ომბუდსმენის განცხადება

ომბუდსმენი სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ცვლილებების აუცილებლობაზე

ombudsman.ge

საქართველოს სახალხო დამცველი სასჯელაღსრულების დეპარტამენტში სისტემურ ცვლილებებს აუცილებლად მიიჩნევს. ომბუდსმენის აპარატი მოუწოდებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, დროულად ჩაატაროს სამსახურებრივი შემოწმება სახალხო დამცველის მიერ მიწოდებულ არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტებზე და შესაბამისი ზომები გაატაროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პასუხისმგებელი თანამშრომლების მიმართ. ასევე, მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას, არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტებთან დაკავშირებით ჩაატაროს დროული და ეფექტიანი გამოძიება, რათა გამოვლინდნენ და დაისაჯონ დამნაშავე პირები.

"საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, კერძოდ კი პრევენციის ეროვნული მექანიზმი, რეგულარულად ახორციელებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის მონიტორინგს. სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული პრობლემები და გამოწვევები სრულად აისახება ჩვენს ყოველწლიურ საპარლამენტო ანგარიშში, ასევე დამატებით მზადდება და საჯაროვდება სხვადასხვა თემატური სპეციალური ანგარიშები, ისევე როგორც საზოგადოებას მუდმივად მიეწოდება ინფორმაცია კონკრეტულ პრობლემებთან დაკავშირებით.

ამჯერად, მსურს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის გადადგომას გამოვეხმაურო და ჩემი პოზიცია გავაცნო საზოგადოებას. მიმაჩნია, რომ დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომა და ახალი თავმჯდომარის დანიშვნა თავისთავად რადიკალურად ვერ შეცვლის მდგომარეობას, ვინაიდან სასჯელაღსრულების სისტემაში ბოლო პერიოდში მრავალი პრობლემა დაგროვდა და მრავალი კითხვა კვლავაც პასუხგაუცემელი რჩება. მე დაგისახელებთ მხოლოდ რამდენიმეს. კერძოდ, დღემდე ვერ მოვისმინეთ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პასუხი, თუ რატომ მოხდა სასჯელაღსრულების N6 დაწესებულებაში განთავსებული სამი მსჯავრდებულის გადაყვანა სასჯელაღსრულების N14 დაწესებულებაში და მათი განთავსება აწ გარდაცვლილ გიგა ფარტენაძის საკანში. ასევე გაურკვეველია, მოხდა თუ არა რისკების შეფასება, როდესაც ამ პირთა გადაყვანის შესახებ იქნა გადაწვეტილება მიღებული. აღნიშნულთან დაკავშირებით, ვერც საქართველოს მთავარი პროკურატურიდან მივიღეთ ინფორმაცია. საქართველოს პროკურატურამ ოფიციალური წერილით მხოლოდ იმ მოცულობის ინფორმაცია მოგვაწოდა, რაც მის ოფიციალურ ვებგვერდზე იყო გამოქვეყნებული და საზოგადოებას ისედაც მიუწვდებოდა ხელი.

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა შორის ძალადობის რისკის თვალსაზრისით არაკეთილსაიმედო ვითარებაა. აღნიშნულს თან ერთვის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა მხრიდან პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ არაერთი შეტყობინება, რომელსაც სახალხო დამცველის აპარატი დღემდე სწავლობს. სამწუხაროდ, დღემდე ამ თანამშრომელთა მიმართ შესაბამისი ზომები არ გატარებულა, ან აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია არ მიგვიღია.

დაუსჯელობის სინდრომმა გარკვეულწილად განაპირობა სასჯელაღსრულების სისტემის ცალკეული პირების მხრიდან ჩემი რწმუნებულებისთვის მონიტორინგის განხორციელებისას საქმიანობაში, აშკარად გამოკვეთილ ფორმებში, ხელის შეშლა, რაც ყოვლად დაუშვებელია და არღვევს საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს. საგანგაშოა ის ფაქტიც, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ის უნდა იყოს დაინტერესებული ჰქონდეს დაწესებულებაში არსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები არასათანადო მოპყრობის შესახებ ბრალდების გასაბათილებლად, ჩანაწერების შენახვის ვადის შესახებ ინფორმაციასაც კი არ გვაწვდის. აღნიშნული გვაძლევს ეჭვის საფუძველს ვივარაუდოთ, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტი შეგნებულად თავს არიდებს კითხვებზე პასუხის გაცემას, რითაც სერიოზულად აფერხებს პრევენციის ეროვნული მექანიზმის საქმიანობას.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ახლადდანიშნულ თავმჯდომარეს მოუწევს ამ და სხვა მრავალი პრობლემის გადაჭრის გზების ძიება, რაც შეუძლებელი იქნება სისტემური ცვლილებების გარეშე. გადასახედია როგორც საკადრო პოლიტიკა სასჯელაღსრულების სისტემაში, ასევე ზოგადად მიდგომა და უსაფრთხოების ცნების იმგვარი გაგება, რომ სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მყოფმა მსჯავრდებულებმა შეძლონ სასჯელის მოხდა ღირსეულ, კონფლიქტური სიტუაციებიდან მაქსიმალურად თავისუფალ, უსაფრთხო გარემოში. ღრმად მწამს, რომ დროა, სასჯელაღსრულების სისტემაში დამკვიდრდეს ე.წ. დინამიური უსაფრთხოების კონცეფცია, რომლის თანახმადაც, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში უსაფრთხოება და წესრიგი მიიღწევა მხოლოდ პატიმართა ღირსების პატივისცემის და მათდამი ჰუმანურად მოპყრობის პირობებში კანონის მოთხოვნათა ზედმიწევნით შესრულებით, რა დროსაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა მთავარ ღირებულებას ადამიანის ღირსების პატივისცემა და კანონის უზენაესობა უნდა წარმოადგენდეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, დროულად ჩაატაროს სამსახურებრივი შემოწმება სახალხო დამცველის მიერ მიწოდებულ არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტებზე და შესაბამისი ზომები გაატაროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პასუხისმგებელი თანამშრომლების მიმართ. ასევე, მოვუწოდებ საქართველოს მთავარ პროკურატურას არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტებთან დაკავშირებით ჩაატაროს დროული და ეფექტიანი გამოძიება, რათა გამოვლინდნენ და დაისაჯონ დამნაშავე პირები", - წერია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები