აფხაზეთი

აფხაზურმა პარლამენტმა ანქვაბი გადააყენა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა

ITAR-TASS

აფხაზურმა პარლამენტმა დადგენილება მიღო, რომლის თანახმად დეფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი თანამდებობიდან გადააყენა და პრეზიდენტის მოვალეობის დროებით შემსრულებლად პარლამენტის სპიკერი ვალერი ბგანბა დანიშნა. ამის შესახებ რუსული სააგენტო რია ნოვოსტი იუწყება.

დადგენილებაში ამ გადაწყვეტილების მიზეზად ის არის დასახელებული, რომ ალექსანდრ ანქვაბი პრეზიდენტის მოვალეობას ვეღარ ასრულებს. აფხაზურმა პარლამენტმა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 24 აგვისტოს დანიშნა.

მანამდე, რუსული ლაიფნიუსისთვის მიცემულ ინტერვიუში ალექსანდრ ანქვაბმა განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს, თუმცა ოპოზიციასთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის.
ალექსანდრ ანქვაბმა საკუთარი რეზიდენტია 27 მაისს დატოვა - მას შემდეგ, რაც „სახალხო კრებაზე" შეკრებილმა ოპოზიციის მომხრეებმა მისი რეზიდენიციის შტურმი დაიწყეს. ანქვაბი გუდაუთაში რუსულ სამხედრო ბაზაზე იმყოფება. ოპოზიციამ განაცხადა, რომ მთელი ძალაუფლება საკუთარ ხელში აიღო.

მოლაპარაკებებს დაპირისპირებულ მხარეებთან კრიზისის დარეგულირების მიზნით ვლადიმირ პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი აწარმოებდა.

კომენტარები