო ფული "ტკბილია" და ყველას სურს თავისი წილი”, - წერს კაპანაძე.

საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე წერს, რომ შესაძლოა რუსეთმა აფხაზეთში არეულობით ისარგებლოს და შეეცადოს ხელისუფლებაში ის ძალა მოიყვანოს, რომელსაც რუსეთთან მეტი ინტეგრაცია ენდომება.

”ამ ყველაფერში არ უნდა დაგვავიწყდეს ოკუპანტი რუსეთის პოზიცია. გუშინ ჟირინოვსკის ვინც უსმინეთ, მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის სერიოზული პოლიტიკოსი, ნახავდით, რომ არცთუ ისე შორსაა მოსკოვისთვის ის აზრი, რომ აფხაზეთი უფრო დამოკიდებული გახდეს მოსკოვზე. თუ სოხუმში არეულობა გაგრძელდა, ისინი ნამდვილად შეეცდებიან ამ არეულობით სარგებლობას და ისეთი ხელისუფლების მოყვანას, რომელიც მომხრე იქნება რუსეთთან მეტი ინტეგრაციის. არ დაგავიწყდეთ, რომ რამდენიმე ხნის წინ სერგეი შამბას ძმამ ტარას შამბამ გააკეთა განცხადება, რომ რუსეთთან ასოცირება უნდა მოვახდინოთო. ამ განცხადებას სოხუმში საკმაოდ მკაცრი განცხადებები და რეაქციები მოჰყვა ყველასგან. ამიტომ, რუსეთისთვის არ იქნება ისე მარტივი ყირიმის სცენარის გათამაშება. თუმცა, ამას რომ შეეცდება, ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს”, - წერს კაპანაძე.

GRASS-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი წერილის ბოლოს საუბრობს იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელზეც საერთაშორისო თანამეგობრობამ და საქართველოს მთავრობამ ყურადღება უნდა გაამახვილონ:

”ა) საერთაშორისო თანამეგობრობამ გაიგოს, რომ გალის მოსახლეობას შეიძლება საფრთხე შეექმნას, რადგან ეთნიკური კარტის გათამაშება ხდება და ასეთ დროს ყველაფერი მოსალოდნელია.

ბ) რუსეთის სავარაუდო მცდელობები, რომ სოხუმში რუსეთთან ინტეგრაციაზე ხელისუფლება მოიყვანოს, უნდა იქნას აფიშირებული და ყველამ უნდა გაიგოს ეს საფრთხე (აქ საინტერესო ისაა, რომ თბილისის და სოხუმის დიდი ნაწილის ინტერესი ემთხვევა ერთმანეთს - რუსეთის მიერ აფხაზეთის შთანთქმა არაა არავის ინტერესში).

გ) ჩვენ ვიყოთ მზად, რომ ყველა მშვიდობიანი მექანიზმი, პირველ რიგში, დიპლომატიური, გამოვიყენოთ იმისთვის, რომ გალის მოსახლეობა იქნას დაცული და მარტივად რომ ვთქვათ, მათ "თავი დაანებონ", - წერს კაპანაძე.

კომენტარები