ინვესტიციები

თანაინვესტირების ფონდმა ინვესტიცია უცხოურ კომპანიაში ჩადო

BitFury ლოგო
coindesk.com

30 მაისს, კრიპტოვალუტის გამომშვებმა კომპანიამ, BitFury, ინვესტიციების მოძიების მაისის რაუნდში 20 მილიონი დოლარის ინვეტიცია მიიღო. ინვეტორებს შორის იყო საქართველოს თანაინვესტირების ფონდი. 

საქარველოს თანაინვესტირების ფონდის პრეზენტაცია 2013 წლის სექტემბერში გაიმართა და ის ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და პრემიერმინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა, გახსნეს. 

პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა აღნიშნა, რომ თანაინვესტირების ფონდის დაარსებით, საქართველოში კაპიტალის ზრდის საშუალება იქნებოდა და ხელი შეეწყობა ეკონომიკის აღმავლობას.
 
"თანაინვესტირების ფონდის პარალელურად ჩვენ ვაფუძნებთ ვენტურულ ფონდს, რომელიც ინოვაციურ პროექტებს დააფინანსებს. ჩვენ საპარტნიორო ფონდის ბაზაზე დავაფუძნებთ სუვერენულ ფონდს, რომელიც იქნება უფრო დახვეწილი და გასაგები ინვესტორებისთვის, სამივე ფონდის დაფუძნება დამატებით სტიმულს მისცემს საქართველოში ინვესტიციების შემოდინებას" - ნათქვამი იყო ივანიშვილის სიტყვაში. 
 
საინფორმაციო პორტალ Agenda.ge-სთან ინტერვიუში, 2014 წლის 7 მარტს, თანაინვეტირების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ბაჩიაშვილმა ფონდის მომავალ ინვესტიციებზე ისაუბრა და თქვა რომ ფონდი 10-მდე საინვესტიციო პროექტს განიხილავს, რომლის მთლიანი მოცულობა 1.1 მილიარდ ამერიკულ დოლარამდეა. მან ასევე ახსნა, რომ ინვესტირებისათვის პრიორიტეტული დარგები ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურა, უძრავი ქონება და სოფლის მეურნეობა იქნებოდა. 
 
BitFury მაღალტექნოლოგიური აპრატურის მწარმოებელი კომპანიაა. ისინი ყიდიან მძლავრ სერვერებს, რომელიც კრიპტოვალუტის გამოშვებისას გამოიყენება. BitFury-ს აღმასრულებელი დირექტორი ვალერი ვავილოვია, დირექტორთა საბჭოს წევრი კი ქართველი ბიზნესმენი, გიორგი კიკვაძე. 2013 წელს, სექტემბერში გამართულ პრეზენტაციაზე, კიკვაძე საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მმართველ დირექტორად დასახელდა სოფლის მეურნეობისა და ლოჯისტიკის სექტორებში.
 

2013 წლის 11 მარტს გიორგი კიკვაძე უკრაინულ კომპანია Terra Food-ის სტრატეგიულ დირექტორად დაინიშნა. 2013 წლის დეკემბერში ბიზნესმენი უკრაინის მთავრობამ პერსონა ნონგრატად გამოაცხადა, რადგან მან ღიად დაუჭირა მხარი ევრომაიდანს. 

ვავილოვისათვის ეს პირველი ტექ-სტარტაპი არ არის. ის და მისი ბიზნესპარტნიორი, იური პისკოვი, უკრაინული სტარტაპის, ex.ua, სახეებიც იყვნენ. ex.ua ვებსაიტია, რომელიც ფაილების ატვირთვისა და გაზიარებისთვის გამოიყენება. 
 

BNE (Business News Europe) სააგენტოს ინფორმაციით, პისკოვი ასევე დაკავშირებულია ლატვიურ კომპანიასთან International Overseas Services (IOS), რომელნიც დაკავებულნი იყვნენ შელ-კომპანიებისათვის (კომპანია, რომელიც იქმნება, როგორც საფარი, რომელიმე სხვა კომპანიისთვის, რომელსაც სურს საკუთარი იდენტობა დამალოს სხვადასხვა მიზეზების გამო) ცრუმაგიერი დირექტორების მოძიებით, რაც მათ კლიენტებს ფულის გასათეთრებლად სჭირდებოდათ. BNE-ს მიხედვით, IOS-ის კლიენტები იყვნენ მცირე ლატვიური ბანკების კლიენტები, ძირითადად უკრაინის მოქალაქეები, რომელთაც სურდათ საკუთარი იდენტობის დამალვა. 

IOS-ის სახელი ასევე ნახსენები იყო რამდენიმე უკრაინულ კორუფციულ სკანდალთან მიმართებაში. მაგალითისთვის, 450 მილიონ დოლარად ღირებული სახელმწიფო ტენდერი ნავთობის მომპოვებელი პლატფორმისათვის, რომელიც მოიგო ბრიტანულმა შელ-კომპანიამ, რომელსაც IOS-ის მიერ ნომინირებული დირექტორები, ერიკ ვანაგელსი და სტან გორინი, ხელმძღვანელობდნენ. 

როგორც ყოველკვირეული გაზეთის, Zerkalo Nedeli, ჟურნალისტურმა გამოძიებამ გააკრვია, ამავე დუოს, ვანაგელის-გორინი, მფლობელობის ქვეშ იყო სამშენებლო კომპანია, რომელიც იანუკოვიჩისათვის გიგანტურ ვერტმფრენის დასაჯდომ მოედანს აშენებდა კიევის ისტორიულ ცენტრში.

ჟურნალისტებმა ვანაგელისის და გორინის პიროვნებების შესახებაც მოიძიეს ინფორმაცია. გაზეთ ნოვაია გაზეტას მიხედვით, ვანაგელისი უსახლკარო, გორინი კი ჩვეულებრივი სადაზღვეო აგენტი და ლატვიის მოქალაქეები არიან.

გამოცემა Business Insider წერს, საგამომძიებლო ჟურნალისტიკის ბალტიურმა ცენტრმა გამოიძია, რომ გარდა გადასახადებისათვის თავის არიდებისა და ფულის გათეთრებისა, ლატვიელების, გორინის და ვანაგელისის, მფლობელობაში რეგისტრირებული სხვა კომპანიები ხშირად იყვნენ ასოცირებულნი კიბერკრიმინალურ სქემებთან. ამ კომპანიებიდან შემოსული თანხები ლატვიურ ბანკებში თეთრდებოდა.

BitFury-ს ინვესტორთა სიაში ასევე შედიან ისეთი კომპანიები, როგორიც არის Binary Financial და Crypto Currency Partners და Queensbridge Venture Partners, რომლებიც უმეტესწილად ტექნოლოგიური სტარტაპების ფინანსირებაში სპეციალიზდებიან.

Crypto Currency Partners-ის პორტფოლიოში უკვე არსებობს კრიპტოვალუტის მომსახურე კომპანიები, როგორიც არის BitVault, BTC China, Expresscoin, GoCoin და ასე შემდეგ.

ZAD Investment Company-ს დამფუძნებელი საუდის არაბეთის პრინცი, მიშაალაა. ფონდს 1 მილიარდ დოლარიანი პორტფოლიო აქვს და სხვადასხვა ტიპის ინვესტიციებს ახორციელებს, მათ შორის უძრავი ქონება და ფასიანი ქაღალდები შედის.

თანაინვესტირების ფონდის პორტფოლიოში BitFury პირველი გაცხადებული ინვესტიციაა, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებს უკავშირდება. ინვესტიციის შესახებ ფონდის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით თანაინვესტირების ფონდის ინვესტორებმა, რას ალ-ხაიმა საინვესტიციო ორგანომ არაბეთის გაერთიანებული ემირატებიდან, აზერბაიჯანის ნავთობის სამთავრობო ფონდმა, თურქეთის ჩალიკ ჰოლდინგმა, ბათუმის სამრეწველო ჰოლდინგმა (ყაზტრანსგაზნავთობის შვილობილმა კომპანიამ), ბიძინა ივანიშვილმა და სხვებმა ფონდის საშუალებით გააკეთეს 10 მილიონი დოლარის ინვესტიცია BitFury-ს მიერ გამოცემულ ფასიან ქაღალდებში, რომელიც 250 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

კომენტარები