ნეპოტიზმი

ენმ: ქართული ოცნების რეგიონულ ლიდერს კორუფციული ინტერესები აქვს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ნეპოტიზმისა და კორუფციის შემთხვევებზე საუბრობს. პარტიის მტკიცებით, ამჯერად კორუფციული სქემების არსებობას ქართული ოცნების სენაკის მუნიციპალიტეტის საარჩევნო შტაბის უფროსის დემურ გადელიას ბიზნესინტერესები ადასტურებს.

საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატის ნუგზარ წიკლაურის თქმით, დემურ გადელია, პოლიტიკური აქტივობის პარალელურად, არის სააქციო საოზოგადოება „არქეოპოლისის" (საიდენტიფიკაციო ნომერი: 239862038) სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე და მისი ფაქტობრივი მფლობელი. ამასთან, წიკლაურის თქმითვე, მან თავის ძმისშვილს იოსებ გადელიას დააფუძნებინა შპს „ინდიკო" (საიდენტიფიკაციო კოდი: 239862298) და „მასთან ერთად ოჯახურ ტანდემში იმარჯვებს გზის საფარის დაგების, თითქმის ყველა ტენდერში, რომელიც დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტის მიერ არის გამოცხადებული".

ენმ-ის ცნობით, 2013-14 წლის წლებში ამ კომპანიებმა 14-14 ტენდერში გაიმარჯვეს და სს. „არქეოპოლისმა" მიიღო საერთო ჯამში 12 730 684 ლარი, ხოლო შპს „ინდიკომ" 5 384 176 ლარი. ამავე ინფორმაციით, კომპანიები უმეტეს შემთხვევაში ან ერთადერთი მონაწილეები იყვნენ ან ერთმანეთს უწევდნენ „კონკურენციას", ზოგიერთ შემთხვევაში კი მათ დაკვეთა გამარჯვებული კომპანიის დისკვალიფიკაციის გზით მიიღეს. ნაციონალურ მოძრაობაში მიაჩნიათ, რომ ყოველივე ეს ეჭვს აღძრავს ბიძა-ძმისშვილს შორის გარიგების არსებობასა და ქართული ოცნების რეგიონულ ლიდერის მიმართ სატენდერო კომისიების „ხელოვნურ" მხარდაჭერაზე.

ამის მაგალითად ნაციონალურ მოძრაობაში სენაკის, აბაშისა და მარტვილის მუნიციპალიტეტში გამოცხადებული გზის საფარის ტენდერები მოჰყავთ:

„სენაკსა და მარტვილში საარჩევნო შტაბის უფროსის კომპანია ერთადერთი მონაწილეა, ხოლო აბაშაში მას „კონკურენციას" საკუთარი ძმისშვილი უწევს. გამომდინარე გამოცდილებიდან, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დემურ გადელია თავისი ფირმის ბიუჯეტს კიდევ 3,5 მილიონი ლარით შეავსებს. ლოგიკურია, გავიხსენოთ 90-იანი წლები, როდესაც კორუფციული გარიგებების შედეგად თანხები ბიუჯეტის ნაცვლად სახელმწიფო ბიუროკრატიის, ამ შემთხვევაში ქართული ოცნების მიერ ჩამოყალიბებული ქვეყნის მართვის ოლიგარქიულ/კორუფციული სქემის წარმომადგენელი არაუფლებამოსილი პირების ჯიბეში მიდიოდა", - ნათქვამია პარტიის განცხდებაში.

კომენტარები