პრემიერმინისტრი

ღარიბაშვილი: საქართველოში რეალური ეკონომიკა დღემდე არ არსებობდა

ირაკლი ღარიბაშვილი ბიზნესმენებს შეხვდა
facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოში განხორციელებული ინვესტიციის თითოეული თეთრი იქნება დაცული, ამის გარანტი არის საქართველოს მთავრობა და პირადად მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესფორუმზე ანაკლია 2014 სიტყვით გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, საქართველოში უკვე ჩამოსულია ოთხი რეალური ინვესტორი, რომლებიც სამეგრელოს რეგიონში კონკრეტული პროექტების განხორციელებას იწყებენ. "ჩვენ ვქმნით სისტემას, რომელიც ხელს შეუწყობს თავისუფალ ბიზნესგარემოს - ჩვენი ხელისუფლების მთავარ მონაპოვარს", - აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერი ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე შეეხო მის მიერვე ინიცირებულ სახელმწიფო პროგრამას "აწარმოე საქართველოში" და განაცხადა, რომ მასზე დიდ იმედს ამყარებს.
"საქართველოში რეალური ეკონომიკა დღემდე არ არსებობდა, დანგრეული იყო სოფლის მეურნეობა. მიმაჩნია, რომ სოფლის მეურნეობის და ადგილობრივი წარმოების განვითარება არის ერთადერთი სწორი გზა, რათა ქვეყნის ეკონომიკა ერთხელ და სამუდამოდ დავაყენოთ ფეხზე", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები