აფხაზეთი

აფხაზეთში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები 24 აგვისტოს გაიმართება

travel-images.com

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის გადაწყვეტილებით, მარიონეტული რეჟიმის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 24 აგვისტოს გაიმართება. იქამდე, ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობას დე ფაქტო პარლამენტის სპიკერი ვალერი ბგანბა შეასრულებს

ალექსანდრ ანქვაბის შემდეგ, თანამდებობა ე.წ. პრემიერმა ლეონიდ ლაკერბაიამაც დატოვა. ანქვაბის განმარტებით, მან გადაწყვეტილება სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად მიიღო

"ხელისუფლება ცდილობდა ოპოზიციასთან მოლაპარაკების დაწყებას, რომელსაც საკოორდინაციო საბჭო ხელმძღვანელობს. თუმცა ამ მოლაპარაკებებმა ვერ მიგვიყვანა კომპრომისულ გადაწყვეტილებამდე. თანხმობის მიღწევის მცდელობა მათი მხრიდან არ ყოფილა, ისინი მხოლოდ მითითებებს იძლეოდნენ. ჩემთვის, როგორც ხელისუფლების მეთაურისთვის, რომელზეც მთელი პასუხისმგებლობაა, მთავარი იყო და იქნება მშვიდობის შენარჩუნება და სისხლისღვრის თავიდან აცილება", - თქვა ანქვაბმა.

"ეს არის ის რთული გამოსავალი, რომელიც ყველამ ერთად მოვძებნეთ. შესაძლებლობა გვეძლევა დავიწყოთ სრულიად ახალი დიალოგი, რომელიც ყველა ჩვენგანს გაგვაერთიანებს და დარწმუნებული ვარ, ასეც მოხდება", - განაცხადა ფორუმ აფხაზეთის სახალხო ერთიანობის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ.

ანქვაბის გადადგომას უკვე გამოეხმაურა ოფიციალური რუსეთიც. პრეზიდენტ პუტინის თანაშემწემ ვლადისლავ სურკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი "აქტიურად მუშაობს" ე. წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ვალერი ბგანბასთან. მისი თქმით, "რუსეთი აფხაზი ხალხისთვის ფინანსურ და სამხედრო დახმარებას სრული მოცულობით უზრუნველყოფს".

კომენტარები