გამოსვლები აფხაზეთში

ანქვაბი: დღესაც ჩემი მოვალეობის შესრულებას ვაგრძელებ

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი აცხადებს, რომ თანამდებობა არ დაუტოვებია და საკუთარი მოვალეობის შესრულებას განაგრძობს. ალექსანდრ ანქვაბის თქმით, იგი აქტიურად მონაწილეობს მოლაპარაკებებში რუსეთის წარმომადგენელთა შუამავლობით, მაგრამ ამას შედეგი ჯერჯერობით არ მოჰყოლია.

"მინდა, გითხრათ, რომ პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი არსად წასულა და გადადგომისთვის ხელი არ მოუწერია. თუ ვიღაცას უნდა საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ეს შემდგარი ფაქტია, ეს ასე არ არის. დღესაც ჩემი მოვალეობის შესრულებას ვაგრძელებ"- აცხადებს ანქვაბი.

ოპოზიციის ლიდერის რაულ ხაჯიმბას განცხადებით, ძალაუფლებას საკუთარ ხელში ოპოზიცია იღებს. მისი თქმით, აფხაზეთში ახლა ორი ლეგიტიმური ორგანო მოქმედებს - პარლამენტი და გუშინდელ სახალხო შეკრებაზე შექმნილი დროებითი სახალხო საბჭო, რომელიც 21 წევრისგან შედგება. შესაბამისად, ოპოზიცია ანქვაბის ძალაუფლებას არ აღიარებს.

აფხაზურმა პარლამენტმა გუშინ ხმათა უმრავლესობით დადგენილება მიიღო, რომლითაც დე ფაქტო პრეზიდენტს გადაგომისკენ მოუწოდა. ალექსანდრ ანქვაბი ამჟამად გუდაუთაში, რუსულ სამხედრო ბაზაზე იმყოფება.

კომენტარები