ტაილანდი

საპროტესტო გამოსვლების თანამედროვე ტენდენცია და პოლიტიკური კრიზისი ტაილანდში

ალექსანდრე პერტაია
0 კომენტარი

გასული წელი მსოფლიოს მთელ რიგ ქვეყნებში პოლიტიკურად დაძაბული გამოდგა. მასობრივმა საპროტესტო გამოსვლებმა მოიცვა ტუნისი, ჩილე, ვენესუელა, თურქეთი, ბრაზილია, ეგვიპტე, უკრაინა, ტაილანდი და ა.შ. რამდენიმე ქვეყანაში მშვიდობიანი დემონსტრაციები სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა და მთავრობის სამხედრო გზით გადაყენება გამოიწვია. საინტერესოა რა იყო საპროტესტო ტალღის აგორების მიზეზი და რა ფაქტორები აერთიანებთ ჩამოთვლილ ქეისებს. ქვემოთ განხილული იქნება რამდენიმე შემთხვევა, თუმცა ყურადღებას განსაკუთრებით ტაილანდზე გავამახვილებთ, რადგან აქ პოლიტიკური კრიზისი დღემდე გრძელდება და ჩიხიდან გამოსავალი არ ჩანს.

შეიარაღებული შეტაკება სახელისუფლებო და ოპოზიციურ ძალებს შორის. ბანგკოკი 2014 ფოტო: AFP
პრეზიდენტ ბენ ალის გადაყენებიდან სამი წლის შემდეგ, ტუნისი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც უკმაყოფილო დემონსტრანტებმა ცვლილებების მოთხოვნით „არაბული გაზაფხული" განაახლეს და ისლამისტურ მთავრობას სამოქალაქო დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს. არანაკლები სიმწვავით განვითარდა მოვლენები თურქეთში, სადაც პროტესტის მიზეზი რეჯეფ თაიფ ერდოღანის ავტორიტარული მმართველობა, პიროვნული თავისუფლების შეზღუდვა და ინვესტორებისთვის საზოგადოებრივი სივრცის გადაცემა გახდა. ბრაზილიაში გამოსვლების მიზეზი საარჩევნო სკანდალი და უაღრესად კორუმპირებული პოლიტიკური ხელმძღვანელობა იყო, რომელიც საზოგადოებისათვის ვერ უზრუნველყოფს ისეთი საბაზო მომსახურების მიწოდებასაც კი, როგორიცაა ჯანდაცვა და განათლება. ეგვიპტეში მოვლენები უფრო მწვავედ განვითარდა და საქმე სამხედრო გადატრიალებით დასრულდა. უფრო რთულ სიტუაციაშია უკრაინა, სადაც კრიზისის მიზეზი გახდა მთავრობის უარი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე. არჩეულ პრეზიდენტს გადადგომა მოუწია, რითიც ისარგებლა რუსეთის ფედერაციამ და საკუთარი მოქალაქეების დაცვის საბაბით უკრაინის ერთი-ერთი რეგიონის ოკუპაცია მოახდინა.

რაც შეეხება ტაილანდს, აქ მომიტინგეები აპროტესტებენ ტაკსინ შინავატრას (ყოფილი პრემიერმინისტრი, რომლის მმართველობაც 2006 წელს სამხედრო გზით დაამხეს) მზარდ გავლენას ხელისუფლებაზე. შინავატრას პარტია საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს და 2001 წლიდან ჩატარებულ ყველა არჩევნებში დამაჯერებელი უპირატესობით გაიმარჯვა. ამჟამად პრემიერი ინგლაკ შინავატრაა, რომელიც ყოფილი პრემიერის დაა და 2011 წელს მოგებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოვიდა ხელისუფლებაში.

ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ჩამოთვლილ ქვეყნებს აერთიანებს, არის მოსახლეობაში საშუალო ფენის ზრდა. სწორედ ეს ფენა, რომელიც ბიზნესელიტად შეგვიძლია მოვიხსენიოთ, არის ანტისამთავრობო პროტესტების მთავარი წარმმართველი ძალა.

სხვადასხვა კვლევების მიხედვით, ამ კლასს განეკუთვნებიან ადამიანები, რომელთა წლიური შემოსავალიც 6 ათასიდან 30 ათას აშშ დოლარამდე მერყეობს. უფრო სრულყოფილი დეფინიციით, შემოსავალთან ერთად, განმსაზღვრელი ფაქტორია საშუალოზე მაღალი განათლების დონე, საქმიანობის სფერო და კერძო საკუთრება. უმაღლესი განათლება და დემოკრატიის აღქმა ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია. საშუალო ფენის წარმომადგენლებს სურთ არა მარტო უსაფრთხოება საკუთარი ოჯახის წევრებისთვის, არამედ მხარს უჭერენ არჩევანის თავისუფლებას, განვითარების თანაბარი პირობების შექმნას და განსხვავებული ცხოვრების წესისადმი ტოლერანტობას. ისინი კარგად იცნობენ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს, ფლობენ თანამედროვე ტექნოლოგიებს, უკავშირდებიან იმავე სოციალური ფენის წარმომადგენლებს საზღვარგარეთ და, შესაბამისად, მეტ მოთხოვნებს უყენებენ ხელისუფლებას. ხელისუფლება ხშირად ვერ ამართლებს მზარდ მოლოდინებს, რაც ელიტების ამბოხებას იწვევს, ისინი ქუჩებში თავად გამოდიან. ხელისუფლება მათ საპირწონედ ღარიბ და ნაკლებად განათლებულ მოსახლეობას იყენებს, ვისი გულის მოგებასაც სოციალური პაკეტებით და პოპულისტური დაპირებებით ახერხებს და არჩევნებში კვლავ თვითონ რჩება გამარჯვებული.

ფრენსის ფუკუიამას მტკიცებით, საშუალო ფენა პოლიტიკურ ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენს, ვინაიდან გადასახადის ძირითადი გადამხდელები ამ ფენის წარმომადგენლები არიან. მისივე თქმით, ყველგან, სადაც კი გაჩნდა თანამედროვე საშუალო ფენა, დაიწყო პოლიტიკური დუღილი. ქუჩებში გამოვიდა არა ყველაზე მოწყვლადი ღარიბი მოსახლეობა, არამედ ახალგაზრდობა საშუალოზე მაღალი განათლებითა და შემოსავლებით. ისინი ინფორმაციის გასავრცელებლად, კომუნიკაციისა და საორგანიზაციო საქმიანობისთვის სოციალურ ქსელებს იყენებენ. სწორედ ეს გახდა თურქეთში ერთ-ერთი მსგავსი ქსელის, Twitter-ის დაბლოკვის მიზეზი.

ტაილანდში მიმდინარე დემონსტრაციების არსის გასაგებად, საინტერესოა, თვალი გადავავლოთ ბოლო წლების პოლიტიკურ ვითარებას. ქვეყნის თანამედროვე ისტორიის ქვაკუთხედია პოლარიზაცია დედაქალაქსა და ქვეყნის რეგიონებს, განსაკუთრებით, ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე აგრარულ პროვინციებს შორის. ტაილანდმა შესამჩნევ პროგრესს მიაღწია, აქვს მდგრადი ეკონომიკა, მაგრამ საერთო დოვლათის დიდი ნაწილი და საჯარო სერვისები კონცენტრირებულია ბანგკოკში და ეკონომიკური ზრდა რეგიონების მოსახლეობაზე ნაკლებად აისახება.

1990-იანი წლების ბოლოს პოპულისტურმა პოლიტიკამ ტაკსინ შინავატრას რეიტინგი მკვეთრად გაზარდა ჩრდილოეთ პროვინციების მოსახლეობაში (რაც საერთო მოსახლეობის ნახევარზე მეტს შეადგენს) და 2001 წლის არჩევნებში მისმა პარტიამ გაიმარჯვა. მოსახლეობის აღნიშნული ნაწილის მანიპულირება უშუალო საფრთხედ იქნა მიჩნეული ტრადიციული პოლიტიკური ისტებლიშმენტის მხრიდან, რომელიც ბანგკოკშია განლაგებული და სამხედროებს, სამოქალაქო ბიუროკრატიას, სასამართლოს, სამეფო ოჯახსა და ზემოთ ნახსენებ საშუალო ფენას ემყარება. საქმე იქამდე მივიდა, რომ 2006 წელს ხელისუფლება სამხედრო გადატრიალების შედეგად დაემხო და შინავატრას ქვეყნიდან გაქცევა მოუხდა.

გადატრიალების შემდეგ ტაილანდი არაერთხელ იქცა შინავატრას მომხრე და მოწინააღმდეგე მხარეების (წითელპერანგიანებისა და ყვითელპერანგიანების) დაპირისპირების არენად, რამაც პოლიტიკური კრიზისის რამდენიმე რაუნდი და მიყოლებით სამჯერ მთავრობის გადადგომა გამოიწვია. 2011 წლის არჩევნებმა შედარებით სტაბილურობა მოიტანა, თუმცა ტრადიციულ ელიტას გავლენის დაკარგვის შიშით, ხელისუფლებაზე ზეწოლა არ შეუმცირებია.

პრემიერმინისტრი ინგლაკ შინავატრა ფოტო: AFP
2013 წლის საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია მმართველი პარტია „პეუ თაის" მიერ ინიცირებულმა კანონპროექტმა, რომელიც კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანასა და ამნისტიის კანონის მიღებას გულისხმობდა. აღნიშნული ინიციატივა აღქმულ იქნა, როგორც გზა ყოფილი პრემიერმინისტრის ქვეყანაში დასაბრუნებლად და „პეუ თაის" ძალაუფლების გასაზრდელად. ამის გამო, ოპოზიციამ კანონპროექტი გაასაჩივრა და მმართველი პარტიის დაშლა მოითხოვა. ტაილანდის საკონსტიტუციო სასამართლომ შესწორების პროექტი არაკონსტიტუციურად ცნო, თუმცა უარყო ოპოზიციის მეორე მოთხოვნა პარტიის დაშლასთან დაკავშირებით.

პარალელურად, აქციის მასშტაბები გაიზარდა, დედაქალაქს გასცდა და ტაილანდის პროვინციების დაახლოებით მესამედს მოედო. ძალიან მალე მომიტინგეებმა სამთავრობო დაწესებულებების პარალიზება მოახდინეს. ამ წარმატებამ ოპოზიციის ლიდერს სუტეპ თაუგსუბანს საშუალება მისცა ულტიმატუმი წამოეყენებინა. მან უკვე პრემიერმინისტრის გადადგომა მოითხოვა და ხელისუფლებას ორდღიანი ვადა მისცა.

ოპოზიციის ლიდერები არჩევნების ჩატარების ნაცვლად ითხოვენ სახალხო საბჭოს შექმნას, რომელიც „კარგი ხალხით" დაკომპლექტდება. „არ ვფიქრობ, რომ არჩევნები სრულად წარმოაჩენს დემოკრატიას და მხოლოდ მიზეზი იქნება მარიონეტული მთავრობის შექმნისა, რომელსაც ერთი პირი გააკონტროლებს", – განაცხადა დემონსტრანტების კიდევ ერთმა ლიდერმა სატელევიზიო ინტერვიუში. წარმოდგენილი გეგმის თანახმად, სახალხო საბჭო შეიქმნება 12-18 თვით, მთავრობას გაწმენდს კორუმპირებული ელემენტებისგან, შეცვლის საარჩევნო კოდექსს და მხოლოდ ამის შემდეგ დანიშნავს არჩევნებს. ეს საკმაოდ უტოპიური გეგმაა, რადგან „კარგი ხალხი" ბუნდოვანი დეფინიციაა და მეორეც, არჩეული მთავრობის მოშორებას და დემოკრატიული სისტემის დასრულებას გულისხმობს.

კომპანია სტრატფორის ანალიზის მიხედვით, ოპოზიციისთვის გადამწყვეტი იქნება ორი ფაქტორი: სამხედრო ელიტის მხარდაჭერა და ძლიერი საპროტესტო მუხტის შენარჩუნება. პოლიტიკაში სამხედროების ღია ჩარევა უკიდურესი ზომაა და მიუხედავად ახლო წარსულში არსებული მაგალითისა, ისინი შეიძლება უფრო ტოლერანტულები იყვნენ და საკუთარ პრესტიჟს გაუფრთხილდნენ. მეორე გამოწვევას რაც შეეხება, ჯერჯერობით ოპოზიცია ახერხებს ძლიერი საპროტესტო მუხტის შენარჩუნებას.

ამასობაში ხელისუფლებამაც შემხვედრი ნაბიჯები გადადგა. პრემიერმინისტრმა ტაილანდის მეფეს თხოვნით მიმართა, დაეშალა პარლამენტის ქვედა პალატა და დანიშნა ახალი საპარლამენტო არჩევნები. დემონსტრანტების რიცხვი კი 150 000-მდე გაიზარდა. მათ განაცხადეს, რომ ყველანაირი გზით შეუშლიდნენ ხელს არჩევნების ჩატარებას. წინასაარჩევნო პერიოდში მოეწყო რამდენიმე პროვოკაცია. იყო მომიტინგეთა ორივე მხრიდან ცეცხლის გახსნის ფაქტები და ტერაქტის მოწყობის მცდელობები, რის შემდეგაც მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

არჩევნების მშვიდობიანად ჩასატარებლად საარჩევნო უბნებზე 130 ათასამდე პოლიციელი იყო მობილიზებული. მიუხედავად ამისა, ანტისამთავრობო დემონსტრანტებმა მოახერხეს სამხრეთის ცხრა პროვინციასა და ბანგკოკის ნაწილში საარჩევნო უბნების ჩაკეტვა და, საერთო ჯამში, 6 მილიონამდე ამომრჩეველს არ მიეცა ხმის მიცემის საშუალება. საარჩევნო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არსებული შედეგები არ გამოქვეყნდება. ხოლო იმ უბნებში, სადაც არჩევნები ჩაიშალა, განმეორებითი კენჭისყრა 27 აპრილს შედგება.

ამის შემდეგ ანტისამთავრობო აქტივისტებმა არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით კვლავ მიმართეს სასამართლოს. აგრეთვე, მთავრობის წევრები კორუფციულ გარიგებებში დაადანაშაულეს და მათი პოლიტიკური საქმიანობისაგან ჩამოშორება მოითხოვეს. შედეგად, ტაილანდის ანტიკორუფციულმა ორგანომ 300-მდე პოლიტიკოსის საქმიანობის შესწავლა დაიწყო. სასამართლოს განცხადებით, დემონსტრანტებს აქციების გამართვის ლეგალური უფლება აქვთ.

შედეგების გაბათილებას რაც შეეხება, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.

უნდა აღინიშნოს, რომ ტაილანდში სასამართლო მთავრობისაგან დამოუკიდებელი ორგანოა. მეტიც, ის დღევანდელი ოპოზიციის მიმართ სიმპათიებს არ მალავს. ასე მაგალითად, 2008 წლის საპროტესტო გამოსვლების ფონზე, სასამართლომ ახალარჩეული სახელისუფლებო პარტიის დაშლის გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ტაკსინ შინავატრას მომხრეებით იყო დაკომპლექტებული.

ძალაუფლების შესანარჩუნებლად „პეუ თაის" არჩევნების დასრულება სჭირდება, თუმცა ამ შემთხვევაშიც სახელისუფლებო პარტიას გარკვეული დაბრკოლებები ელის, ვინაიდან ანტიკორუფციული ორგანო პარტიის წევრების საქმიანობის შესწავლით არის დაკავებული.

ფრენსის ფუკუიამა ფიქრობს, რომ ყველგან, სადაც თანამედროვე საშუალო კლასი გაჩნდა, დაიწყო გარკვეული პოლიტიკური პროცესები. მაგრამ ამ ფენას დამხმარე ძალის გარეშე უჭირს გრძელვადიანი შედეგების მიღწევა. ეგვიპტის შემთხვევაში, დამხმარე ძალა სამხედრო ელიტა აღმოჩნდა. ოპოზიციის ლიდერებმა მიაღწიეს შეთანხმებას არმიასთან და მუჰამედ მურსი სამხედრო გზით გადააყენეს.

ამ მხრივ საინტერესოა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ტაილანდის არმია. პოლიტიკური დაძაბულობის დროს სამხედრო გადატრიალება ტაილანდში არასდროს არის გამორიცხული. არმია ქვეყნის პოლიტიკაში გადამწყვეტ როლს თამაშობს. 1932 წლიდან დღემდე (აბსოლუტური მონარქიის დასრულების შემდეგ) მათ 19-ჯერ მოაწყვეს გადატრიალება. თუმცა ბოლო ამბოხი ქვეყნის სტაბილურობისა და არმიის პრესტიჟისთვის დამღუპველი აღმოჩნდა და მიმდინარე კრიზისის პერიოდში ისინი ჯერჯერობით ნეიტრალურობას ინარჩუნებენ.

ხელისუფლების მხარდამჭერი “წითელპერანგიანების” მანიფესტაცია. ბანგკოკი ფოტო: AFP
მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია ერთი ტენდენცია: საპროტესტო გამოსვლების საწყის ეტაპზე არმიის მეთაურობა ყოველგვარი კომენტარისგან თავს იკავებდა. წინასაარჩევნო პერიოდში ცალკეულმა გენერლებმა ორაზროვანი განცხადებები გააკეთეს, რომ არ იციან არმია ჩაერევა პოლიტიკურ პროცესში თუ არა. ბოლო პერიოდში კი ბანგკოკში სამხედროების აქტიურობა შეინიშნება. მთავარსარდალმა, დაპირისპირებულ მხარეებს, განსაკუთრებით „წითელპერანგიანებს", თავშეკავებისკენ მოუწოდა. არმიის ძალები განლაგდა ბანგკოკში საპროტესტო ბანაკებისა და ანტიკორუფციული კომისიის ოფისის დასაცავად და აგრეთვე მოეწყო სამხედრო აღლუმი. ეს ქმედებები ხაზს უსვამს სამხედრო ელიტის სიმპათიებს ოპოზიციის მიმართ, მაგრამ ხელმძღვანელობის მეორე ნაწილი არჩევნების დასრულებას უჭერს მხარს. როგორც ჩანს, არმიაში საკუთარი მომხრეები ხელისუფლებასაც ჰყავს.

სტრატფორის აზრით, ბოლო პერიოდში სამხედროების გააქტიურება დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვის ზრდამ გამოიწვია. არმიის მეთაურობის ტონის ცვლილება ერთგვარი გაფრთხილებაა ორივე მხარისთვის: ბანგკოკში „წითელპერანგიანების" მასობრივი შემოსვლა თუ ვითარებას დაძაბავს, სამხედროები იძულებულნი იქნებიან სამოქალაქო წესრიგის დაცვის მიზნით ძალა გამოიყენონ.

ეს მესიჯი კარგად გაიგო ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც. ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ მხარეებმა არაფორმალური მოლაპარაკებები დაიწყეს. სუტეპ თაუგსუბანმა მომიტინგეების ნაწილი გაიყვანა ბანგკოკიდან, ხოლო დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, „წითელპერანგიანები" დედაქალაქში არ ჩამოდიან. საინტერესოა, მივლენ თუ არა მხარეები რაიმე შეთანხმებამდე. კომპრომისის მიღწევა თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ ეს ალბათ უნდა შეიცავდეს გარანტიებს, რომ მმართველი პარტია ტაკსინ შინავატრას დევნილობიდან არ დააბრუნებს და ძალაუფლების გაზრდის მიზნით, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას აღარ ეცდება.

არსებობს უფრო პესიმისტური პროგნოზიც: თუ „წითელპერანგიანები" და „ყვითელპერანგიანები" ღიად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, შეიძლება საქმე სამოქალაქო ომამდეც მივიდეს. ამ შემთხვევაში შინავატრას მომხრეები ჩრდილოეთის პროვინციების ბანგკოკისგან გამოყოფასაც არ გამორიცხავენ. აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს უკრაინაში განვითარებული სცენარი, მაგრამ ქვეყნის ორად გაყოფა მაინც ნაკლებად სავარაუდოა. ტაილანდის კრიზისში დაინტერესებული გარეშე ძალა არ იკვეთება და არმია ქვეყნის გახლეჩას ყველანაირად წინ აღუდგება.

ხანგრძლივ დემონსტრაციებს უკვალოდ არ ჩაუვლია და ამ პერიოდის განმავლობაში ტაილანდს გარკვეული ზარალი უკვე მიადგა. ბლუმბერგის მონაცემებით, ტაილანდური ბაჰტი ბოლო სამი წლის მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულს მიუახლოვდა და აზიურ საფონდო ბირჟებზე ტაილანდურ ვალუტაზე მოთხოვნილებამ იკლო. ტურიზმის ეროვნული სააგენტოს სტატისტიკით კი, შობა-ახალი წლის პერიოდში ტურიზმიდან შემოსული მოგება 125 მილიონი დოლარით ნაკლებია 2012 წლის იმავე პერიოდის შემოსავალზე. სამომავლოდ ელოდებიან ჩინელი ტურისტების რაოდენობის 60%-ით კლებასაც (პროცენტულად ყველაზე მეტი დამსვენებელი ჩინეთიდან ჩადის). გარდა ამისა, რამდენიმე ავიაკომპანიამ ყველა რეისი გააუქმა ბანგკოკის მიმართულებით. გლობალური რეცესიისა და რეგიონში ჩინეთის მზარდი გავლენის ფონზე, დაიკლო ექსპორტმა, რაც ქვეყნის ეკონომიკის ნახევარზე მეტს შეადგენს.

ჯერჯერობით ტაილანდი გაურკვევლობაში რჩება. სანამ მთავრობა ცდილობს არჩევნების დასრულებას და ახალი პარლამენტის ჩამოყალიბებას, ოპოზიცია სარგებლობს არსებული მდგომარეობით: მართლაც, მთელი ამ ხნის განმავლობაში, მათ შეძლეს დამხობის გარეშე მთავრობის მუშაობის შეფერხება. ეს, სავარაუდოდ, გარკვეული სტრატეგიის ნაწილია, რაც გვაფიქრებინებს, რომ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლის ბერკეტები ოპოზიციის ხელშია.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

რას გვიჩვენებს და ცვლის პატრიარქის მოსაყდრის დადგენა?

კომენტარები